უნიკალური შემთხვევა ფსიქიატრიის ისტორიაში: ვინ იყო 22 წლის ბიჭი, რომლის სხეულში 24 პიროვნება ცხოვრობდა

უნიკალური შემთხვევა ფსიქიატრიის ისტორიაში: ვინ იყო 22 წლის ბიჭი, რომლის სხეულში 24 პიროვნება ცხოვრობდა

ტერმინი "პიროვნების დისოციაციური აშლილობა" - ადამიანის ცნობიერებაში რამდენიმე ცალკეული პიროვნების არსებობას ნიშნავს, როცა გარკვეულ მომენტში ნებისმიერს შეუძლია "საერთო სხეულზე" კონტროლის მოპოვება. მონაცემებით, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში ამგვარი აშლილობით მოსახლეობის დაახლოებით 1-დან 5%-მდე იტანჯება, რომელთაც ჩვეულებრივ, ერთი ან ორი დამატებითი "პიროვნება" ჰყავთ, თუმცა ბილი მილიგანის შემთხვევა, რომელიც პირველი და ჯერჯერობით ერთადერთია ფსიქიატრიის ისტორიაში, მართლაც უნიკალურია, რადგან 22 წლის ახალგაზრდას ცნობიერებამ 24 დამოუკიდებელი პიროვნება დაიტია.

ბილი მილიგანის დაკავება

1977 წელს ოჰაიოს შტატის საუნივერსიტეტო ქალაქში სამი გოგონა ემსხვერპლა სექსუალურ ძალადობას. თუმცა, ერთ-ერთი დაზარალებულის ჩვენებით, რომელმაც მოძალადე პოლიციის კართოთეკაში ფოტოზე ამოიცნო, ახალგაზრდა მამაკაცი "სამი წლის გოგონასავით იქცეოდა", ეჭვმიტანილი სწრაფად დააკავეს. მოძალადე ორი წლით ადრე, შეიარაღებული ძარცვისთვის ნასამართლევი, 22 წლის ბილი მილიგანი აღმოჩნდა.

დაკავებისას მილიგანი საკმაოდ უცნაურად იქცეოდა და პოლიციამ ჩათვალა, რომ ის მართლმსაჯულებისგან თავის დასაღწევად სიმულირებდა ფსიქიურ აშლილობას, თუმცა სასამართლო პროცესისთვის მზადებისას, ბრალდებულის დაცვის მოთხოვნით ჩატარებულმა ფსიქიატრიულმა ექსპერტიზამ მილიგანს ჯერ მწვავე შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვა, განმეორებითმა კვლევამ კი, დოქტორ დოროთი ტერნერის ხელმძღვანელობით, უარყო პირველადი დასკვნა და ბილის "პიროვნების მრავლობითი აშლილობის" დიაგნოზი დაუსვა.

შეერთებული შტატების სასამართლო-კრიმინალისტიკის ისტორიაში პირველად აღმოჩნდა ბრალდებულის სკამზე ამგვარი არაორდინალური ადამიანი, რომელიც სასამართლომ შეურაცხადად გამოაცხადა და ბილიც სწრაფად გადაიყვანეს ფსიქიატრიულ კლინიკაში იძულებითი მკურნალობისთვის.

მართალია, ერთი შეხედვით უცნაური არაფერია, რადგან პიროვნების გაორება მეტ-ნაკლებად შესწავლილი დაავადებაა, მაგრამ ფსიქოლოგმა, რომელმაც მილიგანს გამოკვლევა ჩაუტარა, მის გონებაში ჩასახლებული არა ერთი, არამედ სულ მცირე ათი პიროვნება აღმოაჩინა, რომლებიც მონაცველეობით აკონტროლებდნენ საერთო სხეულს და სწორედ ამით აიხსნებოდა მილიგანის ლოგიკას მოკლებული ქცევა და თვალშისაცემი უცნაურობები - შეცვლილი ხმა, მიმიკა და გარეგნობაც კი, რადგან როგორც აღმოჩნდა, სხვადასხვა "პიროვნებას" ასაკი და ეროვნება, ხასიათი და ტემპერამენტი, უნარი და ფუნქციაც განსხვავებული ჰქონდა.

მძიმე ბავშვობა

ფსიქიატრებმა, რომლებიც მილიგანის ძალადობისკენ მიდრეკილების მიზეზს პირველ რიგში მის ბავშვობაში ეძებდნენ, სწრაფად დაადგინეს, რომ ბილი არასრულფასოვან, ნაკლებად წარმატებულ ოჯახში გაიზარდა. მისი მშობლები - დოროთი მილიგანი და ჯონი მორისონი არ იყვნენ დაქორწინებული, რადგან როცა დოროთი პატარა ქალაქ სერკლვილიდან განქორწინების შემდეგ მაიამიში გადაბარგდა და კლუბში მომღერლად დაიწყო მუშაობა, კომიკოსი ჯონი მორისონი უკვე დაქორწინებული იყო და ალკოჰოლსაც ეტანებოდაა, რამდენჯერმე ჰოსპიტალში მოხვდა და მუდმივად ფულს სესხულობდა, რომლის დაბრუნებას არც ფიქრობდა. ოჯახის მდგომარეობა განსაკუთრებით მაშინ დამძიმდა, როცა ჯონიმ თვითმკვლელობა სცადა და ფსიქოტროპულ პრეპარატებს ვისკიც მიაყოლა. მართალია, მედიკოსებმა მოახერხეს მისი გადარჩენა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ მორისონმა თავის მოკვლა ამჯერად მხუთავი აირით სცადა და მიზანსაც მიაღწია.

გაორების პირველი ნიშნები

ჯონის გარდაცვალების შემდეგ, დოროთი სამ შვილთან ერთად სერკლვილში დაბრუნდა და ბილის ისტორიაც სწორედ მაშინ დაიწყო, როცა დოროთიმ ჩალმერ მილიგანი გაიცნო (სწორედ მისი გვარი მიიღო ბილიმ), თუმცა მანამდე საკმაოდ აქტიურად ეძებდა თანადგომას ყოფილ პარტნიორებთან მოზარდი შვილების მოურიდებლად.

დოროთიმ სწრაფად დააკანონა ურთიერთობა მილიგანთან, ბილის ცხოვრებაში კი, ნამდვილი კოშმარი დაიწყო, რადგან როგორც თავად განაცხადა ერთ-ერთ ჩვენებაში, გაუკუღმართებული ჩალმერი ნამდვილი სადისტი აღმოჩნდა და 8 წლის გერი ჯერ თოკით შეკრა, მერე კი, ფარდულში გააუპატიურა. მართალია, ჩალმერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მაგრამ სწორედ გადატანილი სტრესის ფონზე გაჩდნენ პირველი "პიროვნებები". თუმცა, მილიგანის ბიოგრაფის - დენიელ კიზის მტკიცებით "სხვები" - უსახელო ბიჭუნა, კრისტინი და შონი, ბილის ცნობიერებაში ბევრად ადრე - 3-4 წლის ასაკში, მამის თვითმკველობის შემდეგ დაიბადნენ, ასაკის მატებასთან ერთად კი, გამრავლდნენ და ეტაპობრივად დაეუფლნენ ბილის ცნობიერებას.

იხილეთ სიუჟეტი palitranews.ge-ზე

მილიგანის თითქმის ყველა "პიროვნება" განსაკუთრებულ ნიჭს ან უნარს ფლობდა - ზოგი ხატავდა, ზოგი კი, მუსიკით იყო გატაცებული, ამასთანავე, თითოეული მხოლოდ რომელიმე ერთ კონკრეტულ სფეროში ითვლებოდა პროფესიონალად, ყველას ინტელექტის განსხვავებული კოეფიციენტი ჰქონდა და განსხვავებულად აღიქვამდა საკუთარ არსებობას. ერთ-ერთმა "პიროვნებამ" ბნელ ოთახადაც კი აღწერა ბილის შინაგანი სამყარო, სადაც ცენტრში, იატაკზე ლაქად ეცემოდა სინათლის სხივი და სწორედ ამ "ლაქაზე დადგომა" იყო საჭირო მილიგანის ცნობიერებაში შესაღწევად, რაც ყველას არ გამოსდიოდა, რადგან "ლაქას" მეტწილად არტური და რეიჯინი აკონტროლებდნენ.

მკურნალობის პროცესში ფსიქიატრებმა მილიგანის 24-ე და ალბათ უმთავრესი პიროვნება - 26 წლის ე.წ. "მასწავლებელი" აღმოაჩინეს, რომელიც დანარჩენების ერთგვარ ნაკრებს წარმოადგენდა. დახვეწილი იუმორის და სხარტი გონების "მასწავლებელი" ერთადერთი იყო, ვინც ბილი მილიგანის რეალური ისტორია სრულად მოჰყვა და მხოლოდ მან შეეძლო იმ ეპიზოდების გახსენება, რომლებიც "ოჯახის" დანარჩენი წევრებისთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა.

გათავისუფლება

ათწლიანი ინტენსიური მკურნალობის შემდეგ, 1988 წელს ბილის "დაშლილი პიროვნება" "ერთიანად" გამოცხადდა, ყველა ბრალდება მოეხსნა და ფსიქიატრების მფარველობისგანაც განთავისუფლდა. მილიგანი კალიფორნიაში გადაბარგდა, საკუთარი კინოსტუდია Stormy Life Productions დააარსა და მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებაც სცადა. თუმცა, რამდენიე წელიწადში გაკოტრდა და რადგან ახლობლებს მასთან ურთიერთობა არ სურდათ, პენსიონერთა სახლში გადასახლდა, სადაც 2014 წლის 16 დეკემბერს, 59 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა.

იხილეთ სიუჟეტი palitranews.ge-ზე

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს