რა კურიოზი შეიძლება მოჰყვეს მსოფლიო ლიდერთა რეკლამაში გამოყენებას

რა კურიოზი შეიძლება მოჰყვეს მსოფლიო ლიდერთა რეკლამაში გამოყენებას

ივლისის დასაწყისში სილვიო ბერლუსკონი ეროვნული ტურიზმის რეკლამირებით იყო დაკავებული, იტალიელებს მიმართავდა, სამშობლოში დაესვენათ. ცნობილი პოლიტიკოსის ნებაყოფლობითმა გამოჩენამ რეკლამაში, რაც ასე იშვიათია ამ ინდუსტრიაში, შეგვახსენა, რა კურიოზები მოჰყოლია მსოფლიო ლიდერების სახეების არალეგალურ გამოყენებას. ანგელა მერკელი, მისდა უნებურად, საცვლებს უკეთებს რეკლამას, მედვედევი კი - სამშენებლო ინსტრუმენტებს. 

- ივლისში იტალიურმა ტელევიზიამ Macig Italy-ს 30-წამიანი სარეკლამო რგოლი გაუშვა. ვიდეო, რომელიც ეროვნული ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს, განსაკუთრებით იმით არის საინტერესო, რომ მას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი ახმოვანებს. ამ რგოლში ბერლუსკონი იტალიას "ზეცის, მზისა და ზღვის" ქვეყანას უწოდებს და იტალიელებს მოუწოდებს, შვებულებები სამშობლოში გაატარონ, რათა უკეთ გაიცნონ თავიანთი ქვეყნის კულტურა და ისტორია. კომპანიის ბრენდი და ლოგოტიპის დიზაინი პირადად ბერლუსკონიმ დაამტკიცა 2009 წლის ივნისში, მოგვიანებით კი რეკლამაც სიამოვნებით გაახმოვანა და ახსნა კიდეც, რატომ. სასტუმროების მმართველთა იტალიური ასოციაციის ოფიციალურ შეხვედრაზე, რომელიც წელს რომში გაიმართა, სილვიო ბერლუსკონიმ საგანგებოდ აღნიშნა, რომ მისი ხმა "უნიკალური, მგრძნობიარე და იოლად საცნობია".

ბერლუსკონი სახელმწიფოს პირველი მეთაური არ არის, ვინც თავისი იმიჯი ტურისტული სფეროს რეკლამისთვის გამოიყენა. 2003 წლის დეკემბერში იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ძიუნიტირო კოიძუმიმ სარეკლამო რგოლი გადაიღო, რომელიც ტურისტებს ამომავალი მზის ქვეყანაში იწვევდა, თუმცა მაშინ რგოლს თვითმფრინავებში უჩვენებდნენ საერთაშორისო რეისებზე და ძირითადად უცხოელებზე იყო ორიენტირებული.

- რეკლამა ცნობილი ადამიანების მონაწილეობით ყოველთვის იწვევდა აუდიტორიის დიდ ინტერესს. თუმცა მაყურებლებმა იციან, რომ ხშირად ამა თუ იმ პოლიტიკოსის სახეს რეკლამების შემქმნელები არალეგალურად იყენებენ. მით უმეტეს, როცა საქმე არ ეხება ეროვნული ინტერესების პროპაგანდას, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ არასანქცირებული პროექტია. მაგალითად, 2010 წლის იანვარში თეთრმა სახლმა კომპანია Weatherproof-ს სთხოვა, ტაიმს-სკვერიდან მოეხნსა სარეკლამო აბრა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ფოტოთი, რომელიც ამ მარკის ქურთუკში იყო გამოწყობილი. კომპანიის პრეზიდენტი ფრედი სტოლმაკი მალევე როდი დათანხმდა სარეკლამო კამპანიის შეწყვეტაზე, თუმცა საბოლოოდ მაინც დათმო. ის ამტკიცებდა, რომ რეკლამაში სლოგანით "მოდური ლიდერი" არაფერი იყო საჩოთირო, უბრალოდ, ასე გამოხატა კომპანიამ იმ ფაქტით კმაყოფილება, რომ "პირველად 100 წლის განმავლობაში ამერიკის პრეზიდენტი მოდურად იცვამს".

რასაკვირველია, აქცია ობამას ნებართვის გარეშე განხორციელდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სარჩელი აღძრა კომპანიის წინააღმდეგ. გარდა ამისა, ადმინისტრაციამ ჩათვალა, რომ კომპანიას მყიდველები შეცდომაში შეჰყავდა. რეკლამიდან ჩანდა, რომ თითქოს ობამა ამ მარკის სამოსს ანიჭებდა უპირატესობას, რაც ნამდვილად არ შეესაბამება სინამდვილეს.

მსგავსი ამბავი შეემთხვა აშშ-ის პირველ ლედისაც. მიშელ ობამას სახე თავის რეკლამაში გამოიყენა ორგანიზაციამ "ადამიანები ცხოველებთან მართებული მოპყრობისთვის" (PETA). მიუხედავად იმისა, რომ მიშელი ოფიციალურად არ მონაწილეობდა აქციაში, ცხოველების დამცველებმა უარი თქვეს აბრების ჩამოხსნაზე. მოჰყვა თუ არა ამას რაიმე სასჯელი, უცნობია. 

- გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა არ იცოდა, რომ ბერლინის ქუჩებში იწონებდა თავს, და თან გერმანული კომპანიის Bruno Banani-ს ქვედა საცვლებს უკეთებდა რეკლამას. 2009 წლის მაისში ფოტოშოპის სპეციალისტის შესანიშნავი ნამუშევრის წყალობით მერკელი გერმანელების წინაშე იასამნისფერი ქვედა საცვლებით წარდგა. მერკელის გარდა რეკლამის ავტორებმა გერმანიის ყოფილი და ახლანდელი საგარეო საქმეთა მინისტრები და სხვა არანაკლებ ცნობილი პიროვნებებიც გამოსახეს. მაშინ ამ ფაქტთან არანაირი კომენტარი არ გაუკეთებიათ არც თვითონ მერკელს და არც მის პრესსამსახურს.

ანგელა მერკელი კიდევ ერთი სარეკლამო ამბის უნებური მონაწილე გახდა. ამჯერად გამოირჩა ოდესური ბისტრო "გორინიჩი", რომელმაც ის ფოტო გამოიყენა, მერკელი ბერლინში თურქული შაურმის დაწესებულებაში რომ იყო აღბეჭდილი. უკრაინაში შაურმის გამყიდველებს ბევრი არ უფიქრიათ - წარმატებით გადაღებული ფოტო საკუთარი დაწესებულების რეკლამისთვის გამოიყენეს.

- საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი არც ვიდეოში მონაწილეობდა და არც რგოლი გაუხმოვანებია, თუმცა გერმანული კომპანია შიხტ-ის წყალობით, რომელიც ავტომანქანებს აქირავებს, ისიც იქცა ერთი სარეკლამო კამპანიის "სახედ". კომპანიამ კომპაქტური ჰეჩბეკის Citroen N3-ის რეკლამირებისთვის ხუმრობის ობიექტად სარკოზის ტანდაბლობა აირჩია. ავტომანქანის სარეკლამო აბრაზე ეწერა: "მოიქეცით მადამ ბრუნივით. აირჩიეთ პატარა ფრანგი".

როგორც აღმოჩნდა, სარკოზის ერთხელ მიუღია მონაწილეობა რეკლამის გადაღებაში. ოღონდ მაშინ საფრანგეთის მომავალი პრეზიდენტი ჯერ პატარა ბიჭი იყო. სარკოზი თურმე ბავშვობაში სარეცხ ფხვნილს უკეთებდა რეკლამას. ეს შორეულ 1967 წელს ხდებოდა, როცა ნიკოლა 12 წლის იყო.

- თუ სარეკლამო კაზუსებს გავიხსენებთ, რომლებიც რუს პოლიტიკოსებს გადახდენიათ, ალბათ მაშინვე დიმიტრი მედვედევი წარმოგვიდგება თვალწინ. 2010 წელს რუსეთის ფედერალურმა ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა დაადგინა, რომ სავაჭრო სახლ "სტროიბატის" რეკლამა "არასარწმუნოა". გაირკვა, რომ რეკლამისთვის რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის სახე გამოიყენეს. თუმცა მერე აღმოჩნდა, რომ რეკლამაში ერთ-ერთი მსახიობი მონაწილეობდა, რომელიც გარეგნულად ჰგავდა რუსეთის პრეზიდენტს. მედვედევის ორეული სამშენებლო მუზარადითა და ხელში ბენზოხერხით ქალაქ კიროვის ბანერებს ამშვენებდა.

- ყველაზე საინტერესო და თანაც ოფიციალური კარიერა სარეკლამო სფეროში საბჭოთა კავშირის პირველმა პრეზიდენტმა მიხაილ გორბაჩოვმა გააკეთა. პირველად გორბაჩოვი გამოჩნდა რგოლში, რომელიც 1990-იანი წლების შუალედში იყო გადაღებული და Pizza Hut-ს უკეთებდა რეკლამას. ვიდეოში პიცერიის სტუმრები ყოფილი საბჭოთა პრეზიდენტის პოლიტიკის შედეგებზე კამათობენ, მის მოღვაწეობაზე სრულიად ურთიერთსაწინააღმდეგო შეფასებებს აკეთებენ. შედეგად კი შეთანხმდებიან, რომ სწორედ გორბაჩოვის წყალობით შეუძლიათ პიცის მირთმევა.

2000 წელს გორბაჩოვი ისევ დათანხმდა რეკლამაში გადაღებაზე, თუმცა ამჯერად ავსტრიის ნაციონალური სარკინიგზო ხაზების სახე გახდა. რგოლში გორბაჩოვი ახალ სადგურს, რკინიგზას, მატარებლებს ათვალიერებს და ასკვნის, რომ ყველაფერი ეს გარდაქმნის შედეგია.

თუმცა ყოფილი პოლიტიკოსის სარეკლამო შემოქმედების მწვერვალად იქცა მოდური სახლის "ლუის ვუიტონისთვის" გადაღებული ფოტოები. გორბაჩოვის გარდა, ამ მსოფლიოში ცნობილი ბრენდის რეკლამაში 2007 წელს მსახიობმა კატრინ დენევმა და ჩოგბურთელებმა ანდრე აგასიმ და შტეფი გრაფმა მიიღეს მონაწილეობა. ენი ლეიბოვიცის მიერ გადაღებული სურათები ჟურნალ "ვოგის" იმავე წლის სექტემბრის ნომერში დაიბეჭდა. კამპანიის მთავარი იდეა ის იყო, რომ ლუის ვუიტონის ჩანთებთან ერთად "მოგზაურობის ხელოვნება" წარმოეჩინათ.

რეკლამებში გორბაჩოვის ჰონორარების ოდენობა ზუსტად არავინ იცის. თუმცა ცნობილია, რომ მიღებულ თანხებს 1991 წელს დაარსებულ თავის საქველმოქმედო ფონდში რიცხავს.

ლელა ზურებიანი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს