იაპონურმა მატარებელმა 500 კმ/სთ სიჩქარე განავითარა

იაპონურმა მატარებელმა 500 კმ/სთ სიჩქარე განავითარა

ჩქაროსნული სამგზავრო მატარებლების შექმნაში იაპონელები დიდ გამოცდილებას ფლობენ. ჯერ კიდევ 1964 წელს, იაპონიაში გამართული ზაფხულის ოლიმპიური თამაშების სტუმრები აღფრთოვანებულნი იყვნენ Shinkansen-ით მგზავრობით, რომელიც იმ დროისთვის არნახულ სიჩქარეს - 210 კმ/სთ-ს ავითარებდა. 2027 წლისთვის, ამომავალი მზის ქვეყანა სამოქალაქო ახალი სიახლისთვის ემზადება. ექსპლუატაციაში მაგნიტურ ბალიშზე მოძრავი მატარებლის Maglev L0 შეყვანა იგეგმება. 500 კმ/სთ სიჩქარის წყალობით, ის მსოფლიოში ყველაზე სწრაფი მატარებელი იქნება.

Maglev L0 ტოკიოსა და ნაგოიას შორის იმოძრავებს და ერთ ჯერზე 1000 მგზავრს გადაიყვანს. დიდი სიჩქარის წყალობით, გზაში ყოფნის ხანგრძლივობა 4,5 სთ-დან სულ რაღაც 40 წთ-მდე შემცირდება.

მძლავრი ელექტრული მაგნიტებით წარმოქმნილი მაგნიტური ველის წყალობით, მატარებლებლები ჰაერში მცირე სიმაღლეზე, ადამიანის თვალისთვის უხილავ მაგნიტურ ბალიშზე გადაადგილდებიან. მოძრაობისთვის ისინი თვლებს და ტრადიციულ მეტალის ლიანდაგებს არ საჭიროებენ. შესაბამისად, მატარებლის მოძრაობა, აჩქარება და დამუხრუჭება პრაქტიკულად უხმაუროდ ხდება. 

ელექტრომაგნიტურ მატარებლებზე იაპონელები დიდი ხანია მუშაობენ. 2011 წელს შექმნილმა პროტოტიპმა გამოცდების სერია წარმატებით გაიარა და მატარებლებისთვის სიჩქარის ახალი მსოფლიო რეკორდიც დაამყარა - 581 კმ/სთ. მიღებული შედეგები და შენიშვნები იაპონელმა კონსტრუქტორებმა ახალი მოდელის Maglev L0 შექმნისას გაითვალისწინეს. ამჟამად სპეციალისტები მის სრულყოფაზე მუშაობენ.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ dailytechinfo.org -ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა