ბუნებრივი ნაძვის ხე ახალი წლის მთავარ ატრიბუტად ითვლება. თუმცა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მეცნიერები, მშობლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ: მარადმწვანე მცენარის წიწვებმა შესაძლოა, ბავშვებში ალერგია გამოიწვიოს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი იუწყება.
გამოცემის ჟურნალისტები ე.წ ნაძვის ხის სინდრომზე წერენ, რომელიც ამერიკელმა ექიმებმა ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს. ეს სინდრომი ალერგიულ რესპირატორულ დაავადებათა გაღვივებას იწვევს, რომელიც ბავშვებსა და უფროსებს წლის ბოლოს ხშირად აღენიშნებათ. განსაკუთრებით კი მათ, ვინც სახლში ბუნებრივ ნაძვის ხეს დგამს.
დაავადების მიზეზი წიწვოვანი ხეების ტოტებზე არსებული მტვრის სოკოებია.
ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა 28 განსხვავებული ტიპის ნაძვის ხის ქერქი და წიწვები გამოიკვლიეს. აღმოჩნდა, რომ ნაძვის ხე მტვრითაა დაფარული. ამ მავნე მტვრის სოკოების ჰაერში გაბნევისა და შესუნთქვის შემდეგ, ადამინი სისუსტეს გრძნობს, ეწყება ხველა, უძილობა, სურდო და შესაძლოა, ფილტვების ანთებაც დაემართოს.
აღსანიშნავია, რომ სახლში, სითბოში მდგარი ნაძვის ხიდან მტვერი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ტყეში.
”თუ მაინც გადაწყვიტეთ სახლში ამ წიწვოვანი მარადმწვანე ხის დადგმა, აუცილებლად გარეცხეთ ის წყლით, გააშრეთ დერეფანში და მხოლოდ ამის შემდეგ შეიტანეთ ოთახში. გარდა ამისა, ნუ გააჩერებთ ნაძვის ხეს დიდხანს, შეეცადეთ ის იანვრის პირველივე რიცხვებში აიღოთ. ნუ დაელოდებით ძველით ახალ წელს”, - წერს The Telegraph-ი.
ამ რჩევების გათვალისწინებით, თქვენ "ნაძვის ხის სინდრომისგან" მაქსიმალურად დაიცავთ თავს.
მომზადებულია The Telegraph-ის მიხედვით.