ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს 86 მოქალაქე დააბრუნეს

ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს 86 მოქალაქე დააბრუნეს

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების ერთობლივი ოპერაციის მონიტორინგი განახორციელა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომელი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაემგზავრა გერმანიის ქალაქ დიუსელდორფისა და საბერძნეთის დედაქალაქ ათენის აეროპორტებში, სადაც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოს 86 მოქალაქის დაბრუნების პროცესს დაესწრო.

დასაბრუნებელი პირები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ესკორტს გერმანიისა და საბერძნეთისა სასაზღვრო პოლიციამ თვითმფრინავის ბორტზე (დიუსელდორფსა და ათენში) გადასცა. პროცესს კოორდინირებას უწევდა ევროპის კავშირის სახელმწიფოთა გარე საზღვრების მართვის ოპერატიული თანამშრომლობის ევროპული სააგენტო „ფრონტექსი“ (FRONTEX).

„დასაბრუნებელი პირების მიღების, შემოწმების და მგზავრობის პროცესის მონიტორინგი უწყვეტად მიმდინარეობდა. დაბრუნების ოპერაციის განმავლობაში რაიმე სახის ინციდენტს ადგილი არ ჰქონია, ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება არ მომხდარა. დადებითად უნდა აღინიშნოს მიგრანტებისათვის თვითმფრინავის ბორტზე საინფორმაციო ბუკლეტების დარიგება, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის შესახებ. აღსანიშნავია, რომ კვლავ პრობლემად რჩება დასაბრუნებელი პირების ოჯახთან სატელეფონო კონტაქტის უზრუნველყოფა. წინა მონიტორინგების მსგავსად, აღნიშნული პირების ტელეფონით სარგებლობის უზრუნველყოფა განხორციელდა მხოლოდ სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ „ფრონტექსის“ წარმომადგენლებისათვის პრობლემის შეტყობინების შემდგომ“, - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ევროკავშირის ტერიტორიაზე უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს 86 მოქალაქე ქვეყანაში 16 აგვისტოს დააბრუნეს.

"ინტერპრესნიუსი"

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს