ქვეყანა, რომელზეც არაფერი გსმენიათ - 33 მოქალაქეს შორის რამდენიმე ძაღლია

ქვეყანა, რომელზეც არაფერი გსმენიათ - 33 მოქალაქეს შორის რამდენიმე ძაღლია

ოდესმე გსმენიათ რამე პატარა ქვეყანაზე, რომელსაც მოლოსია ჰქვია? ქვეყანას სულ 33 მოქალაქე ჰყავს (მათ შორის არის რამდენიმე ძაღლი). მოლოსიაში ცხოვრობს კატაც, თუმცა მას მოქალაქეობა არ მისცეს, რადგან პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კატა სანდო არ არის.

მოლოსია დაარსებიდან 40 წელს აღნიშნავს, მისი პრეზიდენტი კი კევინ ბაფია.

მოლოსიას საკუთარი ვალუტა და კანონები აქვს, იმის მიუხედავად, რომ აშშ-ში, ნევადაში მდებარებს.

ქვეყნის შექმნის იდეა ბაფს და მისი სკოლის მეგობარს ჯეიმს შპილმანს ეკუთვნით. მეგობრებმა 1977 წელს შექმნეს საკუთარი ქვეყანა. შპილმანი მეფედ "აკურთხეს", ბაფი კი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო.

როდესაც მეგობრები გაიზარდნენ, შპილმანი საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა, თუმცა ბაფი მოლოსიაში დარჩა და საკუთარი თავი პრეზიდენტად გამოაცხადა. 54 წლის ბაფი ამბობს, რომ მოსწონს დიქტატორად ყოფნა.

მოლოსია ძალიან პატარა თვითგამოცხადებული ქვეყანაა, თუმცა მისი სუვერენიტეტი არცერთ ქვეყანას არ უცნია.

მოსახლეობის ნაწილი ახლა ამერიკის სხვადასხვა შტატში ცხოვრობს, მოლოსიაში კი ამჟამად მხოლოდ 4 ადამიანი - ბაფი, პირველი ლედი ადრიენი, მათი ორი უმცროსი შვილი და ოთხი ძაღლი ცხოვრობენ.

ბაფი განმარტავს, რატომ არ აძლევს მოქალაქეობას საკუთარ კატას:

"კატები ძალიან არასანდო ცხოველები არიან. ამასთან, ჩვენი კატა მკვლელია, თაგვების გარდა თავს ესხმის კურდღლებს, ხვლიკებს და ჩიტებს. ეს კი საკმარისი მიზეზია, რომ მისთვის მოქალაქეობის მიცემაზე უარი თქვა".

ქვეყნის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დიქტატურა ყოველთვის ცუდი არ არის. დროშა სამი ფერისგან შედგება და ბაფის განმარტებით, ცისფერი ცის სიმბოლოა, თეთრი - მთების, მწვანე კი - უდაბნოსი.

"ყოველთვის ვამოწმებ, რომ დროშა აღმართული იყოს. ჩვენ უამრავი ვიზიტორი გვყავს და მინდა, მათ ჩვენი დროშა დაინახონ," - აცხადებს ბაფი.