"ადამიანი-ამფიბია" რეკორდს თურქეთის სახელით დაამყარებს

"ადამიანი-ამფიბია" რეკორდს თურქეთის სახელით დაამყარებს

ბეგლარ ელბაქიძის უნიკალური შესაძლებლობების შესახებ მთელმა საქართველომ იცის: ბატონი ბეგლარი ზღვაში უკეთ "დადის", ვიდრე - ხმელეთზე. მსოფლიოს მასშტაბით, მის მსგავსად ცურვას ვერავინ ახერხებს. გინესის რეკორდების წიგნში მხოლოდ იმიტომ არაა დაფიქსირებული, რომ საჭირო ფინანსები ვერ მოიპოვა.

ბეგლარ ელბაქიძეს ყოველ ზაფხულს თურქეთის საზღვაო დღესასწაულზე იწვევენ და სთხოვენ, რეკორდი თურქეთის სახელით დაამყაროს. ამ წინადადებაზე "ზღვაში მოსიარულე გურჯი" ყოველთვის უარს ამბობდა: სურდა, რეკორდი საკუთარი სამშობლოს სახელით დაემყარებინა, მაგრამ წლების განმავლობაში მისი დაფინანსება არც თბილისის მერიამ მოინდომა და არც რომელიმე კერძო პირმა...

ახლახან ბატონი ბეგლარი თურქეთის საზღვაო დღესასწაულიდან დაბრუნდა, სადაც ახალგაზრდა მოცურავესთან - ლევან წერეთელთან ერთად იმყოფებოდა. ლევანმა შეჯიბრებაში მესამე ადგილი დაიკავა და ფულადი ჯილდოც მიიღო, ბეგლარ ელბაქიძე კი, ბოლოს და ბოლოს, რეკორდს დაამყარებს, ოღონდ - თურქეთის სახელით, რის გამოც ქართველ ხალხს პატიებას სთხოვს...

ბეგლარ ელბაქიძე:

- თურქეთში საზღვაო დღესასწაულზე მიმიწვიეს. თან მთხოვეს: 4 მოცურავე წამოიყვანეო. ლევან წერეთელი შევარჩიე და წავიყვანე.

- დანარჩენი 3 მოცურავე?

- ვერ ვნახე... მე შედეგი მაინტერესებდა, შედეგი კი სახეზეა: 21 წლის ბიჭმა მესამე ადგილი დაიკავა! ეს სახუმარო საქმე არაა! ლევანის ასაკობრივ კატეგორიაში 113 კაცი (სხვადასხვა ქვეყნიდან) მონაწილეობდა.

- ლევან, დიდი ხანია, რაც ცურავ?

- 7 წლის ასაკიდან. თავდაპირველად მწვრთნელი მყავდა, აუზზე დავდიოდი. ბოლო 10 წლის მანძილზე მწვრთნელი არ მყოლია. ნასწავლი დამოუკიდებლად აღვიდგინე, სპორტული სტილით ცურვით ვარ დაკავებული.

- შეჯიბრებაში წინათაც თუ მონაწილეობდი?

- არა, წელს პირველად ვმონაწილეობდი.

- ბატონო ბეგლარ, ლევანი როგორ აღმოაჩინეთ?

- შარშან ზაფხულს გავიცანი. ვხედავდი, რომ ყოველდღე ვარჯიშობდა, მოწადინებული იყო. ვუთხარი: თურქები ყოველ წელს საზღვაო დღესასწაულზე მიწვევენ, ნორმალურად მოემზადე და წაგიყვან-მეთქი. დანაპირები ავასრულე. მალე თურქეთში მსოფლიო რეკორდის დასამყარებლად გავემგზავრები და ლევანსაც წავიყვან. საზეიმო გახსნაზე შეჯიბრება მოეწყობა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს.

- მახსოვს, ბოლოს თბილისის მერიის დაფინანსების იმედი გქონდათ. ე.ი. ეს იმედიც გაგიცრუვდათ და მსოფლიო რეკორდს თურქეთის სახელით ამყარებთ?

- საქართველოში არავითარი შანსი აღარ დამიტოვეს! იძულებული გავხდი, თურქეთში წავსულიყავი. გული არ მწყდება, რადგან იქ "მეორე საქართველო" აღმოვაჩინე: თურქეთში ბევრი ქართველი ცხოვრობს. ხელისგულზე მატარებენ. ქალაქ გოლჯუკში ზღვის ნაპირას სახლიც მაჩუქეს - კოხტა, ლამაზი, "გემრიელი"... წარმოიდგინეთ, ის ადამიანები საქართველოში ნამყოფებიც არ არიან, მაგრამ ქართულად ლაპარაკობენ - მშობლიური ენა არ ავიწყდებათ... სულაც არ მინდოდა, რეკორდი თურქეთის სახელით დამემყარებინა, მაგრამ მეტის მოთმენა აღარ შეიძლებოდა. 5 წლის განმავლობაში განცხადება სად აღარ შევიტანე, ვის არ მივმართე, მაგრამ ამაოდ! უკვე 10 რეკორდს დავამყარებდი!

- როგორ ფიქრობთ, ქართველების დაინტერესება რატომ ვერ მოახერხეთ?

- არ ვიცი, ზოგი მათგანი დღეში 200.000 ლარს გართობაში ხარჯავს, ჩემი დაფინანსება კი არავინ მოინდომა! როცა საზღვაო დღესასწაულზე მივემგზავრებოდი, თურქები ყოველ წელს მთხოვდნენ, ჩვენთან დარჩიო. მათ უარს ვეუბნებოდი - ეს ყველამ იცის! ამჯერად, ქართველი ხალხი ჩემს ნაბიჯს მაპატიებს, რადგან ტელევიზიით, თქვენი ჟურნალის საშუალებით ჩემი ამბავი ყველას კარგად მოეხსენება...

- ბატონო ბეგლარ, რეკორდის დასამყარებლად განსაკუთრებული მომზადება გჭირდებათ?

- მე ყოველთვის განსაკუთრებულად ვემზადები. სულ ფორმაში იმიტომ ვარ, რომ ყოველთვის ვვარჯიშობ - დილის 10 სთ-დან საღამოს 8 სთ-მდე. დღეს თქვენთან ინტერვიუ მქონდა დანიშნული, თორემ ახლაც წყალში ვიქნებოდი.

- ლევან, ალბათ, შენც აქტიურად ვარჯიშობ, არა?

- კი, ყოველდღე 8 კმ-ს ვცურავ.

- ცურვის გარდა, რას საქმიანობ?

- სტომატოლოგის პროფესიას ვეუფლები. მეხუთე კურსის სტუდენტი ვარ.

- 2 საქმეს ერთმანეთს როგორ უთავსებ?

- ზაფხულში ინსტიტუტიდან დათხოვილი ვარ და ცურვის გარდა არაფერს ვაკეთებ. სხვა დროს კი დრო განაწილებული მაქვს. ინსტიტუტიდან შინ დაბრუნებული ვმეცადინეობ, მერე აუზზე მივდივარ.

- საზღვაო დღესასწაულიდან დაბრუნებულებმა განტვირთვის გარკვეული პერიოდი არ გამოყავით?

ბეგლარი:

- არა, ყოველდღე უნდა ვივარჯიშო, რეკორდის დამყარება დიდი პასუხისმგებლობაა! მგონი, 15-20 კმ-ის მანძილზე მომიწევს გაცურვა. ამ მანძილის დაფარვას დღესაც შევძლებ, მაგრამ ორმაგად უნდა მოვემზადო!

- რეკორდის დამყარებას როდის აპრებთ?

- თურქეთში ახლა რამადანის პერიოდი აქვთ, მერე, 3 დღის განმავლობაში - ბაირამობა. ალბათ, სექტემბრის ბოლოს (10 ოქტომბრამდე - ყველა ვარიანტში) რეკორდს თურქეთის დროშით ხელში, თურქეთის სახელით დავამყარებ!

- ორივეს - თქვენც და ლევანსაც წარმატებას გისურვებთ. დასასრულ, რამის თქმა ხომ არ გსურთ?

- დამნაშავე არ ვარ იმაში, რომ რეკორდს თურქეთის სახელით ვამყარებ, მაგრამ ქართველ ხალხს ბოდიშს მოვუხდი - სხვა გზა არ მაქვს...

ლევანი:

- ჩვენს ქვეყანაში ხალხი სპორტით დაინტერესებულია, მაგრამ ამ სფეროს სათანადო ყურადღება არ ექცევა. თურქეთში წამახალისებელი შეჯიბრებები ეწყობა, ეს ყველაფერი ფინანსდება... ვისურვებდი, რომ საქართველოშიც ასეთი სიტუაცია იყოს.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს