როგორ ვიშოვოთ მილიონი - წარმატებულ ქალბატონთა რჩევები

როგორ ვიშოვოთ მილიონი - წარმატებულ ქალბატონთა რჩევები

ისინი არც ზღაპრული ქონების მემკვიდრენი ყოფილან და არც ფერია გახლდათ მათი ნათლია. ერთმა მათგანმა მხოლოდ შოკოლადის ორცხობილას რეცეპტი იცოდა, მეორე კი სასკოლო თემებში ფანტაზიას გასაქანს აძლევდა და მაღალი მოდის სამყაროს დაპყრობაზე ოცნებობდა. თითოეულმა მათგანმა მიზნისკენ მიმავალ გზაზე წარმატების საკუთარი პრინციპი შეიმუშავა და მართლაც, ახლა ორივე წარმატებული ბიზნესმენი გახლავთ.

მიუჩია პრადა

გასული საუკუნის მიწურულს მარიო პრადა ჩინებულ სამგზავრო ჩანთებს ყიდდა. საქმე მემკვიდრეობით მისმა ქალიშვილმა, ლუიზამ მიიღო, მაგრამ ამით პატარა კომპანიაში არაფერი შეცვლილა. 1979 წელს ოჯახურ ბიზნესს მარიოს უმცროსი შვილიშვილი - დინჯი, სერიოზული, სამყაროს შეცვლაზე მეოცნებე მიუჩია ჩაუდგა სათავეში.

გოგონამ, რომელიც მუდამ მოკრძალებულ, სადა სამოსს ანიჭებდა უპირატესობას, პოლიტოლოგიის დოქტორის ხარისხი მიიღო, პოლიტიკური მოღვაწეობისთვის ემზადებოდა, მაგრამ ყველაფერზე უარის თქმა მოუხდა - უარი თქვა ოცნებაზე, სამომავლო გეგმებზე, კარიერაზე, რადგანაც ოჯახური ბიზნესი კრახის მიჯნაზე იყო. 29 წლის პოლიტოლოგს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა უნდა მოეხერხებინა ამ ჩანთებისთვის...

ერთხელ, როდესაც სასოწარკვეთილი დანებებას აპირებდა, საკუთარი სისუსტის გამო საშინლად შერცხვა და საქმეს ენერგიულად მოჰკიდა ხელი. უმოკლეს დროში ბაზარი შეისწავლა, კონკურენტთა სუსტი წერტილები მოიძია და მსოფლიოს ისეთი ჩანთები შესთავაზა, რომელსაც ნაკლს ვერავინ უპოვიდა. ამასთან, დიზაინერული განათლების უქონლობის მიუხედავად, მოდელების შექმნა თავად იკისრა.

ხუთი წლის შემდეგ მიუჩიამ ტანსაცმლის კოლექციის შექმნა გადაწყვიტა და 1989 წელს მისი კოლექცია პრეტ-ა-პორტეს ჩვენებების "ჰიტად" იქცა. მიუჩიამ გაბედულად შეაბიჯა მოდის სამყაროში, სადაც საუკეთესო ადგილები გიგანტურ ბრენდებს შორის უკვე გადანაწილებული იყო. ის არც მოდურ ტენდენციათა დინების წინააღმდეგ წასვლას შეუშინდა და იმ სეზონში გამეფებულ ჭრელ ფერებს შორის მხოლოდ პრადას კოლექცია გამოირჩეოდა მუქი ტონებით. საუკუნის დასაწყისში პრადამ სათვალეები, აქსესუარები და პარფიუმერიაც გამოუშვა.

მიუჩია პრადას წარმატების საიდუმლო ცოდნისა და ახალი უნარების შეძენის დაუოკებელი წყურვილია. "დიდ წარმატებას ვერასდროს მიაღწევთ, თუ მხოლოდ იმას აკეთებთ, რაც ერთხელ ისწავლეთ... საკუთარი თავის მიმართ საოცრად მომთხოვნი ვარ. მოდელებს ათჯერ მაინც გადავაკეთებ ხოლმე და თითოეულზე მანამ ვიმუშავებ, ვიდრე იდეალურ შედეგს არ მივაღწევ", - ამბობს დიზაინერი.

ნატალია ვოდიანოვა

დღეს ამ რუსი კონკიას შესახებ ყველამ ყველაფერი იცის - ნიჟნი-ნოვგოროდელი გოგონა 11 წლის ასაკიდან შრომობდა, ბოსტნეულს ყიდდა, კაბებს კი ძველი ფარდებისგან იკერავდა. ერთხელ ნატალია სამოდელო სააგენტოს აგენტმა ქუჩაში დაინახა და... 17 წლის ასაკში გოგონა უკვე პარიზში იყო... ყოველწლიურად ათასობით გოგონა ლამობს სამოდელო ოლიმპის დაპყრობას, მაგრამ საუკეთესო მოდელთა ნუსხას ახალი სახელები იშვიათად ემატება. დღეისათვის ნატალია ვოდიანოვა "მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი მოდელის" ტიტულს ატარებს, ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან სარეკლამო კამპანიებში მონაწილეობს და ქველმოქმედებას ეწევა.

მოდელის წარმატების ფორმულა ასეთია: იმისათვის, რომ პრინცესად გადაიქცე, შენს შინაგან კონკიას უნდა გამოეთხოვო; იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბავშვობაში იღბალმა ზურგი შეგაქცია, მტკიცედ უნდა გწამდეს, რომ ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებ; უნდა გჯეროდეს, რომ ულამაზესი ხარ; უნდა გწამდეს, რომ პარიზს დაიპყრობ მაშინაც კი, როდესაც მშობლიური ქალაქის გარდა, არაფერი გინახავს და მხოლოდ ოცნებაში გიმოგზაურია!

დები ფილდსი

მსოფლიოში უამრავი საკონდიტრო ამზადებს გემრიელ ორცხობილასა და შესანიშნავ შოკოლადს, მაგრამ მათ შორის გამორჩეული, ყველაზე წარმატებული საკონდიტრო კომპანია და ახალი ნამცხვრების ბაზრის მსოფლიო ლიდერი Mrs. Fields Cookies-ის მაღაზიათა ქსელია.

20 წლის დები ფილდსს არც განათლება ჰქონდა, არც ფული და არც - გამოცდილება. ახალგაზრდა, უმუშევარი დედა უმუშევართა დახმარებით ცხოვრობდა - ასეთები მრავლად არიან, მაგრამ ისინი მდგომარეობის გაუმჯობესებას ვერ ახერხებენ. დებიმ პრაქტიკულად, არაფერი იცოდა. ერთადერთი, რაც ებადა - შოკოლადიანი ორცხობილას საკუთარი რეცეპტი იყო. მას ბევრი ტყუილ-მართალის თქმა მოუხდა იმისათვის, რომ ბანკისგან კრედიტი მიეღო და პატარა მაღაზია გაეხსნა. "კომპანია არაფრისგან შევქმენი - მხოლოდ ერთი რეცეპტი და ოცნება მქონდა. ჩემი ბიზნესგეგმა მარტივი იყო: იმდენად გემრიელი ორცხობილა უნდა დამემზადებინა, რომ მთელ მსოფლიოს შეჰყვარებოდა". 22 წლის ასაკში გოგონა მილიონერი გახდა.

დამწყებ ბიზნესმენ ქალებს დები ფილდსი ასეთ რჩევას აძლევს: "აუცილებლად სცადეთ. ყველაზე საშინელი ჩავარდნა ისაა, როდესაც ადამიანს საქმის წამოწყების ეშინია. როგორც კი მიხვდებით, რომ რაღაცის კეთება ყველაფერზე მეტად მოგწონთ, ამ საქმეში საუკეთესო გახდით!"

ანა ვინტური

მოდის სამყაროში არანაკლებ სასტიკი კანონები მოქმედებს, ვიდრე დიდ ბიზნესში. აქ ცნობილი, მდიდარი ადამიანები ბატონობენ და ახალბედებისთვის ადგილს არ ტოვებენ. რა არის საჭირო იმისათვის, რომ მსოფლიოს მოდის კანონები უკარნახო? ყველაზე გავლენიანი ქალთა ჟურნალის - ნიუ-იორკის Vogue-ს რედაქტორს ამის თაობაზე საკუთარი მოსაზრება აქვს.

ანა ვინტურას არც უმაღლესი განათლება ჰქონდა, არც სუპერმოდელის გარეგნობით გამოირჩეოდა და დიდძალი მემკვიდრეობაც არ მიუღია. 10 წლის იყო, როდესაც სასკოლო თხზულებაში დაწერა, რომ ჟურნალ Vogue-ს რედაქტორი გახდებოდა. მოგვიანებით, სკოლა საერთოდ მიატოვა და სწავლა მოდის კურსებზე განაგრძო. კოლეჯში არ შევიდა და პირდაპირ ერთ-ერთ ქალთა ჟურნალის რედაქციას მიაშურა. 30 წლის იყო, როდესაც ბრიტანული Vogue-ს კრეატიულ დირექტორად დანიშნეს, ხოლო 1988 წელს გამოცემის - ნიუ-იორკის ვერსიის მთავარი რედაქტორის კაბინეტში დაბინავდა...

დღეს ანა ვინტური მოდის სამყაროში ყველაზე გავლენიანი ადამიანია. ყოფილმა ასისტენტმა, ლორენ ვაისბერგერმა სწორედ მასზე დაწერა ცნობილი ბესტსელერი - "ეშმაკი ატარებს პრადას". ეს ქალბატონი სხვებს საკუთარ აზრებს ახვევს თავს, თავად კი სხვისი გავლენის ქვეშ არასდროს ექცევა. ამბობენ, რომ ვინტურა გარედან რკინის, შიგნიდან კი ტიტანისგანაა ჩამოსხმული და ცხადია, მდგომარეობიდან მისი გამოყვანა შეუძლებელია.

ამასთან, მოდური ჟურნალის მთავარი რედაქტორი კომპიუტერული სიზუსტით მუშაობს და ამაში უმკაცრესი თვითდისციპლინა ეხმარება. მაგალითად, ანა მუდამ 5:45 საათზე იღვიძებს, დასაძინებლად კი 22 საათზე წვება და ამ გრაფიკს ქვეყნიერების დასასრულიც ვერ შეაცვლევინებს.

ენ სუინი და სარა უოკერი

ენ სუინი Fortune-სა და Forbes-ის ყველაზე წარმატებულ საქმიან ქალთა რეიტინგების უცვლელი წევრია, ყველაფერი კი მულტფილმების სიყვარულით დაიწყო... უმრავლესობისთვის დისნეის სამყარო მხოლოდ ბავშვობის სასიამოვნო მოგონებაა, ზოგიერთისთვის კი სამყაროს იდეალური მოდელი და იმის რწმენა, რომ კარგი მულტფილმი ბავშვს ჩამოყალიბებაში ეხმარება. ენ სუინი პედაგოგთა ოჯახში დაიბადა და ამერიკის ერთ პატარა ქალაქში გაიზარდა. ბევრი რა აკლდა, მაგრამ ბავშვური, დისნეისათვის დამახასიათებელი რწმენა ასაზრდოებდა - რწმენა იმისა, რომ შეუძლებელი არაფერია!

კოლეჯის დამთავრების შემდეგ საბავშვო ტელეარხზე ასისტენტად დაიწყო მუშაობა. ენიმ ჯერ Nickelodeon-სა და FOX-ში იმუშავა, შემდეგ კი დისნეის ოჯახის წევრი გახდა. მისი ხელმძღვანელობით გაიხსნა 24-საათიანი საბავშვო ტელეარხი, სახელგანთქმული Disney Channel-ის პოპულარობა კი 5-ჯერ გაიზარდა.

ქალი, რომელმაც ბავშვობის ოცნება აისრულა, სრულიად დარწმუნებულია, რომ წარუმატებლობის მთავარი მიზეზი - ჩვენი გონებაშეზღუდულობის გამართლების მცდელობაა და ამ მოსაზრების დასამტკიცებლად, ინტერვიუებში ხშირად ახსენებს პირველი აფროამერიკელი მილიონერი ქალის - სარა უოკერის ამბავს, რომელიც ბავშვობაში მისი შთაგონების წყარო იყო.

სარა ობოლი გახლდათ და თავს შაქრის ლერწმის მოსავლის აღებით ირჩენდა. ადრე გათხოვდა და მალევე დაქვრივდა. მარტოხელა დედა დღისით სამრეცხაოში მუშაობდა, საღამოობით კი სკოლაში დადიოდა და წერა-კითხვას სწავლობდა. ერთხელ, როდესაც სამსახურის შემდეგ ურჩი თმის მოწესრიგებას ცდილობდა, ის მოიფიქრა, რამაც შემდგომ მთელ მსოფლიოში გაუთქვა სახელი - სარამ აფროამერიკელ ქალთა უხეში, ხუჭუჭა თმის გასასწორებელი საცხი გამოიგონა. ამ საცხს მთელ ქალაქში დაატარებდა და თავისდა უნებურად, ცხოვრების ახალ სტილს ავრცელებდა.

XX საუკუნის დასაწყისში, როდესაც ფემინისტები ქალთა უფლებების დასაცავად მხოლოდ ემზადებოდნენ, სარა უოკერს უკვე საკუთარი ფაბრიკა და სკოლა ჰქონდა. იგი ცნობილი ადამიანი გახდა და ინტერვიუს მიცემაზე სიამოვნებით თანხმდებოდა, მხოლოდ ერთი პირობით - იგი ჟურნალისტებს მუდამ აფრთხილებდა: "იმის თქმა არ გაბედოთ, რომ ჩემი რასისა და სქესის ადამიანისთვის წარმატების მიღწევა შეუძლებელია. შეხედეთ ჩემს სახლს - ასეთი სახლი იმისთვის ავაშენე, რომ ყველამ დაინახოს - მიუღწეველი არაფერია!!!"

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს