მეცნიერთა ბოლო გათვლებით, 2182 წელს დედამიწას 560 მეტრი დიამეტრის ასტეროიდი შეეჯახება. ასეთი კატასტროფის ალბათობა უახლოეს ათწლეულებში არცთუ დიდია, მაგრამ მომავალ საუკუნეში ასტეროიდთა შემოტევის შანსი ერთი-ორად გაიზრდება.
ეს წინასწარმეტყველება ესპანელ ასტრონომებს ეკუთვნით, რომელთა კვლევის შედეგები სამეცნიერო ჟურნალ "იკარში" გამოქვეყნდა.
დედამიწისთვის საშიში ასტეროიდი 1999 წელს აღმოაჩინეს და მას RQ36 უწოდეს. ესპანელმა ასტრონომებმა ასტეროიდზე 290 ოპტიკური და 13 რადარული დაკვირვება აწარმოეს და მათემატიკური ფორმულებით მისი დედამიწასთან შეჯახების ალბათობა გამოთვალეს. დადგინდა, რომ კატასტროფა 2182 წელს მოხდება.
აღსანიშნავია, რომ ასტეროიდ RQ36-ის მზის გარშემო ბრუნვის ორბიტა საკმაოდ ცვალებადია, რაც მისი მოძრაობის ტრაექტორიის განსაზღვრას ართულებს.
ასტრონომთა თქმით, დედამიწას ასტეროიდი RQ36 პირველად 2060 წელს მოუახლოვდება, თუმცა შეჯახების ალბათობა საკმაოდ მცირე იქნება. 2080 წელს საფრთხე ოთხჯერ გაიზრდება. ამის შემდეგ კატასტროფის ალბათობა დაიკლებს და მხოლოდ 2162 და 2182 წლებისთვის პიკს მიაღწევს.
"პრობლემა მხოლოდ ასტეროიდის რთული დინამიკის გამოთვლასა და მისი დედამიწასთან შეჯახების ალბათობის დადგენაში არაა. საქმეს ისიც ართულებს, რომ მისი ტრაექტორიის ხელოვნურად შეცვლის საშუალება მხოლოდ 2080 წლამდე მოგვეცემა", - განაცხადა მკვევართა ჯგუფის ხელმძღვანელმა.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.