ტირანი მუსოლინის სიყვარული

ტირანი მუსოლინის სიყვარული

იტალიელი დიქტატორის, ბენიტო მუსოლინის ცხოვრებაში მრავალი ქალი იყო. ერთნი მას ეთაყვანებოდნენ, მეორენი - ვერ იტანდნენ, მესამენი - აფეტიშებდნენ. მხოლოდ ერთადერთი ქალი, რომელსაც მუსოლინი გულწრფელად და თავდავიწყებით უყვარდა, იყო კლარა პეტაჩი. მას მომაჯადოებელ ქალად მიიჩნევდნენ. მუდამ მოხდენილსა და ელეგანტურს, იდეალური ფიგურაც ჰქონდა. კუპრივით შავი, ხვეული თმა და მეტყველი თვალები კი მეტ მომხიბვლელობას მატებდა. წარმომავლობით უზრუნველყოფილი ოჯახიდან იყო. რაიმე განსაკუთრებული ნიჭითა და გონებრივი მონაცემებით კლარა არ გამოირჩეოდა.

1932 წლის 24 აპრილს სინიორა პეტაჩი მუსოლინის შეხვდა და მაშინვე შეუყვარდა ისე, რომ თავი სრულიად დაკარგა. იმხანად კლარას ოცი წელი შეუსრულდა. ის უკვე რამდენიმე თვის გათხოვილი იყო ახალგაზრდა მფრინავზე. ოჯახური ცხოვრება ვერ აეწყო: მეუღლე ხშირად სვამდა, ცოლზე ეჭვიანობდა, ერთხელ სცემა კიდეც. შუახნის დიქტატორი, თავშეუკავებელ ქმართან შედარებით, კლარას მამაკაცურ საყრდენად ეჩვენებოდა.

ბენიტო მუსოლინი, რომელიც წარმომავლობით პატარა სოფლიდან იყო, ბავშვობიდან ძალაუფლებასა და სიმდიდრეზე ოცნებობდა. ფაენცის სამონასტრო სკოლის დამთავრების შემდეგ, ახალგაზრდა ერთხანს მასწავლებლად მუშაობდა სოფლის სკოლაში მანამ, სანამ 1907 წელს შვეიცარიაში წავიდოდა და სოციალისტების ორგანიზაციაში გაერთიანდებოდა. ყმაწვილკაცი დიდი ორატორული ნიჭით იყო დაჯილდოებული და ჰქონდა მტკიცე ხასიათი, რამაც სახელმწიფოს სათავეებისკენ გაუკვალა გზა.

ქალებშიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ამბობდნენ, რომ დიქტატორს ცოლი არ აკმაყოფილებდა და ყოველდღიურად ახალ-ახალ სასიყვარულო ურთიერთობებს საჭიროებდა. მის რეზიდენციაში რამდენიმე ასეული ქალი ყოფილა, რომლებსაც ვნებიანი დიქტატორი მეორე დილითვე ივიწყებდა, მაგრამ ერთადერთი ქალი, რომლის მიმართაც ის ნაზ გრძნობასა და მიჯაჭვულობას განიცდიდა, იყო ახალგაზრდა კლარიტა. ის თავის მხრივ მუსოლინის აღმერთებდა და გულწრფელად მიიჩნევდა გენიოსად.

გათხოვილი ქალის რეპუტაციისთვის ჩრდილი რომ არ მიეყენებინა, ბენიტომ გულახდილი საუბრისთვის კლარას დედა მიიწვია და ხანგრძლივი განხილვების შედეგად ნებართვა მიიღო მის ქალიშვილთან ოფიციალურ მეგობრობაზე.

ამის შემდეგ, მათ ურთიერთობაზე მთელი იტალია ალაპარაკდა. სინიორა პეტაჩი კი თავისი დროის ყველაზე ცნობილი ქალბატონი გახდა.

კლარა კვირაში რამდენჯერმე სტუმრობდა საყვარელს, ხოლო როდესაც მისი ქმარი რამდენიმე თვით იაპონიაში გაგზავნეს, შეეძლო ყოველდღე მოენახულებინა მუსოლინი პალაცო-ვენეციაში, მათი ინტიმური შეხვედრებისთვის განკუთვნილ ოთახში.

გავრცელებული აზრია, რომ რამდენიმე წელს მუსოლინისა და პეტაჩის ურთიერთობა პლატონური ხასიათის იყო. ცნობილი არ არის, ეს შეყვარებულთა ორმხრივი სურვილი იყო თუ უბრალო შემთხვევითობა, მაგრამ ისე ხდებოდა, რომ წყვილი ნახევარ საათზე მეტს ერთად არ ატარებდა. მიუხედავად ამისა, განსაკუთრებულად ემოციური, მგრძნობიარე და ფიცხი კლარიტა იტალიელ დიქტატორს ეჭვიანობის მძაფრ სცენებს უმართავდა. მას არ სურდა, ის ვინმესთან გაეყო და მცირედიც კი სწყინდა, თუ საქმე სხვა ქალს ეხებოდა. იგი მექალთანე ბენიტოსგან აბსოლუტურ ერთგულებას მოითხოვდა. კლარამ თავის მხრივ ყველანაირი გულითადი ურთიერთობანი გაწყვიტა ყოფილ ნაცნობებთან და მთლიანად თავს დატეხილ ვნებას მიენდო.

მუსოლინის კი არ უნდოდა საყვარლების დათმობა. ქალს ამშვიდებდა, ეფიცებოდა სიყვარულს და თავის ღალატს მამაკაცური თავისებურებებით ამართლებდა.

შესაძლოა, კლარა ბენიტოს განსაკუთრებულად არც არასდროს ჰყვარებია...

ზოგიერთი დაახლოებული პირი მრავალი წლის მანძილზე ჰყვებოდა, რომ გაცნობიდან 4 წლის შემდეგ კლარამ ბენიტოს თავისი ფეხმძიმობის შესახებ შეატყობინა. დიქტატორმა საყვარელი ექიმთან წაიყვანა, რომელიც სინიორას დაეხმარა ნაყოფისგან გათავისუფლებულიყო, საყვარლის თანდასწრებით. რამდენიმე დღეში კლარას პერიტონიტი (მუცლის აპკის ანთება) დაეწყო და მისი სიცოცხლე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. თუმცა, მიუხედავად მძიმე პროგნოზებისა, პეტაჩი მაინც გადარჩა და გამოჯანმრთელდა.

ვისგან იყო ფეხმძიმედ კლარა - მუსოლინისგან, საკუთარი ქმრისაგან, თუ ვინმე სხვისგან, - არც იტალიელი ბელადი და არც მისი საყვარელი ამაზე არ საუბრობდნენ.

კლარა პეტაჩი არასდროს ერეოდა პოლიტიკაში, არც აინტერესებდა სახელმწიფო საქმეები და საყვარელს მხოლოდ თავისი მეგობრებისა და ნაცნობების დახმარებას სთხოვდა, რომლებსაც პრობლემები ჰქონდათ. ბენიტოს არ შეეძლო ამაზე უარის თქმა და უზარმაზარ თანხებს გამოყოფდა საყვარლის ღარიბი მეგობრებისთვის; ნებას რთავდა კლარას ნაცნობებს, არალეგალურად გასულიყვნენ იტალიიდან, ხოლო კანონდამრღვევებს, კლარიტას წყალობით, სამართლებრივი დევნისგან ათავისუფლებდნენ. ყოველთვის მკაცრი და პრინციპული მუსოლინი საყვარელთან სრულიად სხვა, გამგებ, მომთმენ და დამყოლ ადამიანად გარდაისახებოდა.

ომის შუა პერიოდში, როცა გერმანიის მარცხი ეჭვს უკვე აღარ იწვევდა, იტალიელი დიქტატორის წინააღმდეგ ხმა აიმაღლა ოდესღაც მისმა ერთგულმა ხალხმა.

ცუდი წინათგრძნობის გამო მუსოლინიმ დაურეკა თავის საყვარელს და დაჟინებით სთხოვა, ფარულად დაეტოვებინა ქვეყანა, მაგრამ კლარა არც ფიქრობდა შეესრულებინა ბენიტოს მოთხოვნა, ფიცით დაუდასტურა ერთგულება და სიყვარული. მან გადაწყვიტა, განკიცხული დიქტატორის ხვედრი გაეზიარებინა. მუსოლინის გული მოულბა, ხოლო თავის კერპზე შეყვარებულმა ქალმა ჯერ არ იცოდა, რისი ჩადენა მოუხდებოდა საკუთარი გრძნობების დასაცავად.

იმედგაცრუებული, გატეხილი და გულდამძიმებული ბენიტო მუსოლინი მორჩილად ელოდა საბოლოო განაჩენს. შეყვარებული პეტაჩი კი დიქტატორის სახლთან ახლოს დასახლდა და ყოველდღე სთხოვდა შეხვედრას. მას არ უნდოდა შეემჩნია, რომ მუსოლინიმ ცხოვრების მიმართ ყოველგვარი ინტერესი დაკარგა. მოიმატა წონაში, დაბერდა, შეწყვიტა საკუთარი თავის მოვლა. მაგრამ მოუწესრიგებელი, გაუპარსავი და შეშუპებული დიქტატორი ახალგაზრდა ქალისთვის ძველებურად ძვირფასი იყო.

ასე გავიდა თითქმის ორი წელი. ხოლო 1945 წლის აპრილში იტალიელი ბელადი გერმანელი ჯარისკაცების თანხლებით ავსტრიის საზღვრისკენ მიემართებოდა. ერთგული მეგობარი ქალი მას თან გაჰყვა. გამგზავრებიდან რამდენიმე დღით ადრე მუსოლინიმ ცოლს უკანასკნელი წერილი გაუგზავნა:

"ამგვარად, ჩემი ცხოვრების წიგნის უკანასკნელი თავიც სრულდება, - წერდა ის, - მხოლოდ რამდენიმე გვერდიღა დარჩა გადასაფურცლი. ვინ იცის, ოდესმე კიდევ შევხვდებით თუ არა. ამიტომ გიგზავნი ამ წერილს. მაპატიე ყველა ბოროტება, რაც კი ოდესმე უნებურად მოგაყენე..." - ამის შემდეგ მეუღლეს აღარ შეხვედრია. ახლა მის ბედს მხოლოდ კლარა პეტაჩი იზიარებდა.

შეყვარებულებმა საზღვარი ვერ გადაკვეთეს, მათ თავს პარტიზანები დაესხნენ. გერმანელებმა ძალით ჩააცვეს დაბნეულ მუსოლინის გერმანული ფორმა, ხოლო საყვარელი ქალი მანქანიდან გადმოაგდეს. მაგრამ დუჩეს მიმალვა არ გამოუვიდა. პარტიზანებმა მოხუცში იტალიელი ფაშისტების ბელადი ამოიცნეს, ხოლო მანქანიდან გადმოგდებულ ქალბატონში - მისი საყვარელი. ტყვეები ბადრაგის თანხლებით პატარა სოფელ მეცეგრაში წაიყვანეს და პატარა ოთახში გამოკეტილნი, დილამდე მარტო დატოვეს. კარს იქით დაცვა იდგა. შეყვარებულებმა კი აქ პირველი და უკანასკნელი ღამე გაატარეს ერთად.

დილით, როცა ტყვეები გადაჰყავდათ, ბადრაგებს თავს რამდენიმე უცხო პირი დაესხა და ტყვეები გაიტაცეს. უცნობების ხელმძღვანელი, ცნობილი კომუნისტი აღმოჩნდა, რომელიც ფაშისტებს მკაცრად და დაუნდობლად უსწორდებოდა. ის და მისი თანამოაზრენი მნიშვნელოვნად დაზარალდნენ მუსოლინის რეჟიმისგან და თვლიდნენ, რომ ფაშისტების წინამძღოლების გასამართლებას აზრი არ ჰქონდა - ისინი ადგილზე უნდა გაენადგურებინათ. მიუხედავად ამისა, უდანაშაულო ქალის მოკვლა კომუნისტს არ სურდა. მან ბელმონტეს ვილასთან ახლოს გააჩერა მანქანა და უბრძანა მუსოლინის, გადმოსულიყო. როცა კლარამ ბადრაგების ხელში შემართული ავტომატები დაინახა, გამწარებული მანქანიდან გადმოხტა, საყვარელ მამაკაცს გადაეფარა და მისკენ გასროლილი ტყვიით განიგმირა. შეყვარებულები დახვრიტეს 1945 წლის 28 აპრილს. მათი გვამები გაგზავნეს მილანში და თავქვე ჩამოკიდეს ცენტრალურ მოედანზე.

ომის შემდეგ იპოვეს სინიორა პეტაჩის დღიურები, რომლებიც 15 ტომს შეადგენდა. ასევე რამდენიმე ასეული წერილი და ლექსი, რომელთა ადრესატიც იტალიელი დიქტატორი იყო. როგორც აღმოჩნდა, კლარიტას დიდი და ღრმა სიყვარული შეეძლო.

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს