ფეხბურთელები და მათი ცოლები

ფეხბურთელები და მათი ცოლები

სამხრეთ აფრიკაში ჩატარებული მუნდიალი ვარსკვლავების სიმცირეს ნამდვილად არ უჩიოდა. მეორე საკითხია, როგორ ითამაშეს ამ ვარსკვლავებმა, თუმცა მკითხველისთვის მაინც საინტერესო უნდა იყოს იმ მოთამაშეთა "თერთმეტეულის" გაცნობა, რომლებზეც სხვებზე ხშირად ლაპარაკობდნენ მუნდიალის მიმდინარეობისას. მით უმეტეს, რომ თავად ფეხბურთელთა გარდა, მათ ლამაზმან მეუღლეებსაც გაგაცნობთ.

ჰოლანდიის ნაკრების ლიდერი - არიენ რობენი სანიმუშო მეოჯახეა. არიენს ძალიან უყვარს თავისი მეუღლე ბერნადინი, რომელმაც მიმდინარე წლის გაზაფხულზე გოგონა გაუჩინა. მის გარდა, წყვილს კიდევ ჰყავს სამი წლის ბიჭუნა. რობენი ხუმრობს, რომ ახლა, სახლში ნამდვილი საბავშვო ბაღი აქვს გახსნილი. უნდა ითქვას, რომ მშობიარობის შემდეგ, ბერნადინი საკმაოდ მალე "ჩადგა ფორმაში" და შესანიშნავად გამოიყურება...

არგენტინის ნაკრების ფორვარდი - კარლოს ტევესი ცხოვრებაშიც ისეთივე მოუსვენარია, როგორც მოედანზე. ვანესა მანსილიასთან ერთად ის ორი წლის განმავლობაში ცხოვრობდა, წყვილს შვილიც შეეძინა, თუმცა მერე "კარლიტომ" ვანესა მიატოვა და როგორც თავად აცხადებდა, ახალი "საცოლე" გაიჩინა - მოდელი ნატალია ფასი. ტევესი დიდხანს არც ნატალიასთან გაჩერებულა, მასაც დაშორდა და სხვა სატრფო მოძებნა. თუმცა საბოლოოდ კარლოსი ისევ ვანესას დაუბრუნდა და ამბობს - მასთან ძალიან ბედნიერი ვარო...

ინგლისის ნაკრების ვარსკვლავმა - უეინ რუნიმ მუნდიალი ისე ჩაამთავრა, გოლის გატანა ვერ მოახერხა. შესაძლოა, იმის გამოც, რომ სამხრეთ აფრიკაში მასთან მეუღლე - კოლინ მაკლაფლინი იყო ჩასული და გამუდმებით ითხოვდა ყურადღებას. სხვათა შორის, აქამდე უეინი ოჯახში ფულის ერთადერთი "შემომტანი" გახლდათ, თუმცა ცოტა ხნის წინ კოლინი ტანსაცმლის მწარმოებელი ერთ-ერთი ცნობილი ფირმის "სახე" გახდა და 4,5 მილიონ ფუნტიანი კონტრაქტიც გააფორმა. შეგახსენებთ, რომ შარშან რუნიმ გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა, რომელიც 2,5 მილიონი ფუნტი დაუჯდა.

მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი - პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდო საკუთარ ნაკრებს ესპანელთა ძლევაში ვერ დაეხმარა და მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა. სამაგიეროდ, პირად ცხოვრებაში აქვს საქმე კარგად - ცნობილ მექალთანეს ახლა ულამაზეს რუს მოდელთან - ირინა შეიკთან აქვს რომანი და თანაც, ისეთი სერიოზული რომ, თუ პრესას დავუჯერებთ, ცოტა ხანში მილიონობით ქალისთვის სასურველმა მამაკაცმა შეიძლება ოჯახურ უღელშიც გაყოს თავი...

მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე და ბომბარდირი - ესპანელი დავიდ ვილია საკმაოდ ახალგაზრდა - 21 წლისა დაქორწინდა. მომავალი მეორე ნახევარი - პატრისია ჯერ კიდევ სკოლაში სწავლისას გაიცნო. საინტერესოა, რომ ბავშვობაში ფეხბურთს პატრისიაც თამაშობდა და როგორც ჩანს, სწორედ სპორტის ამ სახეობამ დააახლოვა ახალგაზრდები. თუმცა გათხოვებისა და ქალიშვილის გაჩენის შემდეგ ვილიას მეუღლეს ფეხბურთისთვის აღარ სცალია.

გერმანიის ნაკრების თავდამსხმელმა მიროსლავ კლოზემ მსოფლიო ჩემპიონატზე გატანილი გოლების რაოდენობით თვით პელეს გაასწრო! კლოზეს მეუღლე - სილვია ძალიან ნერვიულობდა, მიროსლავმა აფრიკიდან რაიმე სახის ვირუსი არ ჩამოიტანოსო. საქმე ის არის, რომ მათი ტყუპი შვილი - ლუანი და ნოა ღორის გრიპით სწორედ მას შემდეგ დაავადდნენ, რაც მამიკო საზღვარგარეთიდან დაბრუნდა.

ბრაზილიელი რიკარდო იზეკსონ დოს სანტოს ლეიტე საფეხბურთო სამყაროში კაკას სახელით არის ცნობილი. ამ მეტსახელს ფეხბურთელი უმცროს ძმას უნდა უმადლოდეს, რომელიც ბავშვობაში "რიკარდოს" გამოთქმას ვერ ახერხებდა და ეს სახელი უფრო მოკლე სიტყვით - "კაკა" შეცვალა, თუმცა "რეალის" ნახევარმცველის მეუღლე - კაროლინა სელიკო ფეხბურთელს სულ სხვა სახელით მიმართავს. წყვილი უკვე ხუთი წელია დაქორწინებულია და კაროლინა საშინლად ეჭვიანობს კაკას მილიონობით თაყვანისმცემელ ქალზე. ამიტომაც ჩააკითხა სამხრეთ აფრიკაში.

ბრაზილიის ნაკრების კარის დარაჯს - ჟულიო სეზარს ცოლად ნამდვილი ლამაზმანი ჰყავს - თანამემამულე სუზანა ვერნერი. სწორედ ის სუზანა, რომელიც რონალდოს საცოლედ ითვლებოდა და "კიჭა" სწორედ 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წინ მიატოვა. რონალდომ ეს საქციელი ვერ აპატია, გარკვეული დროის შემდეგ კი ვერნერი ჟულიო სეზარმა "ჩაიგდო ხელში" და მისი წყალობით ორი ვაჟის მამაც გახდა...

აშშ-ის ნაკრების კაპიტანმა - ლენდონ დონოვანმა ალჟირის ნაკრების კარში გატანილი გადამწყვეტი გოლი საცოლეს - მსახიობ ბიანკა კაილიჩს მიუძღვნა. იმ მომენტამდე შეყვარებულები დიდი ხნის ნაჩხუბრები იყვნენ, თუმცა, საბედნიეროდ, ბიანკამ ჯეროვნად დააფასა ლენდონის საქციელი, ნამატჩევს დაურეკა დონოვანს და შეურიგდა.

ჰოლანდიელი უესლი სნეიდერს ისეთი მძლავრი დარტყმა აქვს, რომ ადვილად შეუძლია კარის ბადე გახიოს. ივლისში "ნარინჯისფერების" ნახევარმცველს ქორწილი აქვს დანიშნული, მისი საცოლე კი "საპნის ოპერების" ვარსკვლავი იოლანტა კაბაუ ვან კასბერგენია, რომელსაც ჰოლანდიის ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ გოგონად მიიჩნევენ. აღსანიშნავია, რომ უესლიმ იოლანტას ხელი მაშინ სთხოვა, როცა... თვითმფრინავში იჯდა და "ინტერელ" თანაგუნდელებთან ერთად ლონდონში მიფრინავდა "ჩელსისთან" ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მატჩის ჩასატარებლად. პირველ ცოლს - რაიმონას სნეიდერი რამდენიმე წლის წინ გაშორდა.

2009 წლის მსოფლიო საუკეთესო ფეხბურთელი - ლიონელ მესი გამოტყდა, რომ თანამემამულე - ანტონელა როკუცო უყვარს, რომელიც არგენტინის ქალაქ როსარიოს მკვიდრია. ანტონელას ბიძაშვილთან ერთად, მესი ხშირად თამაშობდა ფეხბურთს ეზოში, ანტონელამ კი პირველივე დანახვისთანავე მოაჯადოვა და დღემდე აღფრთოვანებულია მისით...

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს