როგორ ცხოვრობს შარბათ გულა - ყველაზე ცნობილი ავღანელი ქალი

როგორ ცხოვრობს შარბათ გულა - ყველაზე ცნობილი ავღანელი ქალი

შარბათ გულა ყველაზე ცნობილი ავღანელი ქალია - ის მსოფლიომ პოპულარული ფოტოს წყალობით გაიცნო.

ცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფი და ჟურნალისტი სტივ მაქქარი ავღანეთში 1984 წელს იმყოფებოდა. ლტოლვილთა ბანაკში მისი ყურადღება მწვანეთვალება, ომში დაობლებულმა და შეშინებულმა გოგონამ მიიპყრო. გულა მაშინ 12 წლის იყო. ფოტო გავლენიანი ჟურნალის National Geographic-ის გარეკანზე 1985 წელს დაიბეჭდა და მას შემდეგ დიდი პოპულარობით სარგებლობს. თუმცა, ფოტოზე გამოსახულ გოგონას "ავღანელი გოგონას" სახელით იცნობენ და საზოგადოების დიდმა ნაწილმა მისი სახელი და გვარი არ იცის.

სტივ მაქქარი მოგვიანებით იხსენებს, რომ თავდაპირველად ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ფოტოსურათი ასეთ მნიშვნელობას შეიძენდა. სტივი ფიქრობდა, რომ გოგონას ფოტო ბანაკში გადაღებული სხვა ბავშვების ფოტოებისგან არაფრით განირჩეოდა. National Geographic-ის რედაქცია და ფოტოგრაფი 17 წლის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა გოგონას ვინაობის დადგენას, თუმცა მოგვიანებით უკვე დაქალებული გულა გაიცნეს.

2002 წლის იანვარში National Geographic-ის გუნდმა ავღანეთში გულა მოძებნა. სტივმა 30 წლის შარბათ გულას იმავე სტილში გადაუღო ფოტო, როგორც 18 წლის წინ. "მისი სახე შეცვლილი იყო, მაგრამ თვალები - მაშინვე ვიცანი", - იხსენებს ფოტოგრაფი. შარბათ გულამ პირველად მაშინ ნახა თავისი ფოტო. ქალმა არ იცოდა, რომ მსოფლიო უკვე დიდი ხანია იცნობდა. მას ცხოვრებაში მხოლოდ ორჯერ გადაუღეს ფოტო - 12 წლის და 30 წლის ასაკში.

შარბათი ახლა 41 წლისაა. მას 3 ქალიშვილი: რობინა, ზაჰიდა და ალია ჰყავს. მეოთხე ქალიშვილი ბავშვობაში გარდაეცვალა. შარბათი იმედოვნებს, რომ მისი გოგონები მაინც შეძლებენ სწავლა-განათლების მიღებას.

მომზადებულია National Geographic-ის მიხედვით.