ნორვეგია ცნობილია ლიბერალური პენიტენციური სისტემით; საპატიმრო Bastoy ოსლოსთან ახლოს მდებარეობს. რთულია, ამ ადგილს ციხე უწოდო, რადგან ტერიტორია საოცნებო დასასვენებელ კურორტს უფრო ჰგავს. ციხე კუნძულზე მდებარეობს.
ზაფხულის თბილ თვეებში კრიმინალებს კუნძულზე გარუჯვაც შეუძლიათ. ტერიტორიაზე განთავსებულია კოტეჯები, ჩოგბურთის კორტები, გამაჯანსაღებელი საუნა.
მცირე ზომის საკნების ნაცვლად, 115 პატიმარი მყუდრო ხის კოტეჯებში ცხოვრობს, რომელიც სხვადასხვა ფერად არის მოხატული. პატიმრები კუნძულზე ერთობიან და ისვენებენ.
Bastoy-ს ფუნქცია პატიმრების განებივრება არ არის, ამ დაწესებულების მიზანია, დამნაშავე საზოგადოებისთვის უსაფრთხო გახდეს. როგორც ციხის ადმინისტრაცია აცხადებს, ეს ხერხი ამართლებს.
ციხეში ყველა პატიმარს თავისი საქმე აქვს: მუშაობენ ბაღში, ფერმაში, უვლიან ცხენებს და სხვადასხვა ღონისძიებებში იღებენ მონაწილეობას. თუმცა, მათი "გარჯა" ანაზღაურებადია და გასამრჯელოს სახით მათ დღეში 10 დოლარს უხდიან.
სადილის მენიუც შთამბეჭდავია - პატიმრები მიირთმევენ ორაგულს, ქათამს და სხვა ძვირადღირებულ პროდუქტებს. პატიმრებს დღის განმავლობაში რამდენჯერმე ამოწმებენ, რათა მცველები დარწმუნდნენ, რომ მათ კუნძული არ დაუტოვებიათ.
მომზადებულია odditycentral.com- ის მიხედვით.