სტრიპტიზის ისტორია - კანკანიდან ბურლესკამდე

სტრიპტიზის ისტორია - კანკანიდან ბურლესკამდე

იმის მიუხედავად, ეროტიკული ცეკვები ღმერთების საამებლად სრულდებოდა, კომედიებში იყო გამოყენებული თუ ჯაშუშური მოღვაწეობის შესანიღბავად, ყოველთვის ძალუმად აძგერებდა მამაკაცების გულებს.

ამ ხელოვნებას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ჯერ კიდევ ძველ ბაბილონსა და ასურეთში ქურუმების საცეკვაო სკოლებში მუსიკის ხმაზე ლამაზად გახდას ასწავლიდნენ. ერთ-ერთი პირველი ეროტიკული ცეკვების შემსრულებლის სახელი ბიბლიაშიც ფიგურირებს. ნორჩი სალომეა იროდის წინაშე ცეკვავდა და ისე მოხიბლა მეფე, რომ მისგან დიდი ძღვენი მიიღო. მიიჩნეოდა, რომ ეს იყო "შვიდი ზეწრის ცეკვა" - ზეწრებს მოცეკვავეები ერთმანეთის მიყოლებით იძრობდნენ ისე, რომ გამოსვლის ბოლოს პრაქტიკულად შიშვლები რჩებოდნენ.

XIX საუკუნის ევროპაში ქალური მშვენებების დემონსტრირება სწრაფი ტემპებით ხდებოდა - კადრილის ტემპში, უფრო სწორად, მისი იმ სახესხვაობით, რასაც "ფრანგული კანკანი" ეწოდება. სწორედ კანკანს მიიჩნევენ თანამედროვე სტრიპტიზის პროტოტიპად.

ყველაზე ცნობილი ადგილი, სადაც დღემდე ცეკვავენ კანკანს, 1889 წელს გაიხსნა პარიზში და იმ ცეკვის წყალობით, რომელშიც ფეხებს თავზე მაღლა სწევდნენ, თითქმის ერთ ღამეში "მულენ რუჟი" საოცრად პოპულარული გახდა. გაზეთები თამამ მოცეკვავეებს აკრიტიკებდნენ, მაგრამ მოხდენილი ქალური ფეხებით ტკბობის მსურველთა რიცხვი დღითი დღე იზრდებოდა.

კანკანის ერთ-ერთმა მოცეკვავემ ლუიზა ვებერმა ცეკვის საკუთარი ინტერპრეტაცია მოიგონა, რომელიც სხეულის ქვედა ნაწილს თითქმის მთლიანად აჩენდა და შპაგატითა და ყვირილით მთავრდებოდა. ამბობენ, სწორედ მან აუფრიალა ფეხით ქუდი მის უდიდებულესობა გალიის პრინცს, რომელიც პარიზში საქმეებზე მყოფი "მულენ რუჟსაც" ესტუმრა.

იმავდროულად ამერიკაში "ბრიტანელი ქერათმიანები" ბრწყინავდნენ ლიდია ტომპსონის ხელმძღვანელობით. მათი მეტისმეტად გულახდილი სამოსი საზოგადოებას აოგნებდა - გოგონები სცენაზე იუმორისტულ შოუებს დგამდნენ, გრძელ ქვედატანებზე უარი თქვეს და წინდებსა და მუხლამდე კაბა-პერანგებში გამოწყობილნი გამოჩნდნენ.

"მულენ რუჟშივე" უჩვენეს 1893 წელს პირველი სტრიპტიზი (ინგლისურიდან სტრიპ - გახდა და ტეასე - გაღიზიანება) - ფაქტი, რომელიც ლეგენდებით არის მოცული. თუმცა იმ ღამეს კანკანის მოცეკვავეებს არ გაუხდიათ.

მოვლენათა განვითარების ორი ვერსია არსებობს: პირველის თანახმად, წვეულებაზე, რომელიც სამხატვრო სასწავლებლების სტუდენტებმა მოაწყვეს, მენატურეებმა მანონ ლავილმა და სარა ბრაუნმა გადაწყვიტეს, მაგიდაზე ეცეკვათ. გოგონები მიჩვეული იყვნენ სხეულის დემონსტრირებას და ცეკვამ ისე გაიტაცათ, ბოლოს შიშვლები დარჩნენ. მეორე ვერსიით, დაწესებულებაში სილამაზის იმპროვიზებული კონკურსი იმართებოდა, რომლის მიმდინარეობის დროსაც მოდელი მეტსახელად მონა ისე გაერთო, რომ მთელი ტანისამოსი გაიხადა, რის გამოც დააჯარიმეს და დააპატიმრეს.

1905 წელს პარიზის სცენაზე მატა ჰარი გამოჩნდა. ამჯერად გვერდი ავუაროთ მის ჯაშუშურ ვნებებს - უბრალო ჰოლანდიელი გოგონა, რომელსაც არასდროს უვლია სკოლაში, ქმარს პარიზში გაექცა და ლეგენდა შექმნა. ამიერიდან მისი მამა იაპონელი პრინცი იყო, დედა - ბარონესა, ცეკვა კი ბუდისტ ბერებთან ისწავლა და მისი სახელიც არა მარგარეტ ჰერტრუდა ზელე გახლდათ, არამედ მატა ჰარი - "დილის ცვარი". მატა ჰარის ხშირად ადარებენ აისედორა დუნკანს, მაგრამ აისედორას წარმოდგენა ძნელია კოსტიუმში, რომელიც ცეკვის ბოლოს მხოლოდ მძივებისა და სამაჯურებისგან შედგება.

XX საუკუნის 20-იან წლებში ბერლინის ცაზე ანიტა ბერბერის ვარსკვლავი აკიაფდა, მოცეკვავისა და მუნჯი კინოს მსახიობის. ანიტა თავის საცეკვაო პარტნიორს, ჰომოსექსუალ სებასტიან დროსტეს გაჰყვა ცოლად და მასთან ერთად წარმოადგინა პროგრამა "ბიწიერების, საშინელებისა და აღტაცების ცეკვები". ამ სკანდალურ შიოუში სრული "თანაბარუფლებიანობა" სუფევდა - ბერბერიცა და დროსტეც შიშვლები ცეკვავდნენ.

იმ დროს პარიზულ პუბლიკას შავკანიანი ჟოზეფინა ბეიკერი ხიბლავდა, რომელიც სამოსში მინიმალიზმის მომხრე

იყო. ტრადიციულ ინგლისში ჩასახული იუმორისტული თეატრი კი ეროტიკული აბსურდის თეატრად გადაკეთდა. დიდ ბრიტანეთში კანონები წესიერებას იცავდა - იქ შიშვლად ცეკვა იკრძალებოდა, სამაგიეროდ, არ არსებობდა აკრძალვა შიშვლად დგომაზე. ჰოდა, გოგონები სცენაზე შიშვლები გამოდიოდნენ, პიკანტურ ადგილებს მარაოებითა და მძივებით იფარავდნენ და... უძრავად იდგნენ.

60-იან წლებში სექსუალურმა რევოლუციამ და პორნოინდუსტრიამ სტრიპტიზზეც იქონია გავლენა - ის უკვე სასაცილო და უსუსური ჩანდა. ამიტომ კლუბების მეპატრონეებმა გადაწყვიტეს, არა ხარისხით, არამედ რაოდენობით ემუშავათ. ერთდროულად 35-მდე შიშველი გოგონაც კი ცეკვავდა სცენაზე შეუჩერებლად. მაიკლ ჯეკსონის სცენაზე გამოჩენამდე დიდი ხნით ადრე სტრიპტიზიორები მთლიანად უჩვენებდნენ მოძრაობებს, რომლებიც სქესობრივი აქტის იმიტაცია იყო.

დღეს "ბურლესკის დედოფალი" კაშკაშა და ქარიზმატული დიტა ფონ ტიზია, რომელიც გამოსვლისას კლასიკურ ილეთებს იყენებს. თუ 50-იანების ვარსკვლავი ლილი სენტ კირი საპნის ბუშტების აბაზანაში "ბანაობდა", დიტას შემთხვევაში ბუშტები მარტინის ბოკალმა შეცვალა. დიტას წყალობით სტრიპტიზი აღარ არის დაბალგემოვნებიანი და უხამსი წარმოდგენა, ის მოდურ ფეტიშხელოვნებად იქცა.

XXI საუკუნეში სტრიპტიზი ჩვეულებრივ გოგონებსა და სპორტს დაუახლოვდა - ნებისმიერ ფიტნესკლუბში აუცილებლად არის გაკვეთილი ეროტიკული ცეკვის ელემენტებით, რომელიც არა მხოლოდ საკუთარი სხეულის ფლობასა და პლასტიკურობას ამაღლებს, კარდიოდატვირთვას იძლევა, არამედ ისეთ მნიშვნელოვან თვისებასაც ავითარებს, როგორიცაა საკუთარი თავისა და საკუთარი მომხიბვლელობის რწმენა.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს