ტაჯიკეთის პრეზიდენტმა 16 წლის ქალიშვილი ნაციონალური ტელევიზიის წამყვანად დაასაქმა

ტაჯიკეთის პრეზიდენტმა 16 წლის ქალიშვილი ნაციონალური ტელევიზიის წამყვანად დაასაქმა

რამდენიმე დღის წინ, ტელეწამყვანის ამპლუაში ტაჯიკეთის პრეზიდენტის 16 წლის ქალიშვილის ზარინა რახმანოვას დებიუტი შედგა. სამშობლოში არდადეგებზე დაბრუნებულ გოგონას, რომელიც ლონდონის ერთ-ერთ პრესტიჟულ კოლეჯში სწავლობს, სიახლეების ინგლისურ ენაზე წაკითხვა ანდეს.

ტაჯიკეთის ტელევიზიის პირველი არხის ახალ დიქტორთან დაკავშირებით ბრიტანულმა გაზეთმა The Times-მა ირონიით აღნიშნა, რომ ტაჯიკეთში ნაციონალურ არხზე ახალი ამბების წამყვანს მრავალი ღირსება მოეთხოვება, რომელთაგან უმთავრესი - ამ ქვეყნის დიქტატორის ქალიშვილად ყოფნაა.

ტაჯიკეთის ტელევიზიით ახალი ამბები ინგლისურ ენაზე უკვე სამი წელია გადაიცემა. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ეს პროგრამა ტაჯიკეთის ტერიტორიაზე მყოფ უცხოელებს საშუალებას აძლევს, ინფორმაცია ოპერატიულად მიიღონ.

ზარინა ტაჯიკურ არხზე ახალ ამბებს, სავარაუდოდ, კიდევ ორი თვე - სექტემბრამდე წაიკითხავს, სანამ სწავლის გასაგრძელებლად ლონდონში დაბრუნდება.

ცნობილია, რომ ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რახმონი პოსტსაბჭოთა ქვეყნების ლიდერთაგან ყველაზე მრავალშვილიანი მამაა. 57 წლის პრეზიდენტს შვიდი ქალიშვილი და ორი ვაჟი ჰყავს. The Times ასევე აღნიშნავს, რომ რახმონს შვილების დასაქმების დიდი გამოცდილება აქვს. მაგალითად, მისი უფროსი ქალიშვილი ოზოდა რახმონოვა შარშან სექტემბერში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გახდა, რომლის მეუღლე ტაჯიკეთის ფინანსთა მინისტრის თანაშემწის პოსტს იკავებს.

პრეზიდენტის უფროსი ვაჟი, 23 წლის რუსტამ ემომალი, რომელიც საფეხბურთო გუნდ "ისტიკლოლში" თამაშობს, წელს მარტიდან მაჯლისის (სახალხო დებუტატთა კრება) დეპუტატი გახდა. მას ანალიტიკოსები რახმონის მემკვიდრედაც განიხილავენ.

საზოგადო პერსონაა პრეზიდენტის კიდევ ერთი ქალიშვილი - ტახმინა, რომელიც, გავრცელებული ხმების თანახმად, ქვეყნის წარმოებასა და ბიზნესს აკონტროლებს. ტახმინას დის, ფირუზის შესახებ ცნობილია, რომ ის დუშანბეში მაღაზიათა ქსელს ფლობს.

გავრცელებული ხმების თანახმად, მამიკო პრეზიდენტმა ერთ დღეს თავის შვილებს ოჯახურ საბჭოზე უხმო, სადაც დამრიგებლურად მიმართა: "დაივიწყეთ, რომ მამათქვენი პრეზიდენტია. ეს მუდმივი არაა და მოემზადეთ ცხოვრებისთვის".

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს