შრიფტი
09:11 / 07-12-2017
ვიქტორია და აბდული - ბრიტანეთის დედოფლისა და ინდოელი მსახურის თითქმის დაუჯერებელი ამბავი
ეს თითქმის დაუჯერებელი ამბავი, სიმართლეა. მის საფუძველზე ბევრი დაწერილა და ფილმებიც გადაუღიათ. თვალი გავადევნოთ, როგორ მოხდა ეს ამბავი და რა აკავშირებდა ბრიტანეთის დედოფალს მისთვის ინდოეთიდან ჩაყვანილ მოსამსახურე აბდულ კარიმთან.

აბდულ კარიმი დიდი ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიას (1819-1901) მოსამსახურედ 1887 წელს ჩაუყვანეს ინდოეთიდან. ის მოკლე ხანში იქცა დედოფლის ნდობით აღჭურვილ პირად და ინდოეთის საკითხებში მრჩევლად. დედოფალზე 44 წლით უმცროსი აბდულ კარიმი იშვიათი სილამაზის, მოხდენილი მუსლიმანი იყო. როგორ მოხდა, რომ ბრიტანეთის კოლონიის, ამასთან, უმდაბლესი სოციალური ფენის წარმომადგენელი, ინგლისის
დედოფლის ფავორიტი გახდა?

...ჰერცოგი საქსენ-კობურგ-გოტა და ბრიტანეთის ფელდმარშალი, დედოფლის მეუღლე პრინცი ალბერტი 1861 წელს გარდაიცვალა. ვიქტორია კარგა ხანს ვერ მოვიდა გონს. დიდხანს გლოვობდა ქმარს - ძაძებში დადიოდა, მუდამ დამწუხრებული იყო, სასახლიდან იშვიათად გამოდიოდა და პარლამენტში სესიის დაწყების დროსაც კი, როგორც ამას ტრადიცია მოითხოვდა, არ ჩნდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ საძინებელ ოთახში ალბერტის ბიუსტი ედგა და საწოლში მისი გაშლილი პიჟამოს გვერდით ეძინა, ბოროტი ენები მაინც ამბობდნენ, რომ სხვა მამაკაცის მიმართ გულგრილი არ ყოფილა. ეს გახლდათ მისი შოტლანდიელი მოსამსახურე ჯონ ბრაუნი.

ძნელია ხელაღებით მტკიცება, რომ ვიქტორიას ბრაუნთან ურთიერთობა ბოლომდე პლატონური არ ყოფილა. თუმცა ბრაუნი თავს უფლებას აძლევდა, დედოფლისთვის მხარზე ხელი წამოერტყა და "დედაკაცი" ეწოდებინა. ზოგიერთი მას დედოფლის საყვარლად და ფარულ ქმრადაც კი მიიჩნევდა. როცა ლონდონის ქუჩებში სამეფო ეტლი გაივლიდა, ხალხი ამბობდა: "ქალბატონი ბრაუნი!"

დედოფალი ვიქტორია ქმარ-შვილთან ერთად



შოტლანდიელი მოსამსახურე ოცი წლის განმავლობაში იყო დედოფლის ფავორიტი. მას არამარტო ვიქტორია, არამედ გარშემო მყოფნიც ღირსეულ ადამიანად მიიჩნევდნენ. ის მართლაც ერთგული იყო ქვრივი მონარქისა. როცა ჯონ ბრაუნი გარდაიცვალა, დედოფალი უკვე 64 წლის იყო. რამდენიმე წლის შემდეგ მისი ფავორიტი ინდოელი მოსამსახურე, ჭაბუკი აბდულ კარიმი გახდა. იყო თუ არა ეს მხოლოდ მეგობრობა? ამაში ისტორიკოსების ნაწილი დარწმუნებული არ არის.

ამ ამბით დაინტერესდა სამზარეულო წიგნების ავტორი შრაბანი ბასუ. მწერალ ქალს კარგა ხანს ვერ გაეგო, როგორ ხდებოდა, რომ ვიქტორიას სასახლის კარზე ძალიან ხშირად, ზოგჯერ ყოველდღეც კი, მიირთმევდნენ ეგზოტიკურ საჭმელს - ინდურ კარის. ბოლოს, მას შემდეგ, რაც ბასუ ვიქტორიას მსახურის დღიურებს გაეცნო, მიხვდა, რომ ამ "სამზარეულო რევოლუციის" ავტორი იყო ჰინდუსი მსახური აბდულ კარიმი, რომელიც სამეფო კარზე 1887 წელს ჩაიყვანეს. მას სადილების მომზადება ევალებოდა. ამასთან ერთად შეძლო, დედოფლის გულიც მოენადირებინა და მისი საგანგებო მრჩეველი გამხდარიყო ინდოეთის საკითხებში.

...მაშინ ვიქტორია 68 წლისა იყო, 24 წლის მუსლიმი ინდოელი კი თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა. დედოფალთან შეხვედრისას თავს თითქმის მიწამდე ხრიდა და ფეხებს უკოცნიდა. "რა ძალა და ნებისყოფა უნდა ჰქონოდა დედოფალს, რომ მას არ დანებებოდა?!" - კითხულობს პროფესორი ჯონ რიდლი, ვიქტორიანული ეპოქის მკვლევარი.

კარიმმა უმოკლეს დროში გაიკეთა თავბრუდამხვევი კარიერა. ერთი წელიწადიც არ იყო გასული, რომ მოსამსახურეთა სახლიდან პარკში, სასახლეზე მიშენებულ მდიდრულ ნაგებობაში საცხოვრებლად გადასვლის უფლება მისცეს. მალე ოსბორნის სასახლეში გადასახლდა (ოთახში, რომელიც ადრე ჯონ ბრაუნს ეკავა). დედოფალმა იმის ნებაც კი დართო, რომ კარიმს უინძორების სასახლეში მისთვის საძულველი წყლის ჩიბუხი გაებოლებინა.

ცხადია, როცა საგანგებოდ მომზადებულ-შეკაზმულ კარის ვახსენებთ, სრულიადაც არ ვგულისხმობთ, რომ მას რაღაც მაგიური გემო ჰქონდა. ახალგაზრდა (ამასთან, ორცოლიანი) ინდოელი დედოფალ ვიქტორიას ინდურ ენასა და ფილოსოფიას ასწავლიდა, არკვევდა ინდურ მითოლოგიაში... "მისი სახით დედოფალმა იპოვა ადამიანი, ვისაც ენდობოდა. კარიმს ანდობდა თავის წუხილს, შვილებთან ურთიერთობისას წარმოქმნილ პრობლემებს, ესაუბრებოდა თავისი მარტოობის შესახებ. ეს იყო ემოციებით დატვირთული ურთიერთობა, რომელსაც რამდენიმე "დონე" ჰქონდა: დედისა და ვაჟიშვილისა, ასევე ახალგაზრდა ინდოელი მამაკაცისა და მამაკაცთან ურთიერთობას მოწყურებული სამოც წელს გადაცილებული ქალისა", - ხაზგასმით წერს შრაბანი ბასუ, ავტორი წიგნისა "ვიქტორია და აბდული".

ამ ყველაფერთან ერთად, ყოველდღიურმა ინტენსიურმა მეცადინეობამ ის შედეგი მოიტანა, რომ ერთი წლის შემდეგ ვიქტორია უკვე თავისუფლად ლაპარაკობდა კარიმის ენაზე.

...კარიმის დღიურიდან, რომელმაც ვიქტორიას გარდაცვალების შემდეგ ინდოეთში ჩააღწია, ვიგებთ, რომ დედოფალს განსაკუთრებით სასიყვარულო ტერმინების სწავლა აინტერესებდა. სურდა, სცოდნოდა, როგორ გამოითქმოდა ჰინდისა და ურდუს ენაზე მაგალითად, "მომეხვიე" და "ძალიან მომენატრე". ენის შესასწავლი მეცადინეობები წლების განმავლობაში გრძელდებოდა. სასახლის კარის გასაკვირად, კარიმს შეეძლო დედოფალთან სახალხოდ ელაპარაკა ენაზე, რომელიც ყველა იქ მყოფისთვის გაუგებარი იყო. ცხადია, ეს ათასგვარ ეჭვსა და ჭორს იწვევდა.

კარიმისადმი გაგზავნილ წერილებს ვიქტორია ხშირად ხელს ასე აწერდა: "შენი დედა". მათი ურთიერთობა - იქნებ პლატონურიც - ძალიან მჭიდრო იყო, დედოფალი კარიმს დღეში ექვს წერილს უგზავნიდა, მრავალ საათსაც ერთად ატარებდნენ. სასახლის კარი დედოფალს გაფაციცებით ადევნებდა თვალს. კარიმს ბოროტად "ჯონ ბრაუნის მოადგილეს" უწოდებდნენ. დედოფალი მოსამსახურისთვის საჩუქრებს არ იშურებდა, მას პირადი ეტლი ემსახურებოდა.

ინდუსიც არ მალავდა ამბიციებს და სულ მაღლა და მაღლა მიიწევდა. თანაც გავიხსენოთ, რომ კარიმი მუსლიმანი იყო და ეს ხდებოდა XIX საუკუნეში. მონარქის ფავორიტი არ მალავდა თავის რწმენას და არცთუ იშვიათად დადიოდა უოკინგში, ინგლისში აგებულ პირველ, შაჰ ჯაჰანის მეჩეთში. გავრცელდა ხმა, რომ ინდუსი მუსლიმანი ჯაშუში იყო, რომელიც დედოფალ ვიქტორიას ზურგს უკან ბრიტანეთის საიდუმლო დოკუმენტებს კითხულობდა... ამას გარდა, კარიმმა ინდოეთიდან თავისი ორივე ცოლი და სიდედრები ჩამოიყვანა, რომლებიც ოსბორნის ბაღებში არხეინად დასეირნობდნენ. მართალია, დიდ ბრიტანეთს მაშინ უკვე ჰყავდა თავისი პირველი ინდური წარმოშობის დეპუტატი, მაგრამ მუსლიმანური სამოსი ეგზოტიკურ გამონაკლისს წარმოადგენდა.

სიცოცხლის მიწურულს დედოფალს სურდა, თავისი მსახურისთვის კეთილშობილური ტიტული ებოძებინა. მაგრამ კარიმი ძველებურად უბრალო "მისტერად" დარჩა. დედოფლის ამ სურვილს განსაკუთრებით წინ აღუდგა სასახლის ექიმი ჯეიმს რეიდი, რომელმაც ეჭვი გამოთქვა, რომ ასეთი თამამი გადაწყვეტილება გამოიწვევდა ხალხის მოთხოვნას, გამოეკვლიათ ვიქტორიას გონებრივი სრულფასოვნება. "ასეთ მოთხოვნას მე წინ ვერ აღვუდგები და იძულებული გავხდები, სათანადო ცნობა გავცე", - განაცხადა მან. დედოფალსაც სხვა არ გზა ჰქონდა და უკან დაიხია.

ინდოელი ვენერიული სენით დაავადდა, თუმცა იმ ეპოქაში ეს ხშირად ლორდებსაც ემართებოდათ და არავის უკვირდა. ისიც გაირკვა, რომ ინდოელი კეთილშობილი გვარის წარმომადგენელი კი არ იყო, როგორც თავად აცხადებდა, არამედ ციხის რიგითი ექიმის ვაჟი. ეს საბუთები მოიპოვა ბრიტანეთის დაზვერვამ, რომელსაც მთავრობამ კარიმის ბიოგრაფიის შესწავლა დაავალა. თუმცა ისიც დადგინდა, რომ კარიმი არც ერთი სადაზვერვო სამსახურის ჯაშუში არ ყოფილა. მოხსენება დედოფალმაც წაიკითხა და შეიტყო, რომ მისი უცხო ენის მასწავლებელი და სულიერი მოძღვარი ყოველთვის სიმართლეს როდი ამბობდა.

ვიქტორიას გარდაცვალებისთანავე, მისმა ვაჟიშვილმა და მემკვიდრე ალბერტ-ედვარდმა დაუყოვნებლივ გასცა ბრძანება "რასობრივად არასუფთა" მსახურისა და მრჩევლის წერილებისა და ფოტოების განადგურების თაობაზე. კარიმი მალევე გააგდეს ლონდონიდან.
მებაჟეებმა კარიმის ბარგში მის მიერ დაწერილი დღიურები ვერ შენიშნეს. ეს დოკუმენტები კარიმის ოჯახმა საგულდაგულოდ შეინახა 1908 წელს კარიმის გარდაცვალების შემდეგაც. ბოლოს დღიურები ყარაჩიში, დღევანდელ პაკისტანში აღმოჩნდა (ბრიტანეთის ინდოეთის 1947 წელს გაყოფისას პაკისტანში 7 მილიონამდე მუსლიმანი გადასახლდა).

1901 წელს ვიქტორიას დაკრძალვის ცერემონიალს, მისი უკანასკნელი დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, კარიმი არ დასწრებია. ის სასახლის კარზე ზიზღსა და სიძულვილს იწვევდა. ეს გადაწყვეტილება ვიქტორიას ვაჟმა, უკვე მეფე ედუარდ VII-მ მიიღო. მას სურდა შეექმნა დედა-დედოფლის მონოლითური სახება, რომელიც თავისუფალი იქნებოდა "უცხო მინარევებისგან".

ვიქტორიას მემკვიდრემ, მეფე ედუარდმა 1910 წლამდე იცოცხლა და მისი დაკრძალვისას პარტნიორი ქალებისგან იმდენი წერილი თუ საჩუქარი მოგროვდა, რომ კუბოში ტევა აღარ იყო. მასთან შედარებით ვიქტორია მონაზვნად გამოიყურებოდა. ამბობდნენ, რომ ედუარდს ათასზე მეტი საყვარელი ჰყავდა, ასევე ფლობდა საროსკიპოს პარიზში. როცა გარდაიცვალა, მისმა ერთგულმა მეუღლემ, დედოფალმა ალექსანდრამ, დანიელმა პრინცესამ ასე დაიტირა: "ახლა უკვე ნამდვილად ვიცი, სად ვეძებო". ასე დასრულდა ვიქტორიანული ეპოქა...

მოამზადა ამბროსი გრიშიკაშვილმა
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი "ისტორიანი"
11:02 / 08-12-2017
SS
0
ქიერიმას არ ეტყობა რა მუზმუზელაც იყო?
:DDDDDDDDDDD
17:08 / 07-12-2017
ციციკორე კორკოტაშვილი
0
აუცილებლად მიმაჩნია, ჩვენმა პარლამენტმა სასტიკად დაგმოს დიდი ბრიტანეთის კარზე მომხდარი ეს უმძიმესი დანაშაული, გამოიტანოს შესაბამისი დადგენილება და ორგანიზება გაუწიოს პატრიოტული ძალების მარშიროვკას!!!

მსგავსი სიახლეები
დედოფალ ვიქტორიას საკულტო ქორწილი, რომელმაც "თეთრი კაბის" კულტურა დაამკვიდრა
როგორც ცნობილია, ჯორჯ ვაშინგტონს მთელი ცხოვრება კბილების ტკივილი ტანჯავდა. ამიტომ  (ფოტოგალერეა)
ფოტოგალერეა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
21:31 / 13-12-2017  Image სტამბოლში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
ქალბატონი ბლაგვი საგნის ჩარტყმით არის მოკლული
13:35 / 13-12-2017  Image პრემიერი გაჩეჩილაძეს პასუხობს - თუ ბრალდებები არ დადასტურდა, გამობრძანდეს და ბოდიში მოიხადოს
"თუ დადასტურდება, მზად ვარ დავტოვო თანამდებობა"
13:45 / 13-12-2017  Image საცხოვრებელ კომპლექს "მწვანე ალმასში" უპრეცედენტო 20%-იანი ფასდაკლება დაიწყო!
ახალი წელი სასიამოვნო სიახლეებთან ერთად, ფასდაკლებებთან ასოცირდება. 
16:40 / 13-12-2017  Image ყოფილი პოლიციელი - როცა დაჭრილი ამირან რობაქიძე დაეცა, მასთან ავტომატი არ დამინახავს, იარაღი არავის ჰქონია - ამხელა ავტომატი თუ ვერ დავინახე, მაშინ დავრბმავებულვარ
"ახლა რომ რეჟიმი იყოს, ციხეში იჯდებოდი დიდი ხნის წინ"
13:11 / 13-12-2017  Image შესაძლოა, "ფრესკომ" ბაზარი დატოვოს - სუპერმარკეტების ქსელში პროდუქციის მუდმივი დეფიციტია
ბაზარზე მრავლად არიან როგორც ადგილობრივი, ასევე, უცხოური კომპანიები,

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49