"მე ვარ ტანია, 10 წელი რელიგიური ექსტრემისტი ვიყავი" - როგორ დააღწია თავი ქალმა სირიას

"მე ვარ ტანია, 10 წელი რელიგიური ექსტრემისტი ვიყავი" - როგორ დააღწია თავი ქალმა სირიას

"მე მქვია ტანია ჯორჯელასი, 10 წლის განმავლობაში რელიგიური ექსტრემისტი ვიყავი. ჩემი ქმარი "ისლამური სახელმწიფოს" წევრი გახდა, მე კი ახლა ვცდილობ, მათ იდეოლოგიას დავუპირისპირდე" - ახალგაზრდა ქალმა "ბიბისისთან" საკუთარი ცხოვრების შესახებ გულწრფელად ისაუბრა.

ტანიამ სკოლა ლონდონის საშუალო სოციალური ფენის მოსახლეობით დასახლებულ გარეუბანში დაამთავდა.

"რელიგიით 17 წლის ასაკში დავინტერესდი. მინდოდა იდენტობა შემეცვალა, გავმხდარიყავი მორწმუნე. რელიგია დამეხმარა, თავი დამემკვიდრებინა გარკვეულ საზოგადოებაში, რომელმაც მიმიღო..." - ამბობს ტანია.

20 წლის ასაკიდან გოგონას სხვადასხვა რადიკალურ ჯგუფთან ჰქონდა ურთიერთობა. მათ ტანიას შეხედულებები სამყაროზე საფუძვლიანად შეცვალეს. ისლამისტებმა მას უამბეს, როგორ "სასტიკად ექცევიან მუსულმანებს" და დააჯერეს, რომ რელიგიას დაცვა სჭირდება და ჯიჰადი სწორედ ისლამის დაცვაა.

მოგვიანებით ტანია ამერიკელ ისლამისტზე, ჯონ ჯორჯელასზე დაქორწინდა.

ქალს სურდა, გაეზარდა შვილები, რომლებიც მოჯაჰედები იქნებოდნენ და იბრძოლებდნენ. 2011 წელს წყვილი საცხოვრებლად ეგვიპტეში გადავიდა, ჯონი იმედოვნებდა, რომ ეგვიპტე იდეალური ადგილი იქნებოდა, შვილები ჯიჰადისტებად გაეზარდა. თუმცა ტანიას საკუთარ იდეოლოგიასთან დაკავშირებით ეჭვები სწორედ ამ პერიოდში გაუჩნდა.

"ერთ დღეს ჩემი ერთ-ერთი შვილი მოვიდა სახლში და ხელში ყუმბარა ეჭირა, სწორედ მაშინ მივხვდი, რომ არ მინდოდა, ჩემი შვილების ხელში იარაღი დამენახა," - ყვება ტანია.

თუმცა, ის მაინც დაეთანხმა ჯონს, 2013 წელს საცხოვრებლად სირიაში გადასულიყვნენ. იმ პერიოდში ტანია მეოთხე შვილზე იყო ორსულად.

ჯორჯელასი იხსენებს, რომ სირიაში ცხოვრება კოშმარი იყო, მუდმივად ისროდნენ, სახლს არცერთი ფანჯარა არ ჰქონდა მთელი, ბავშვების გამო ძალიან ნერვიულობდა და გადაწყვიტა, ქმარს დაშორებოდა. ჯონმა მისი გადაწყვეტილება მშვიდად მიიღო, ცოლსა და შვილებს სირიიდან წასვლაში დაეხმარა, თვითონ კი "ისლამური სახელმწიფოს" წევრი გახდა.

"მითხრა, რომ თუ 6 თვის მანძილზე არ შემეხმიანებოდა, ე.ი. გარდაცვლილი იქნებოდა. არ შემხმიანებია..." - ამბობს ტანია.

ჯორჯელესი შვილებთან ერთად ახლა აშშ-ში, ტეხასში ცხოვრობს, მან ისლამზე უარი თქვა და სხვადასხვა რელიგიას სწავლობს.

ტანიამ გადაწყვიტა, დაუპირისპირდეს იდეოლოგიას, რომელმაც მას ცხოვრების 10 წელი წაართვა, ესაუბროს ყველას, ვისაც ჰგონია, რომ ჯიჰადი საჭიროა.

"ამერიკამ მომცა მეორე შანსი, გავაგრძელო აქ ცხოვრება, რადგან ძალიან ვნანობ ჩემს არჩევანს, განსაკუთრებით, როცა საქმე შვილებს ეხება... მე არ ჩამიდენია არანაირი ძალადობა, ჩემთან ცხოვრების დროს არც ჯონს უძალადია, ან მოუკლავს ვინმე," - განაცხადა ტანიამ.

ის ფიქრობს, რომ აუცილებელია, ექსტრემისტებს მიეცეთ საშუალება, მიიღონ ნორმალური განათლება, იგრძნონ თავი საზოგადოების წევრებად.

"ჯიჰადისტებს უნდა მოვუსმინოთ, რადგან ჩვენ თუ არ გვეცოდინება მათი არგუმენტები, რომელიც ძალიან სუსტია, არ გვექნება საშუალება, ვიმსჯელოთ მათ მრწამსზე და უარი ვათქმევინოთ იდეოლოგიაზე. ცოდნა ადამიანებს გაათავისუფლებს იდეისგან, რომ ომსა და ჯიჰადს პროგრესი მოაქვს," - მიიჩნევს ყოფილი ექსტრემისტი.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს