ჟაკ-ივ კუსტო - ადამიანი, რომელმაც თავი ზღვას მიუძღვნა

ჟაკ-ივ კუსტო - ადამიანი, რომელმაც თავი ზღვას მიუძღვნა

ამ კაცზე ამბობდნენ, რომ მას ადამიანებსა და ხმელეთზე მეტად, ზღვა და თევზები აინტერესებდა. მართლაც, ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც მან თავისი შემოქმედებით ადამიანებსაც მიაქცია ყურადღება: ანტარქტიდის ნაპირებთან კვლევების ჩატარებისას, მისი გემი აისბერგს შეეჯახა და მაგელანის სრუტეში, პუანტა-არენასის პორტში იძულებით რემონტზე დადგა. უსაქმურობისგან გაბეზრებულმა კუსტომ გადაწყვიტა, ცეცხლოვანი მიწის (ანტარქტიდასა და სამხრეთ ამერიკას შორის მდებარე 40 ათასი კუნძულისგან შემდგარი არქიპელაგი) აბორიგენი მოსახლეობის შესახებ ფილმი გადაეღო; თუმცა, ამ ფილმში დასმული პრობლემატკაც მისთვის "მშობლიური" იყო - თუკი წიგნებისა და ტელევიზიის დახმარებით გადაშენების პირას მყოფი თევზების დაცვა შეიძლებოდა, გადაშენების პირას მყოფმა ტომებმა რაღა დააშავეს?!.

ეს იყო და ეს - არც მანამდე და არც მას შემდეგ, დიდ ფრანგ ზღვაოსანსა და კინოდოკუმენტალისტ ჟაკ-ივ კუსტოს, ზღვის ბინადართა გარდა, აღარაფრისთვის მიუქცევია ყურადღება.

მიუხედავად იმისა, რომ ზღვისპირა ქალაქში დაბადებულმა ცურვა ბავშვობაშივე ისწავლა, ამ საქმეში დიდ სპეციალისტად ვერ ჩაითვლებოდა - 26 წლის კუსტო ჩვეულებრივი კროლის დახვეწაზეც ბევრს მუშაობდა. სწორედ ამ ასაკში ანუ 1936 წელს, სანაპიროს გასწვრივ ხანგრძლივი ცურვისას, მარილიანმა წყალმა კუსტოს თვალები გაუღიზიანა და საღამოს შინ დაბრუნებულმა შექმნა პირველი უმარტივესი წყლის სათვალე, რომელიც მეორე დილასვე დაამზადა და გამოსცადა - სათვალიდან დანახულმა სამყარომ იმწამსვე "დააავადა", ეს გამოგონება შემდგომი დიდი აღმოჩენების პიონერად იქცა.

დასაწყისი კი, თუმცა ზღვასთან დაკავშირებული, მაგრამ სრულიად განსხვავებული იყო...

იგი საფრანგეთში, ბორდოსთან ახლოს, ზღვისპირა პატარა ქალაქ სენ ანდრე-დე-კუბზაკში, 1910 წლის 11 ივნისს დაიბადა. მართალია, ამ ქალაქში (რომელზეც შემდეგ ხუმრობდა - უფრო პატარა იყო, ვიდრე მისი სახელწოდებაო) ყოველთვის ბრუნდებოდა, მაგრამ მის ოჯახს ხშირად და თანაც, დიდი ხნით უწევდა ხოლმე სხვაგან ცხოვრება. მამა კომერსანტი იყო და საქმეების გამო ბევრს მოგზაურობდა: იქვე, ფრანგული ელზასიდან დაწყებული და ნიუ-იორკით დამთავრებული. ცხადია, ასეთ ცხოვრებას დისკომფორტიც ახლდა, სამაგიეროდ, პატარა ჟაკმა ელზასში გერმანული, ხოლო ნიუ-იორკში ინგლისური ისწავლა.

მიუხედავად იმისა, რომ სკოლაც დაამთავრა და შესაბამისი ატესტატიც მიიღო, დედამისი მიიჩნევდა (მამა ამ დროისთვის უკვე გარდაცვლილი იყო), რომ ბევრი სკოლის გამოცვლის გამო მას უსისტემო განათლება ჰქონდა და როდესაც ჟაკმა საფრანგეთის სამხედრო საზღვაო აკადემიაში სწავლის გაგრძელება გადაწყვიტა, მისი იქ მიღება დიდად არ ეიმედებოდა, მაგრამ ახალგაზრდა კუსტომ ათასი კანდიდატიდან ოცდამეორე პოზიცია მოიპოვა და შესაბამისად, ოცდაათ პირველკურსელს შორის აღმოჩნდა. აკადემიაში მთავარი აქცენტი პრაქტიკაზე იყო გადატანილი და სტუდენტთა სასწავლო აუდიტორიებიც სამხედრო გემ "ჟანა დ'არკზე" გახლდათ მოწყობილი, რომლითაც კუსტომ მთელი მსოფლიო მოიარა. თუმცა, ეს ჩვეულებრივი სტუდენტური რუტინა იყო და მაშინ მოგზაურის პროფესიაზე არც უფიქრია.

აკადემიის დამთავრების შემდეგ ჩინეთში, შანხაის სამხედრო საზღვაო ბაზაზე მიავლინეს. მოუსვენარმა ახალგაზრდამ ერთ ადგილას დიდხანს ვერ გაძლო - ავიაციით დაინტერესდა, თუმცა ზღვასთან კავშირის გაწყვეტაც არ უნდოდა და საზღვაო-საავიაციო აკადემიაში მოახერხა მოწყობა. სამწუხაროდ, იქ სწავლა აღარ დასცალდა - ავტოკატასტროფაში მარჯვენა ხელი მოიტეხა, ხოლო მარცხენაზე ე.წ. "სხივური ნერვი" დაიზიანა და ამ ხელში მგრძნობელობა საერთოდ დაკარგა.

რამდენი რამ არის დამოკიდებული უბრალო შემთხვევაზეო, - ამბობდა შემდგომში. - იმ მანქანის წინ ქათამს რომ არ გადაერბინა, ხელებს არ ვიტკენდი, ხელი რომ არ მტკენოდა, ექიმები კატეგორიულად არ მომთხოვდნენ მარცხენა ხელის ამპუტაციას, მე რომ უარი არ მეთქვა ამპუტაციაზე და საავადმყოფოდან არ გამოვპარულიყავი, არასოდეს ვიმკურნალებდი სხვა ექიმთან, რომელმაც ხელის ფუნქციის აღსადგენად მუდმივი ვარჯიში დამინიშნა... სწორედ ამ ვარჯიშების ნაწილი იყო ცურვა, რომელსაც იგი ფლოტზე არტილერისტად დაბრუნებული (ავიაციაზე ოცნებას აზრი აღარ ჰქონდა) ყოველდღე მიმართავდა და რომლის დროსაც პირველი სათვალით პირველად იხილა წყალქვეშა საოცრებანი.

შეიძლება ითქვას, რომ ეს გამონაკლისი შემთხვევაა, როდესაც ადამიანმა ჯერ გამოიგონა "რაღაც" და შემდეგ გახდა იმ საქმის სპეციალისტი, რაშიც ეს "რაღაც" გამოადგებოდა.

ოცდაათი წელი დასჭირდა წყალქვეშა ამუნიციის დახვეწასა და იმას, რომ იგი იოლად მოსახმარი, უსაფრთხო ყოფილიყო, მაგრამ თავიდან, როდესაც კუსტო მიხვდა, რომ იმ დროისთვის არსებული მყვინთავის კოსტიუმი უხეში, არაპრაქტიკული იყო და სპეციალური აპარატის საჭიროება დაინახა, მის მიერ შექმნილი პირველი მოდელი სხვა არაფერი იყო, თუ არა მოტოციკლის საბურავის კამერისა და აირწინაღის ერთობლიობა, რომლის ბალონიც ნახშირორჟანგის ქიმიური მშთანთქავით გაავსო და ამ ექსპერიმენტმა ლამის შეიწირა კიდეც. კიდევ არაერთი უიღბლო ცდის შემდეგ კუსტომ მეგობრის, პროფესიით ინჟინერი ემილ განიანის დახმარებით შექმნა "წყალქვეშა ფილტვი" - ახლა მთელი მსოფლიოსთვის ცნობილი აკვალანგი, რომელიც ცხადია, მომავალში უფრო დაიხვეწა.

კუსტოს ამ გატაცებას საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხელმძღვანელები დიდად უწყობდნენ ხელს, რადგანაც ახალგაზრდა ოფიცრის მუშაობაში პრაქტიკულ მარცვალს ხედავდნენ, მაგრამ 1940 წლის მაისში ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა - გერმანელებმა საფრანგეთის დიდი ნაწილის ოკუპაცია მოახდინეს; თუმცა ტულონი და მის პორტში ბაზირებული ფლოტი არაოკუპირებულ ნაწილში დარჩა, მას ქალაქ ვიშში განლაგებული საფრანგეთის მთავრობა (ე.წ. ვიშის მთვარობა) მართავდა. ასე რომ, "ვიშის თავისუფალი ზონის" ოკუპაციამდე კუსტო მეგობრებთან ერთად, თავის წყალქვეშა საქმიანობას კვლავ განაგრძობდა, მაგრამ 1942 წლის ნოემბერში ტულონი გერმანელთა მოკავშირე იტალიელმა ფაშისტებმა დაიკავეს.

ფრანგმა მეზღვაურებმა წინასწარ გაანადგურეს საკუთარი ფლოტი, რათა მტერს არ ჩავარდნოდა ხელში და კუსტომ, თანამოაზრეებთან ერთად, სწორედ მაშინ გადაწყვიტა გადაეღო ფილმი ჩაძირულ გემებზე - მათ უკვე ჰქონდათ წყალქვეშა გადაღებების გარკვეული გამოცდილება. პრობლემა სწორედ იტალიელებმა შეუქმნეს - მიუხედავად იმისა, რომ კუსტომ "ხმელთაშუა ზღვის კვლევის საერთაშორისო კომიტეტის" თავმჯდომარის, იტალიელი გენერლის სარეკომენდაციო წერილიც კი მოიპოვა, საქმეს არც ამან უშველა. სამაგიეროდ, 1943 წელს იტალიელების გერმანელებით ჩანაცვლებამ კუსტოს და მის თანამოაზრეებს ხელი გაუხსნა - გერმანიის საზღვაო სამინისტროც ინტენსიურად მუშაობდა წყალქვეშა აღჭურვილობის შექმნა-დახვეწაზე, რომლის გამოცდას სწორედ ტულონის სანაპიროსთან ახდენდა.

გერმანელებმა კუსტოს ჯგუფს პარალელურად მუშაობის უფლება სიამოვნებით მისცეს. ალბათ ფიქრობდნენ, რომ მერე მის მიღწევებს მიისაკუთრებდნენ, მაგრამ საბოლოოდ, გერმანელებს ამისათვის აღარ ეცალათ. სამაგიეროდ, კუსტომ გადაიღო თავისი პირველი წყალქვეშა ფილმი - "ჩაძირული ხომალდები", რომელიც დეოკუპაციის შემდეგ ფრანგულ კინოთეატრებში ყველაზე პოპულარულ ფილმად იქცა.

თუმცა, ფრანგული სამხედრო საზღვაო დაზვერვის ოფიცერი ჟაკ-ივ კუსტო ომის დროს მხოლოდ "მედუზების კინოგადაღებით" არ იყო დაკავებული. მან და მისმა ჯგუფმა რამდენიმე სახიფათო ოპერაცია, მათ შორის, მოწინააღმდეგის შტაბიდან უმნიშვნელოვანესი დოკუმენტების გატაცება განახორციელა და ომის შემდეგ სწორედ სამხედრო დამსახურებისათვის ჩააბარეს წყნარი, უპრობლემო თანამდებობა - მარსელში, სამშობლოში დაბრუნებულ მეზღვაურთა შემკრები პუნქტის უფროსად დანიშნეს, მაგრამ მოუსვენარმა მკვლევარმა იქ დიდხანს ვერ გაძლო; მან არც ცოლის - სიმონას თხოვნას დაუგდო ყური და არც ის გაითვალისწინა, რომ მცირეწლოვანი შვილები ჰყავდა, წაიღო თავისი ფილმი და პარიზში, ადმირალ ანდრე ლემონიეს მიაკითხა.

ფილმმა ადმირალზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა (ის ეკრანებზე ჯერ კიდევ არ იყო ნაჩვენები), რომ კუსტომ სანუკვარი ნებართვა მიიღო - მისცეს მცურავი ბაზა (პატარა გემი) "ალბატროსი", რომელსაც თავისი დაღუპული მეგობრის სახელი - "ელი მონიე" დაარქვა და ზღვაში გავიდა. ექსპედიციაში ძირითადად, მეცნიერები იყვნენ. კუსტო ტექნიკას ხვეწდა, მაგრამ მანამდე მხოლოდ გამომგონებელმა და ტექნიკოსმა, სწორედ იქ შეკრებილი სხვადასხვა პროფილის მეცნიერისგან შეითვისა ბიოლოგიის, ვულკანოლოგიის, ოკეანოლოგიისა და ჰიდროფიზიკის პირველი გაკვეთილები.

ექსპედიცია საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა - ტექნიკის სრულყოფისა და ფსკერის კვლევის გარდა, ჯგუფმა სხვადასხვა სამხედრო თუ სამოქალაქო დავალებაც შეასრულა, მაგრამ კუსტოსთვის ეს ცოტა იყო.

ექსპედიციის დასრულების შემდეგ, უფრო დიდი მიზნები დაისახა - იგი მიხვდა, რომ მთავარი ოკეანის შელფის, ფსკერის სიღრმის კვლევა იყო და ამისათვის საკუთარი გამოგონება (აკვალანგი) უკვე ბავშვურ სათამაშოდ ეჩვენებოდა; მისი მთავარი მიზანი უკვე საკუთარი გემი, ნამდვილი მცურავი სამეცნიერო-ლაბორატორია გახდა. საფრანგეთში დაბრუნებულმა სწორედ ამ თხოვნით მიმართა სამხედრო საზღვაო ძალების კადრების უფროსს, მაგრამ ადმირალ ლემონიესგან განსხვავებით, ამ უკანასკნელმა კუსტოს რომანტიკული და ამავე დროს პრაქტიკული მიზნების მნიშვნელობა ვერ გაიგო: "17 წელი გიმსახურიათ ფლოტში, ყოჩაღ! შემიძლია უკეთესი რამ შემოგთავაზოთ - შტაბში გაგიხერხებთ წყნარ სამსახურს". კუსტომ მხოლოდ იმას მიაღწია, რომ თუკი ფლოტი ფულს არ დახარჯავდა და გემს თვითონ იშოვიდა, ექსპედიციის უფლებას და ეკიპაჟის დაფინანსებას მისცემდნენ, მაგრამ კადრების უფროსმა ისიც დასძინა, - ასე კარიერას გაიფუჭებო...

ვინაიდან ფული არ ჰქონდა, მეგობრებთან ერთად სპონსორის ძებნა დაიწყო: საოჯახო სამისამართო წიგნში ვინმე ბატონი "L"-ს კოორდინატები აღმოაჩინეს, რომელიც ოდესღაც რესტორანში გაიცნეს და ამ კაცმა მათ უთხრა: თუკი გაგიჭირდეთ, მომმართეთო. მართლაც, ზღაპარივით გამოვიდა - იმ კაცს არც მაშინ ნდომებია თავისი ვინაობის გამჟღავნება და დღემდე ბატონ "L"-ად დარჩა ადამიანი, რომელმაც ფაქტობრივად, კუსტოს მთელი მომავალი კარიერა და შესაბამისად, მსოფლიოს ოკეანის კვლევის სულ ცოტა, 50-წლიანი პროგრესი უზრუნველყო.

ერთი სიტყვით, "L"-მა, ინგლისელ პარტნიორთან ერთად, კუსტოს 1942 წელს ამერიკაში, ინგლისის ფლოტისთვის აგებული და უკვე ჩამოწერილი მომცრო (140 ფუტის - 45 მეტრამდე და 360 ტონა წყალწყვის) გემი უყიდა, გადააიარაღა კიდეც და ტულონის ნავსადგურში დაუყენა. სწორედ მაშინ შეიცვალა გემის სახელი და წარწერა, რომელიც დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ტელემაყურებლისთვის ნაცნობია: "კალიფსო, ტულონი" - გემის სახელი კუსტომ ჰომეროსის "ოდისეის" ნიმფისგან ისესხა. რაც შეეხება ფრანგულ სამხედრო-საზღვაო უწყებას, მას ერთი ფრანკიც კი არ დაუხარჯავს და მიუხედავად დაპირებისა, კუსტოს არა მივლინების, არამედ სამწლიანი შვებულების გაფორმება მოუხდა (თუმცა, ეს მაინც ჩაუწერეს: "შვებულება ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისათვის(?)") და ზღვაში გავიდა.

ექსპედიციამ ჯერ წითელი, ხმელთაშუა და შავი ზღვები მოიარა, შემდეგ კი მსოფლიო ოკეანეებსაც "შეჰბედა". მალე ამ მოგზაურობის შედეგად შექმნილი წიგნები თუ ფილმები მსოფლიოს ბესტსელერებად იქცა.

გემის პერსონალური შემადგენლობა უნიკალური იყო: კუსტოს წყალქვეშა კვლევების ის ორი პიონერიც ახლდა, რომლებთან ერთადაც ამ საქმის სათავეებთან ჯერ კიდევ ომამდე იდგა - ფრედერიკ დიუმა და ფილიპ ტაიე; კუსტო "ინტერნაციონალიზმის" მომხრე გახლდათ და "კალიფსოზე" ამერიკელების - ჟურნალისტ ჯეიმს დაგენისა და ზღვაოსან ბელ გროუვნეს ყოფნაც ამის დასტურია; გეოლოგების ჯგუფს ჰარუნ თაზიევი ხელმძღვანელობდა (პოლონეთში დაბადებული, ეროვნებით ლეკი და საფრანგეთის მოქალაქე.

ამ მეცნიერის უცნაური ცხოვრება ცალკე საუბრის თემაა და შესაძლოა, ოდესმე დავუბრუნდეთ კიდეც); აქ იყვნენ ჰიდროლოგებიც, კლოდ ფრანსის ბეფის ხელმძღვანელობით; ბიოლოგი პიერ დრაშა, ინჟინერ-ოპტიკოსები და სხვა ბევრი თავისი საქმის სპეციალისტი. თუმცა მათ - მეცნიერებსაც და მეზღვაურებსაც ერთი რამ აერთიანებდათ: ისინი მორიგეობით, უბრალო მეზღვაურებივით ხეხავდნენ გემბანს და ღამით მესაჭის ბოგურაზე მორიგეობაც მათი მოვალეობა იყო; კიდევ ერთი, რაც ყველას აერთიანებდა, ეს გახლდათ გემბანზე დამონტაჟებული, უჟანგავი ლითონისაგან დამზადებული, ღვინით სავსე 1000-ლიტრიანი ცისტერნა, საიდანაც ნებისმიერს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი რაოდენობით შეეძლო მირთმევა! ეს კუსტოს გემზე, როგორც თავადვე ამბობდა, დემოკრატიის მთავარი გამოვლინება გახლდათ, თუმცა არასოდეს მომხდარა ისეთი რამ, რომ ამ "დემოკრატიით" ვინმეს ბოროტად ესარგებლოს (არადა, ვულკანოლოგების ჯგუფში რუსი ვლადიმერ ნესტეროვიც იყო).

გემის შენახვა საკმაოდ ძვირი ჯდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით შექმნილი ფილმებისა თუ პუბლიკაცების პოპულარობის გამო, მათ უკვე საფრანგეთის განათლების სამინიტრო და ფრანგული კინოს სახელმწიფო სამმართველოც აფინანსებდა, სამხედრო-საზღვაო უწყებამაც გაიკრა ჯიბეზე ხელი, ეს მაინც, არასაკმარისი იყო და ზემოთ ნახსენები ამერიკელებიც არა მხოლოდ კუსტოს "ინტერნაციონალური მისწრაფებების" გამო იყვნენ გემზე: ერთ-ერთი ამერიკული ტელეკომპანიის ეთერში რვა სეზონის განმავლობაში გადიოდა კუსტოს მიერ გადაღებული კადრებით შექმნილი საოცარი დოკუმენტური ფილმები.

იყო "ნატურალური გადახდებიც". მაგალითად, ერთ-ერთი ამერიკული კომპანიის პრეზიდენტმა, კუსტოს წიგნის ("უტყვი სამყარო") წაკითხვის შემდეგ, "კალიფსოს" უახლესი ჰიდროლოკაციური აპარატურა აჩუქა.

არც კერძო შეკვეთებზე ამბობდნენ უარს - პირველად ასეთი შეკვეთა ფრანგული ნავთობმომპოვებელი კომპანია "დარსისგან" მიიღეს, რომლის დავალებითაც, აბუ-დაბის აკვატორია შემოწმდა. სამაგიეროდ, ამ ოპერაციის საფასურად, "კალიფსოს" კორპუსის ძირზე სპეციალური "ჭა" მოეწყო, რომლის საშუალებითაც, ცუდ ამინდში მყვინთავებს უშუალოდ გემის ძირიდან შეეძლოთ ხომალდზე დაბრუნება; კიჩოზე წყალქვეშა დაკვირვებისთვის სპეციალური ობსერვატორია მოეწყო, კაპიტნის ბოგურის ზემოთ კი კიდევ ერთი, უფრო მაღალი სადამკვირვებლო ბოგურა; სწორედ ამ პერიოდში დამონტაჟდა ღვინის ცისტერნაც... ასე ნელ-ნელა, გზადაგზა იძენდა "კალიფსო" იმ სახეს, რომლითაც მას ყველანი ვიცნობთ...

კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც კუსტოს არა მხოლოდ ამ პირველ დიდ ექსპედიციაში, არამედ შემდეგაც მუდმივად თან ახლდა, მისი მეუღლე - სიმონა გახლდათ, რომელიც უხმოდ იტანდა მოგზაურობის ყველა სიძნელეს. მას არასოდეს უთქვამს საყვედური გადატანილი შიშისა თუ გაჭირვების გამო, მხოლოდ ერთხელ დაკარგა გონება შიშისგან, როდესაც დაინახა, თუ როგორ შეწყდა კუსტოსა და დიუმას აკვალანგებიდან წყლის ზედაპირზე გაჩენილი ბუშტუკების ნაკადი. აღმოჩნდა, რომ წყალქვეშა გამოქვაბულის კვლევისას, ბატისკაფში გემზე მიმაგრებული შლანგიდან, ჰაერის ნაცვლად, ნამწვი გაზი მოხვდა. კუსტომ და დიუმამ ეს დროზე შეამჩნიეს და ვიდრე ზედაპირზე ამოვიდოდნენ, სუნთქვა შეიკავეს, სიმონას კი ისინი უკვე დაღუპულები ეგონა.

ქალბატონი კუსტო თვითონაც ყვინთავდა ხოლმე, ქმართან ერთად, მაგრამ არცთუ დიდი ხალისით. სამაგიეროდ, ვერ დაუშალა ვაჟების - ჟან-მიშელისა და ფილიპის "გადაბირება", რომლებიც კუსტომ 1945 წლის ზაფხულში (მაშინ უფროსი 7 წლის იყო, ხოლო უმცროსი - 5-ის) პირველად გაიყვანა ღია ზღვაში და მის სიღრმეებს აზიარა; 9 წლის ასაკში ფილიპი უკვე ჩვეულებრივი ჩანგლით ხოცავდა ზღვის ზღარბებს და გემის სამზარეულოს ამარაგებდა (ფილიპი 1979 წელს, ჰიდროთვითმფრინავით ზღვის ზედაპირზე დაშვებისას, პორტუგალიის სანაპიროსთან დაიღუპა, რამაც მამამისი ღრმა დეპრესიაში ჩააგდო. მან 2 წლის შემდეგ მოახერხა მდგომარეობიდან გამოსვლა და "კალიფსოზე" დაბრუნება).

...კუსტო თავის მთავარ საქმიანობასაც მუდმივად განაგრძობდა - წყალქვეშა კვლევების ფრანგული ცენტრის დახმარებით ე.წ. "მყვინთავი თეფში" შექმნა (ასე უკვე აქტუალური "მფრინავი თეფშების" გამო უწოდეს), რომელსაც "დენიზი" დაარქვა - ეს იყო ორკაციანი ბატისკაფი, რომელიც წყალქვეშ რამდენიმე ასეულ მეტრზე ჩადიოდა და ყველაფერი "პრეკონტინენტის" გამოგონებით დაგვირგვინდა - 5 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი, გადაადგილებადი წყალქვეშა სადგური იმ ტექნიკის კომპლექტის ბოლო ნაწილი იყო, რომლითაც ფანტასტიკური ფილმის გადაღება შეიძლებოდა და ასეც მოხდა - მთელ მსოფლიოში ფურორი მოახდინა კუსტოს პირველმა ფერადმა წყალქვეშა ფილმმა, რომელიც წითელ ზღვაში, 150 ფუტის სიღრმეზე გადაიღო. მაყურებელი შოკში ჩააგდო არა მხოლოდ წყალქვეშა სამყაროს სილამაზემ და მრავალფეროვნებამ, არამედ კუსტოს ახალმა ტექნიკამაც - ყველამ დაინახა, რომ ამ კაცის მიერ შექმნილი "წყლის ფილტვებით" ნებისმიერს შეეძლო ენით აუწერელ სილამაზესთან ზიარება. ამის გამო ყველა თანამედროვე დაივერი (ეს სპორტი თუ ჰობი ხომ ძალზედ პოპულარულია დღეს) კუსტოს მადლიერი უნდა იყოს.

კუსტო ფილმებში განსაკუთრებულ ყურადღებას გადაშენების პირას მყოფი სახეობების პრობლემებს უთმობდა, თუმცა არც წყალქვეშა არქეოლოგიას ივიწყებდა - პირველად 1952 წელს, მარსელთან მდებარე კუნძულ მერის ნაპირთან, ძვ.წ.აღ. I საუკუნის ბერძნული ხომალდის ნაშთები იპოვა, უამრავი ნივთი და მათ შორის, ღვინით სავსე ამფორები ამოიღო. ეკიპაჟმა მაშინვე დააგემოვნა უძველესი სასმელი და სასწრაფოდ, უკანვე გადმოაფურთხა, იუმორით ცნობილმა კუსტომ კი ერთი ყლუპი მაინც გააკეთა და დინჯად წარმოთქვა: "ეტყობა, იმ წელს მოსავალი არ ვარგოდა" (ცხადია, ღვინოში ალკოჰოლის ნატამალიც აღარ იქნებოდა)... სხვათა შორის, ასეთივე იუმორითაა გაჯერებული მისი წიგნებიც, რომელთა დაბეჭდვაზეც, რატომღაც, ქართველ გამომცემლებს არ უფიქრიათ.

60-იანი წლების დასაწყისში, კუსტო, როგორც უკვე აღიარებული ოკეანოლოგი, მონაკოს ოკეანოგრაფიის მუზეუმის დირექტორად მიიწვიეს. მართალია, ის ამ წინადადებას დათანხმდა, მაგრამ ნაპირზე დიდხანს ვერ გაძლო და კარგიც ქნა - "კალიფსო" კვლავ ზღვაში გავიდა და ასე შეიქმნა 1966 წელს საყოველთაოდ ცნობილი ფილმი - "ჟაკ-ივ კუსტოს სამყარო"...

კუსტო 1997 წელს გარდაიცვალა და თითქმის ცხოვრების ბოლომდე აქტიურ ზღვაოსნად დარჩა. შეიძლებოდა გვესაუბრა მის მიერ დაარსებულ მყვინთავთა სკოლაზე, "საფრანგეთის წყალქვეშა ცენტრზე" ან კიდევ, ზღვის ფსკერზე ჩადგმულ, მის მიერ შექმნილ "ვარსკვლავისებურ" და "სფეროსებურ" სახლებზე, მაგრამ ეს საყოველთაოდ ცნობილი ამბებია, ჩვენს რუბრიკაში კი, მოგეხსენებათ, პოპულარულ ადამიანთა ცხოვრებიდან ისეთ საინტერესო ფაქტებსა თუ დეტალებს გთავაზობთ, რომლებიც მათ "გაპოპულარულებამდე" მოხდა...

ზვიად გურული

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს