ადამიანი "ოქროს სისხლით": საოცარი ისტორია ავსტრალიელზე, რომელმაც 2 მილიონი ჩვილის სიცოცხლე იხსნა

ადამიანი "ოქროს სისხლით": საოცარი ისტორია ავსტრალიელზე, რომელმაც 2 მილიონი ჩვილის სიცოცხლე იხსნა

მრავალი წლის წინ ავსტრალიელი ჯეიმს ჰარისონი სიკვდილის პირას იყო. გულის ოპერაცია 10 საათზე მეტხანს გაგრძელდა, ექიმებმა უამრავი ნაკერი დაადეს და დაახლოებით 13 ლიტრი სისხლი გადაუსხეს. ყველაფერი წარმატებით დასრულდა და როცა ყმაწვილი საავადმყოფოდან გამოწერეს, მან მტკიცედ გადაწყვიტა, რომ სისხლის დონორი გახდებოდა, რათა ადამიანებს ისევე დახმარებოდა, როგორც მას დაეხმარნენ. მაგრამ ჯეიმსმა მაშინ არ იცოდა, როგორი ფასეული დონორი იყო ის.

სისხლისა და პლაზმის რეგულარულად ჩაბარება სრულწლოვანების მიღწევიდან დაიწყო. აცხადებს, რომ მოუთმენლად ელოდა, როდის მისცემდნენ ამის საშუალებას. ცოტა ხანში ჯეიმსი ადგილობრივ საავადმყოფოში მიიწვიეს გასაუბრებაზე, სადაც შეიტყო, რომ მისი სისხლი დიდი ოდენობით ანტისხეულებს შეიცავს, რომლებსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს იმ ჩვილების გადარჩენისთვის, ვისაც დედებისგან განსხვავებული რეზუს-ფაქტორი აქვთ.

ცნობილია, რომ თუ დედას უარყოფითი რეზუს-ფაქტორი აქვს, ხოლო ჩვილს - დადებითი, ამასთან, დედის სისხლის ანტისხეულები აქტიურია, მაშიც ხდება რეაქციები, რომლებსაც სხვადასხვა უარყოფითი შედეგი მოსდევს - სიყვითლიდან დაწყებული, ნაყოფის დაკარგვით დასრულებული. ჯეიმსის სისხლში განსაკუთრებული ანტისხეულები აღმოაჩინეს, რომელთა საფუძველზე იმუნოგლობულინის ვაქცინის წარმოება დაიწყეს. ავსტრალიელის ორგანიზმში მათ წარმოშობას ექიმები სისხლის გადასხმებს უკავშირებენ, რომლებიც ბავშვობაში ჩაუტარდა.

ერთი სიტყვით, ჯეიმსისთვის დონორობა მთელი ცხოვრების საქმედ იქცა. მისი პლაზმა იმდენად ფასეული აღმოჩნდა, რომ ავსტრალიურმა მთავრობამ ჯეიმსის ცხოვრება 1 მილიონ დოლარად დააზღვია!

ახლა ჯეიმსი 80 წლისაა. პლაზმას კვირაში 3-ჯერ აბარებს. 2011 წლის მაისში მან მეათასედ გააკეთა ეს და გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა. დაახლოებითი გამოთვლით, მამაკაცმა 2 მილიონი ჯერ კიდევ არდაბადებული ჩვილის სიცოცხლე იხსნა, მათ შორის, საკუთარი ქალიშვილის...

27 დეკემბერს ავსტრალიაში ღრმად პატივცემულ ამ ადამიანს 81 წელი შეუსრულდება. ნაციონალური კანონები კრძალავს ამ ასაკში დონორობას. საბედნიეროდ, ამჟამად ექიმებმა უკვე აღმოაჩინეს ალტერნატიული მეთოდები, 2015 წლამდე კი ავსტრალიაში ყველა ანტირეზუსული პრეპარატი ჯეიმს ჰარისონის პლაზმისგან მზადდებოდა.

მოამზადა დუდანა ზაქარაიამ

AMBEBI.GE

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს