ასტროლოგი საშიში პერიოდის შესახებ გვაფრთხილებს

ასტროლოგი საშიში პერიოდის შესახებ გვაფრთხილებს

ასტროლოგი რამაზ გიგაური ამბობს, რომ ამჟამად საშიშ პერიოდში ვიმყოფებით, რადგან 2011 ლითონის წელიწადია. არანაკლები საფრთხის შემცველი იქნება მსოფლიოსთვის 2013 წელი, რასაც ვერ იტყვის ფართოდ დაანონსებულ და დაპიარებულ 2012 წელზე.

ცნობილ ასტროლოგთან ვისაუბრეთ ჩვეულებრივი სტიქიური უბედურებებისა და იმ "სტიქიური უბედურების" შესახებაც, რასაც ქართული პოლიტიკა ჰქვია. როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოში და რატომ უნდა ველოდოთ სიტუაციის გამწვავებას უფრო მეტად შემოდგომაზე, წაიკითხავთ ინტერვიუში, თუმცა საუბარი გახშირებული მიწისძვრებისა და წყალდიდობების თემით დავიწყეთ.

- როდესაც უცხოეთში რაღაც ხდება, მაგალითად, სტიქიური უბედურება, საქართველოში ყოველთვის პანიკაა. რატომ?

- თუკი იაპონიის მიწისძვრას გავიხსენებთ, ასეთი რამ არ ხდება არც ყოველდღე და არც ყოველ კვირას, არც ყოველ წელს. თუმცა 2004 წლის დეკემბერში აზიაში იყო დიდი მიწისძვრა, რომელმაც ცუნამი გამოიწვია. ეკოლოგიური თვალსაზრისით რაიმე უჩვეულო არ ხდება, რადგან თუ გავიხსენებთ ყველაზე დიდი ეკოლოგიური კატასტროფების ათეულს, იაპონიის მიწისძვრა ნამდვილად არ იქნება პირველ ადგილზე. შეგვიძლია, მაგალითად დავასახელოთ ჩინეთში მდინარე ხუანხეს ადიდება, რომლის დროსაც 2 მილიონი ადამიანი დაიღუპა. საერთოდ, მიწისძვრები უმეტესწილად აზიაში ხდება, რასაც თავისი მეტაფიზიკური ახსნა აქვს.

რასაკვირველია, გეოლოგები იტყვიან, რომ აზია სეისმურად აქტიური ზონაა. თუმცა მეორე კუთხით თუ შევხედავთ, ეს ტერიტორიები ხალხით მეტად მჭიდროდაა დასახლებული, რაც წარმოშობს ენერგეტიკულ მუხტს. ხალხის სი­მ­ჭიდროვე დედამიწისგან უკურეაქციებს იწვევს. რატომ არ ხდება მიწისძვრები საჰარის უდაბნოში ან ანტარქტიდაზე? იმიტომ, რომ იქ მიწა უფრო თავისუფალია.

რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას, ემოციური ხალხი ვართ და როდესაც მსოფლიოში ასეთი რამ ხდება, ჩვენი შეფასებაც ზედმეტად ემოციურია. იაპონიაში მიწისძვრა რომ მოხდა, აქ კითხულობდნენ, რა ეშველებათ იაპონელებსო. ჩვენ რა გვეშველება, თორემ იაპონელებს ნაშველი აქვთ-მეთქი, ვუპასუხე. მათ არ შეუწყვეტიათ ისეთ საკითხებზე მუშაობა, როგორიც, მაგალითად, მთვარეზე რობოტების მიერ სადგურების აგებაა. ამ ბოლო მიწისძვრას ცუდი შედეგები მოჰყვა, მაგრამ ჩერნობილის მსგავსი საფრთხე არ შეუქმნია.

საქართველოში ხშირად ამბობენ, რთულ დროში ვცხოვრობთო. ყველა ადამიანს ის დრო მიაჩნია რთულად, როდესაც თავად ცხოვრობს, მაგრამ სინამდვილეში არანაირ მძიმე ეპოქაში არ გვიხდება ცხოვრება. ჩვენ, უბრალოდ, ზუსტად არ ვიცით, რა გვინდა და ძიების პროცესში ვართ.

- ჩვენ რა გვინდა, ამას მოგვი­ანებით შევეხოთ, ამას წინათ იტალიის დედაქალაქის მოსახლეობის ნახევარი ქალაქიდან გარბოდა, რადგან სჯეროდათ, რომ იმ დღეს, წინასწარმეტყველების შესაბამისად, მიწისძვრა მოხდებოდა. ეს მართლაც მოხდა, ოღონდ რომიდან 1500 კილომეტრის დაშორებით. შესაძლებელია მიწისძვრების წინასწარი პროგნოზი თუ უბრალო დამთხვევაა?

- ამას წინასწარმეტყველებას ვერ დავარქმევ, რადგან მიწისძვრის თარიღი სეისმოლოგმა გამოთვალა. მე კი, რო­გ­ორც ასტროლოგი, ვამბობ, რომ დამთხვევები არ არსებობს, სამყაროში ყველაფერი კანონზომიერია. სხვათა შორის, იაპონიაში მიწისძვრის პროგნოზირებისთვის ასტროლოგიასაც იყენებენ. ისინი, ფაქტობრივად, ყოველდღიურ ქანაობას მიჩვეულნი არიან და ცდილობენ, ყველანაირ ხერხს მიმართონ წინასწარ გამოსაცნობად.

ის იტალიელი მეცნიერი კი, რომელმაც თარიღი გამოიცნო, აწარმოებდა დაკვირვებას ციურ სხეულებზე, ანუ პლანეტების განლაგების მეშვეობით ცდილობდა მიწისძვრის დროის გამოცნობას. ფაქტია, რომ მან ორჯერ, ასე ვთქვათ, იწინასწარმეტყველა მიწისძვრა. 11 მაისის მიწისძვრა მოხდა ესპანეთში, რომიდან 1500 კილომეტრის დაშორებით, თუმცა გეოგრაფიულად ეს მხოლოდ ერთგრადუსიანი ცდომილება შეიძლება იყოს. ასე რომ, მიწისძვრის წინასწარ გამოცნობა შესაძლებელია, თუმცა ბუნების საიდუმლოებებს მთლიანად ვერ ჩასწვდები. კიბოს წამლის გამოგონებასავით არის, პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვიღაცამ მიწისძვრების წინასწარი გამოცნობის სისტემა შექმნა, თუმცა ეს სისტემა ერთხელ მუშაობს, მეორედ - აღარ.

- მახსოვს, ერთხელ მითხარ­ით, რომ იაპონიაში საყოველთაო ლო­ცვით აიცილეს უბედურება. ეს მართალია?

- ეს ცნობილი ფაქტია. ლოცვა პოზიტიური ენერგიაა, რომელსაც ადამიანი გასცემს და მას კარგად უბრუნდება, წყველა კი პირიქით. სიტყვასა და აზრს დიდი ძალა აქვს.

მე-19 საუკუნეში, როდესაც მონღოლებმა გადაწყვიტეს იაპონიის დაპყრობა, ორჯერ მოაწყვეს ლაშქრობა და ორჯერვე თავს ქარიშხალი დაატყდათ. იაპონელებმა კოლექტიურად ილოცეს და მათი რწმენით, რადგან მზის ღმერთს შესთხოვეს, მან მტერს ქარიშხალი მოუვლინა. ასეთი რამ მე-20 საუკუნეშიც გამეორდა. 1943 წელს ერთ-ერთი საზღვაო ესკადრილია დაიძრა იაპონიისკენ და მაშინ ასი ათასმა იაპონელმა ილოცა კოლექტიურად, მზის ღმერთის, ამატერას სახელზე. გემებს თავს კვლავ დაატყდა ქარიშხალი. რამდენიმე გემი ჩაიძირა, სადაც თვითმფრინავები იყო განლაგებული. ფაქტობრივად, ამერიკელებმა ვერ შეძლეს დესანტის გადასხმა. ასი ათასი იაპონელის ლოცვამ სასიკეთო შედეგი მოიტანა. ამიტომ, როდესაც საქართველოში ადამიანები წყევლიან და აგინებენ ხელისუფლებას, ეს ისევ მათ უბრუნდებათ და უფრო მეტია, ვიდრე ხალხის მიერ ქუჩაში დაგდებული ნაგავი, რომელსაც დაასუფთავებ.

- ოპოზიცია პოლიტიკურად ცხელ ზაფხულს გვპირდება. როგორც ასტროლოგს, რა შეგიძლიათ გვი­თხრათ, იქნება გამოსვლები შედეგიანი?

- გააჩნია, ვისთვის. რადიკალური ოპოზიცია ცხელ ზაფხულს გვპირდება, მაგრამ ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირება გადადებულ საჭადრაკო პარტიას შეიძლება შევადაროთ. შესაძლოა, წინა დღეს ერთ მოთამაშეს ჰქონდეს უპირატესობა, მაგრამ მეორე დღეს წააგოს. მიხეილ სააკაშვილი კარგად იყენებს ოპოზიციის შეცდომებს, რასაც თავად ოპოზიცია ვერ აკეთებს. თუ ოპოზიცია ადრინდელივით გააგრძელებს, ვერანაირ შედეგს ვერ მიიღებს.

- თავად პერიოდი როგორია?

- ზაფხულზე მეტად შემოდგომა იქნება რთული. სააკაშვილი განაპირობებს, საითკენ მიემართება ხელისუფლების ვექტორი, მისთვის კი ოქტომბერი-ნოემბერი იქნება რთული. ის მოქცეულია საქართველოს პრეზიდენტების ვადაზე ადრე წასვლის, ასე ვთქვათ, მოჯადოებულ წრეში. ნოე ჟორდანიამ თავის დროზე, შემდეგ კი პრეზიდენტებმა ზვიად გამსახურდიამ და ედუარდ შევარდნაძემ თავიანთი ვადები ბოლომდე ვერ მიიყვანეს. ცნობილია, რომ ამერიკელ პრეზიდენტებს, რომლებიც ნულოვან წლებში იწყებდნენ პოსტზე მუშაობას, ინდიელების წყევლამ უწიათ. ამ წყევლას თავი დააღწია მხოლოდ ორმა, რონალდ რეიგანმა და ჯორჯ ბუშმა, ორივეს ესროლეს, მათ შორის ამ უკანასკნელს ორჯერ, ერთხელ თბილისში, მაგრამ ისინი გადარჩნენ.

მიხეილ სააკაშვილს უდიდესი ინტუიცია აქვს, რა თქმა უნდა, მთლად ჯეროვანი შედარება არ არის, მაგრამ ფიდელ კასტროს მაგალითს მოვიყვან. ბავშვობაში კასტრო კვდებოდა, კარიბის ზღვის ერთ-ერთმა მაგმა ჩაუტარა რიტუალი და უთხრა, რომ მას ვერავინ მოერეოდა. შამანმა სიკვდილს გადაარჩინა და გააძლიერა. მასზე თავდასხმის 70-მდე მცდელობა იყო და ვერაფერი დაუშავეს. არ ვიცი, სააკაშვილს შეულოცა თუ არა ვინმე მაგმა, მაგრამ ფაქტია, რომ აქვს ინტუიცია და გრძნობს, როდის უნდა დაიხიოს უკან და როდის შეუტიოს. სააკაშვილი მაგიურ დღეს არის დაბადებული, მშვილდოსნის ზოდიაქოს ბოლო გრადუსში, 21 დეკემბერს. შეცდომაა, როდესაც ამბობენ, რომ სტალინია დაბადებული ამ დღეს, სინამდვილეში ის დაიბადა 18 დეკემბერს, უბრალოდ, გარკვეული მოსაზრებების გამო შეიცვალა დაბადების თარიღი.

სააკაშვილი მომენტალურად აუვნებელყოფს იმ მოწინააღმდეგეებს, რომლებსაც მისთვის რეალური საფრთხის შექმნა შეუძლიათ. რამდენიმე წლის წინ მის წინააღმდეგ იბრძოდა ე.წ. "მორიელთა ორდენი", ესენი იყვნენ ამ ზოდიქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულები ბადრი პატარკაციშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი თარგამაძე. თუმცა სააკაშვილმა მათ სუსტი წერტილები გამოუნახა.

- ახლა ვინ არის მისთვის რეალური მოწინააღმდეგე?

- რეალური ძალა, რომელიც სააკაშვილს საფრთხეს უქმნის, ჯერჯერობით გაუვნებელყოფილია, ირაკლი ოქრუაშვილს ვგულისხმობ. შეუძლებელია, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე გადამწყვეტი გავლენა მოახდინო, როდესაც იქ არ ხარ. ლევან გაჩეჩილაძე და ნინო ბურჯანაძე კირჩხიბები არიან და ეს ზოდიაქო არ არის მეომარი, მათ გაუჭირდებათ აქტიურ, მებრძოლ და ავანტიურისტ მშვილდოსანთან გამკლავება. საინტერესოა ეროსი კიწმარიშვილი, რომელიც ზოდიაქოთი ლომია. მას შეუძლია პასუხისმგებლობისა და მართვის სადავეების ხელში აღება, პირდაპირ და ირიბად ირაკლი ოქრუაშვილის შეცვლა. სხვას, არასაპარლამენტო თუ საპარლამენტო ოპოზიციას არ შეუძლია სააკაშვილისთვის რაიმე საფრთხის შექმნა.

საეჭვოდ გააქტიურდა ბიძინა ივანიშვილის საკითხი. ის მერწყულია, არაფრით არ უნდა სააშკარაოზე გამოსვლა, ეს ზოდიაქო არ არის მებრძოლი, სამაგიეროდ, ჯიუტია. სხვათა შორის, შალვა ნათელაშვილიც მერწყულია და როცა მან ერთხელ თქვა, რომ არავისთან არ გაერთიანდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს შესაძლოა, მისთვის მომგებიანი არ იყოს, თავის პოზიციაზე მაინც რჩება.

- სააკაშვილი მივა 2013 წლამ­დე?

- თუ ოპოზიცია კონცენტრირდება და გარშემო ახალ სახეებს შემოიკრებს, გამოიყენებს ხელისუფლების შეცდომებს, ზაფხულში არა, მაგრამ შესაძლოა, შემოდგომაზე სააკაშვილს პრობლემები შეუქმნას. მისთვის რთული იქნება პრეზიდენტის პოსტზე 2013 წლამდე მისვლა, თუმცა დიდი ალბათობით პრეზიდენტის პოსტი შესაძლოა, საერთოდ გაუქმდეს. საქართველოში საპრეზიდენტო მმართველობა ვერ ამართლებს. ქართველი ერი ვერ იტანს, რომ მას ერთი ადამიანი მართავს.

- პოლიტიკური ამინდიდან ჩვეულებრივ ამინდზე გადავინაცვლოთ. ამბობენ, რომ კლიმატის ასეთი ცვლილება, როდესაც აღარც ზამთარია თავის ადგილას და აღარც ზაფხული, დიდ პრობლემებს შექმნის. ბევრი გახშირებული სტიქიური უბედურებებისა და კლიმატის ცვალებადობის ფონზე მეორედ მოსვლას წინასწარმეტყველებს.

- უკვე ვთქვით, რომ კლიმატის ცვლილებაში მაგიური არაფერია. ამინდის ცვლილებას მიზეზები აქვს და ბუნებაში ცვლილებებს უკავშირდება. როგორც ადამიანი იზრდება და ყველაფერი ეცვლება, ასევეა დედამიწაც. ათი წლის წინ სულ სხვა ამინდი იყო, ახლა სხვაა. ძველი ჩანაწერების მიხედვით, ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსები სულ სხვა ადგილას მდებარეობდა, თუმცა ამაში მეორედ მოსვლის ნიშნების დანახვა ცოტა სასაცილოა. როდესაც 1000 წელი დგებოდა, ბევრი ადამიანი თავისი ხელით ითხრიდა საფლავს. წარმოიდგინეთ, სადამდე მივიდა ადამიანების სიბეცე. 2000 წლის დადგომისას ხალხი ემოციური საფლავების გათხრაზე გადავიდა. ხალხი ზოგჯერ ნეგატიური მოლოდინით თავად უწყობს ხელს, რომ ცუდი რაღაც მოხდეს.

- 2012 წლის მოლოდინი გამძაფრებულად გვაქვს. ამას წინათ "ფეისბუქზე" გაიხსნა სპეციალუ­რი გვერდი, 2012 წლის 21 დეკემბე­რს დალევისკენ რომ მოუწოდებს ხალხს.

- მხოლოდ ქართველები მოიგონებდნენ ასეთ გვერდს, 2012 წელიც კი დალევის მიზეზია (იცინის). ვიცით, რომ მაიას კალენდრით 2012 წლის დეკემბერში სრულდება მზის მეოთხე პერიოდი. თუმცა ჩვენთან რომ 2012 წელია, ირანში საერთოდ სხვა წელია, ისრაელში სხვა.

მაიას კალენდარი მაიას ტომებისთვის იყო. 2012 წლის მოლოდინს ხელი შეუწყო ამ თემაზე უამრავი წიგნისა და კვლევის გამოქვეყნებამ, ფილმმა, ზოგადად პიარმა. თუ ადამიანები 2012 წლის 21 დეკემბერს ცუდი ენერგიით დატვირთავენ, შესაძლოა, მართლაც მოხდეს ცუდი რამ. ამ დღეს შეიძლება, ციური სხეულები ცუდად განლაგდეს, მაგრამ ადამიანების წილი უბედურებაში დიდი იქნება.

ვფიქრობ, 2011 წელი ბევრად უფრო რთულია, ვიდრე 2012 და ამავეს თქმა შემიძლია 2013 წელზე. მე ჯერ კიდევ 2007 წელს ვთქვი, რომ 2008-2014 წლები ზოგადად მსოფლიოსთვის კრიზისული იქნებოდა.

ჯერ ნახევარი წელი არ გასულა და უკვე რამდენი რამ მოხდა. 2011 ლითონის წელია, შესაბამისად, იარაღის, კატასტროფების პერიოდია. წლევანდელ წელს მზის ოთხი დაბნელება იყო მოსალოდნელი და ერთი წლის დასაწყისშივე მოხდა. 2013 გველის წელია, რომელიც ყოველთვის სერიოზულ კატაკლიზმებს უკავშირდება. 1989 წელი იყო გველის წელი, ასევე 2001, ამერიკაში მომხდარი ტერაქტი გავიხსენოთ. ამიტომ უფრო საშიშია 2011 და 2013 წლები. გარკვეულწილად საშიშ პერიოდში უკვე ვიმყოფებით და სერიოზულ ცვლილებებს უნდა ველოდოთ.

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს