ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციულ მეთოდს იუნესკომ ძეგლის სტატუსი მიანიჭა

ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციულ მეთოდს იუნესკომ ძეგლის სტატუსი მიანიჭა

იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-8 სესიაზე ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციულ მეთოდს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

4 დეკემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის გურამ ოდიშარიას ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაცია ქალაქ ბაქოში, იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-8 სესიას დაესწრო.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი, საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში თეიმურაზ შარაშენიძე, საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი ქეთევან კანდელაკი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი რუსუდან მირზიკაშვილი, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო ექსპერტი რუსუდან წურწუმია და ასოციაცია "ქართული ღვინო"-ს აღმასრულებელი დირექტორი თინა კეზელი.

ქვევრის ღვინის ტრადიციული დაყენების მეთოდის ნომინაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის, რადგანაც ეს პირველი ქართული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც იუნესკომ არამატერიული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კონვენციის ამოქმედების შემდეგ დაამტკიცა.

ეს ახალი ნომინაცია აამაღლებს საქართველოს, როგორც უძველესი კულტურის მქონე ქვეყნის ცნობადობას საერთაშორისო მასშტაბით, რომელმაც არა მხოლოდ შემოინახა ქვევრის ღვინის დაყენების 8000 წლიანი ისტორია, არამედ დღესაც აცოცხლებს მას ქართული სტუმართმოყვარეობის, ადამიანთა ურთიერთობისა და მათი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენების აღმნიშვნელი ტრადიციებით.

ქვევრის ღვინის ტრადიციული დაყენების მეთოდის იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანა ხელს შეუწყობს ზოგადად ქართული ღვინის პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზარზე.

2011 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ მეთოდს მიენიჭა უმაღლესი ეროვნული ძეგლის სტატუსი.

2012 წლიდან კულტურის სამინისტროს მიერ შექმნილია მრავალდისციპლინარული სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მოამზადა იუნესკოს ნომინაციაზე წარსადგენი დოკუმენტაცია. იუნესკოს მოთხოვნით მომზადდა ქვევრის ღვინის დაყენების ამსახველი 10 წუთიანი დოკუმენტური ფილმიც (რეჟისორი მერაბ კოკოჩაშილი).

ქართული მხარის მიერ უკვე შემუშავებულია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის პროექტი, რომელიც მომავალში პარლამენტს წარედგინება განსახილველად.

ზოგადი ინფორმაცია

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კონვენცია იუნესკომ 2003 წელს მიიღო. არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად მიჩნეულია ზეპირი გადმოცემები, ტრადიციული მუსიკა, ცეკვა, ინსტრუმენტები, საგნები, არტეფაქტები, რიტუალები, ფესტივალები, ხალხური რეწვა, ადათ-ჩვევები, კულტურული სივრცეები.

საქართველო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კონვენციას 2007 წელს მიუერთდა, რითაც სახელმწიფომ აღიარა არამატერიალური მემკვიდრეობის დაცვის აუცილებლობა და იკისრა კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებები, რაც გულისხმობს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფის მიზნით, მის იდენტიფიკაციას, ინვენტარიზაციას, კვლევას, შენახვას, დაცვას, აღორძინებას, პოპულარიზაციას და ა.შ.

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ უკვე მიანიჭა გოგებაშვილის "დედაენას", "ფერხულს", "ბერიკაობას", კახურ მრავალჟამიერს, მესხური ტენური ყველის დამზადების მეთოდს, ჟურნალის "დილა" ტრადიციას.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს