მარკ ტვენის აქმდე უცნობი ხელნაწერი ნიუ-იორკში 17 ივნისს გამართულ აუქციონზე 242 ათას დოლარად გაიყიდა, იტყობინება სააუქციონო სახლ Sotheby's-ის ოფიციალური ვებ-გვერდი.
65-გვერდიან ხელნაწერს, რომელიც მწერლის ახალგაზრდობის შესახებ მოკლე მოთხრობებისა და ესეებისგან შედგება, "ოჯახური ჩანახატი" ეწოდება და მარკ ტვენის ქალიშვილს - სიუზის ეძღვნება. სიუზი 24 წლის ასაკში მენინგიტისგან გარდაიცვალა.
ვაჭრობის დაწყებამდე "ოჯახური ჩანახატის" გაყიდვას აუქციონის ორგანიზატორები 120-160 ათას დოლარად ვარაუდობდნენ. ხელნაწერის ახალი მფლობელის ვინაობა არ ხმაურდება.
"ოჯახური ჩანახატი" იმ დოკუმენტების კოლექციაში შედიოდა, რომელიც ცნობილ ამერიკელ ჟურნალისტსა და ფილანტროპ ჯეიმს კოპლის ეკუთვნოდა.
აუქციონზე გამოტანილი კოპლის კოლექცია მარკ ტვენის ხელნაწერის გარდა, მარია კიურის, ალბერტ ეინშტეინის, ჩარლზ დიკენსის, მახათმა განდის და სხვა გამოჩენილი ადამიანების წერილებს შეიცავს.
აუქციონზე სულ 556 ლოტი იყო წარმოდგენილი, რომელთა გაყიდვამაც სააუქციონო სახლს სულ 2 მლნ 210 ათასი დოლარის შემოსავალი მოუტანა.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.