დაიცავით პირადი ინფორმაცია ფეისბუქში - ეს წესები ყველამ უნდა იცოდეს

დაიცავით პირადი ინფორმაცია ფეისბუქში - ეს წესები ყველამ უნდა იცოდეს

Facebook საქართველოში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 2 მილიონზე მეტი Facebook ანგარიშია დარეგისტრირებული, ხოლო სოციალური ქსელების მომხმარებელთა 79% სულ მცირე კვირაში ერთხელ მაინც ამოწმებს Facebook-ს.

Facebook-ის მოხმარებას, სარგებლის გარდა, თან გარკვეული რისკებიც ახლავს. ბოლო მონაცემებით, 83 მილიონი ყალბი Facebook ანგარიში არსებობს. ასეთი ანგარიშები ხშირ შემთხვევაში იდენტობის დაფარვის, ან ინფორმაციის ანონიმურად გავრცელების მიზნებით გამოიყენება. მათი არსებობა სოციალური ქსელის გამოყენების რისკს საგრძნობლად ზრდის, რადგან ყალბი ანგარიშის მფლობელს შეუძლია მარტივად მიითვისოს თქვენი იდენტობა, დაუმეგობრდეს თქვენსავე მეგობრებს და მათგან თქვენივე პირადი ინფორმაცია გამოითხოვოს.

საბედნიეროდ, Facebook ითვალისწინებს ამ და სხვა რისკებს და აძლევს მომხმარებელს არაერთ საშუალებას, აკონტროლოს საკუთარი უსაფრთხოების პარამეტრები. მაგალითად, Facebook-ზე განსაკუთრებულად მოწყვლადი სეგმენტისთვის - მოზარდებისთვის - სპეციალური უსაფრთხოების პორტალია შექმნილი. თუმცა, სამწუხაროდ, ცოტამ თუ იცის ამ საშუალებების შესახებ.

IDFI-მ მოამზადა Facebook უსაფრთხოების გზამკვლევი, რომელიც დაგეხმარებათ პირადი ინფორმაციის დაცვაში.

მოერიდეთ საეჭვო ჯგუფებში გაწევრიანებას

თუ ჯგუფი საეჭვო საქმიანობას, ან ამგვარი საქმიანობის აგიტაციას ეწევა, საკმარისი საფუძველია, არ გაწევრიანდეთ მასში. თუ თქვენ არ იცით, ვინ არის ჯგუფის ადმინისტრატორი, ან ზუსტად რა მიზანი აქვს მას, ნურც ამ შემთხვევაში გაწევრიანდებით ამ ჯგუფში. თუ თავად მართავთ ჯგუფს და არ გსურთ, ჯგუფის აქტივობა ყველასთვის თვალსაჩინო იყოს, აქციეთ დახურულ, ან - საიდუმლო ჯგუფად. ამგვარ ჯგუფში განთავსებულ ინფორმაციაზე წვდომა მხოლოდ ჯგუფის წევრებს ექნებათ.

პაროლის უსაფრთხოება - რამდენიმე მარტივი რჩევა

  • გამოიყენეთ გრძელი პაროლები, არანაკლებ 8 სიმბოლო;
  • პაროლის შექმნისას, შეეცადეთ, დაეყრდნოთ სიმბოლოების შემთხვევითი შერჩევის მეთოდს;
  • შეეცადეთ, პაროლში გამოიყენოთ არასტანდარტული სიმბოლოები, მაგალითად - სასვენი ნიშნები;
  • პერიოდულად ცვალეთ თქვენი პაროლები, მაგალითად, სამ თვეში ერთხელ;
  • არ გაუზიაროთ თქვენი ანგარიშის პაროლი სხვებს;
  • სუსტი პაროლი password, ძლიერი პაროლი ”s$ap_15w*8d~;
  • თქვენი პაროლის შესამოწმებლად, შეგიძლიათ, გამოიყენოთ www.passwordmeter.com

მონიშვნის უფლება

გააკონტროლეთ, ვის აქვს თქვენს პირად გვერდზე თქვენივე პირადი ინფორმაციის გაზიარების და თქვენი ამა თუ იმ ფოტოზე მონიშვნის უფლება. ამ ფუნქციის გასააქტიურებლად გადადით პარამეტრების განყოფილებაში, აირჩიეთ ქრონოლოგია და მონიშვნა, თითოეულ ველში მონიშნეთ აუდიტორია.

ონლაინ რეკლამის თავიდან აცილება

Facebook ძირითად შემოსავალს რეკლამიდან იღებს, ამიტომ რეკლამების სამიზნე აუდიტორიის უკეთესად შესარჩევად ის მომხმარებლების ონლაინ მოქმედებების დაკვირვების უფლებას იტოვებს. თუ არ გსურთ, რომ ”ფეისბუქმა” შეინახოს ინფორმაცია იმ ვებგვერდების შესახებ, რომელსაც სტუმრობთ, გამოიყენეთ ”ინკოგნიტო ფანჯარა” (Incognito Window), რაც ყველა ბრაუზერს აქვს. ეს ფანჯარა არ ინახავს ისტორიას და დახურვის შემდეგ შლის თქვენს მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას.

მოერიდეთ საეჭვო ბმულებზე გადასვლას

თუნდაც ის სანდო მეგობარმა გამოგიგზავნოთ. შესაძლოა, თქვენი მეგობრის ანგარიში იყოს გატეხილი და ავტომატურად აგზავნიდეს ვირუსის შემცველ ბმულებს. ასევე, არ გახსნათ Facebook ჯგუფებში ან გვერდებზე დადებული საეჭვო ბმულები.

Messenger მიმოწერის უსაფრთხოება

სმარტფონებზე თქვენ დაინსტალირებული გაქვთ, როგორც Facebook-ის ისე მესენჯერის აპლიკაციები, თუმცა Facebook-იდან გამოსვლით მესენჯერი ჩართული რჩება. შესაბამისად, თუ ვინმე თქვენს ტელეფონს აიღებს, მას მთელი თქვენი მიმოწერის ნახვა შეეძლება.

Facebook Messenger-იდან გამოსვლის ინსტრუქცია IOS-ის მაგალითზე

1. გახსენით Facebook აპლიკაცია;

2. Facebook-ის მარჯვენა ქვედა კუთხეში არსებული მენიუს საშუალებით აირჩიეთ პარამეტრები;

3. აირჩიეთ "Account Settings", შემდეგ კი - "Security" (ან "Security and Login");

4. აირჩიეთ "Active Sessions" > "Facebook Messenger" შემდეგ კი - "Log Out".

Facebook Messenger-იდან გამოსვლის ინსტრუქცია Android-ის მაგალითზე

1. გადადით თქვენი სმარტფონის პარამეტრების განყოფილებაში;

2. აირჩიეთ "Apps";

3. აირჩიეთ Messenger აპლიკაცია;

4. Android 6.0 ვერსიის შემთხვევაში ეკრანზე გამოჩნდება "Storage";

5. მონიშნეთ იგი და აირჩიეთ "Clear Data", შემდეგ კი - "Ok".

წყარო IDFI

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს