საუდის არაბეთში ქალებს ამიერიდან თვალების დაფარვაც მოუწევთ. ქვეყნის რელიგიური პოლიციის გადაწყვეტილებით, ლამაზი თვალების მქონე ქალბატონები ვალდებულნი იქნებიან მუქი ფერის მზის სათვალე ატარონ. პოლიციის გადაწყვეტილება უკვე ძალაშია.
საუდის არაბეთის ქალები პლანეტის ყველაზე უუფლებო მოქალაქეებად მიიჩნევიან. ისინი ვალდებულნი არიან დაიფარონ მთელი სხეული, თმა, სახე და ახლა უკვე თვალებიც. არადა, როგორც არაბული პრესა წერდა, ჩადრიანი ქალები უცხო მამაკაცების მოსახიბვლად ყველაზე ეფექტურად თვალებს იყენებდნენ. "ისინი თვალის საცხისა და ტუშის გამოყენებით მამაკაცების ინტერესის გაღვიძებას ახერხებენ. ხელის მსუბუქი მოძრაობით კი ვითომ შემთხვევით, ჩადრს ზევით სწევენ", - წერდა არაბული პრესა.
საუდელელ ქალებს მხოლოდ ნათესავ მამაკაცებთან საუბრის უფლება აქვთ, გარეთ გასვლაც მხოლოდ ნათესავი მამაკაცის თანხლებით შეუძლიათ.
ქალების ქცევასთან დაკავშირებით ყველა აკრძალვას ქვეყნის რელიგიური პოლიცია, ხაია ადევნებს თვალს. მის თანამშრომლებს სამეფოს ნებისმიერი ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევის უფლება აქვთ. ისინი მაღაზიებში, დაწესებულებებსა თუ კინოთეატრებში მუდმივად ამოწმებენ წყვილების დოკუმენტებს იმის გასარკვევად, ნამდვილად ნათესავია თუ არა ქალის თანმხლები მამაკაცი.
ბოლო დროს ახალმა ტექნოლოგიებმა ინტერნეტისა და სმარტფონების დახმარებით საუდელ ქალებს გაუკონტროლებელი ურთიერთობების საშუალება მისცა. ამის გამო ხაიამ სპეციალური სამმართველო შექმნა, რომელსაც ამორალური ქცევების სოციალურ ქსელებში გაკონტროლება დაევალა.
ხშირად ქალები რელიგიური პოლიციისადმი სიძულვილს აშკარა აგრესიით გამოხატავენ. გასულ წელს ახალგაზრდა ქალის თავდასხმის შედეგად ერთ-ერთი პოლიციელი სერიოზულად დაშავდა. ერთმა ქალბატონმა, რომელსაც არანათესავი მამაკაცის საზოგადოებაში "გამოიჭირეს", პოლიციას ცეცხლი გაუხსნა.
მომზადებულია Daili Mail-ის მიხედვით.