ნიუ-იორკში ღამ-ღამობით ცათამბჯენების მაღალ სართულებზე სინათლეს აქრობენ. ამგვარად იმ ფრინველების გადარჩენა სურთ, რომლებიც განათებულ ფანჯრებთან შეჯახების შედეგად იღუპებიან.
ველური ფრინველების დამცველი ორგანიზაცია NYC Audubon-ის აქცია 1 ნოემბრამდე გაგრძელდება, როდესაც გადამფრენი ფრინველები საშემოდგომო მიგრაციას დაასრულებენ.
ამ აქციაში მონაწილე შენობებს შორისაა ცნობილი ემპაიარ-სტეიტ-ბილდინგი და კრაისლერ-ბილდინგი.
აღსანიშნავია, რომ ცათამბჯენების მინის კედლებთან შეჯახების შედეგად ყოველწლიურად 90 ათასი ფრინველი იღუპება.
ორგანიზაცია NYC Audubon-ი ამ აქციას უკვე ხუთი წელია ატარებს. მათი წარმომადგენლების თქმით, გადამფრენი ფრინველები ფრენის მარშრუტს კაშკაშა სინათლის გამო სცდებიან. სინათლე მათ სივრცეში ორიენტირების უნარს ამცირებს.
NYC Audubon-ი მაღალი შენობების მფლობელებს სინათლის გამორთვისკენ მოუწოდებს.
ორგანიზაციის წარმომადგენლები გვიანობამდე მომუშავე თანამშრომლებს ასევე სთხოვენ, რომ ფანჯრებზე მზისგან დამცავი ეკრანები ჩამოუშვან და მხოლოდ მაგიდის ლამპების განათებით ისარგებლონ.
ანალოგიური პროექტი კანადაში ქალაქ ტორონტოშიც ხორციელდება.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.