პირველი პოლიტიკოსი, ვინც აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით მყოფ რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს შეხვდა, კალიფორნიის გუბერნატორი არნოლდ შვარცენეგერი იყო.
პუბლიკაციებში გამოქვეყნებულ, შეხვედრის ამსახველ ფოტოებში რუსეთის ჩია პრეზიდენტი, რომელსაც ტანდაბლობის გამო მეტსახელად "ნანოპრეზიდენტი" შეარქვეს, ვეებერთელა არნოლდის სიმაღლის ჩანს. არადა, სინამდვილეში შვარცენეგერი მედვედევზე, 23 სმ-ით მაღალია.
გამომცემლობა "თავისუფალი პრესის" ჟურნალისტებმა გამოიკვლიეს, რა საშუალებებით მოხერხდა ასეთი ეფექტის მიღწევა.
თურმე, პრეზიდენტ მედვედევის გარდერობში განსაკუთრებული ადგილი მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს უკავიათ, რომლებიც, ფარულად თუ აშკარად, 8-10 სმ-ს "იპარავენ". შედეგად, მედვედევი არა 162 სმ, როგორც ეს სინამდვილეშია, არამედ ყოფილი პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სიმაღლისა (170 სმ-მდე) წარმოგვიდგება.
შვარცენეგერთან გასატოლებლად "ჯადოსნური" ფეხსაცმელი საკმარისი, რა თქმა უნდა, არ იქნებოდა და "თანასწორობის" ილუზიის შესაქმნელად სპეცეფექტების გამოყენება მოუხდათ ფოტოგრაფებსაც.
მსგავს შემთხვევებში, როდესაც სურთ რუსეთის პრეზიდენტისა თუ პრემიერმინისტრის ტანმორჩილება მიჩქმალონ, რუსები გადაღებას ტანდაბალ ფოტოგრაფებს ანდობენ, რათა რაკურსით "ქვემოდან" სურათზე გამოსახული პირები "მაღლები" გამოჩნდენ.
შვარცენეგერისა და მედვედევის თანასწორობის ოპტიკური ილუზიის შესაქმნელად, ობიექტივთან უფრო ახლოს რუსეთის პრეზიდენტი დგება. ამ შემთხვევაში თავის საქმეს გრძელფოკუსიანი ოპტიკა აკეთებს, რომლის საშუალებით იქმნება შთაბეჭდილება, რომ ერთმანეთისგან მეტრით დაშორებული ადამიანები ერთ ხაზზე, მხარდამხარ დგანან.
რუსეთის ლიდერი ერთადერთი პრეზიდენტი არაა, ვინც საკუთარ ტანდაბლობას განიცდის და თავგამოდებით ცდილობს, აუდიტორიის წინაშე ვიზუალური მაქინაციებით "ამაღლებას". სიმაღლესთან დაკავშირებული კომპლექსებით გამორჩეულია საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზიც, რომელიც კამერებთან მაღალქუსლიანი ფეხსაცმლითა და ძირითადად, თავის მსგავსი აღნაგობის ადამიანების თანხლებით ჩნდება.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ქვეყნების ამჟამინდელ მმართველებს შორის ყველაზე ტანდაბალი სწორედ დიმიტრი მედვედევია. მას მილიმეტრებით ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენი (162 სმ-ზე ოდნავ მეტი) აღემატება.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.