ერთი მილიარდი პიქსელი - ყველაზე დიდი კამერა მსოფლიოში

ერთი მილიარდი პიქსელი - ყველაზე დიდი კამერა მსოფლიოში

19 დეკემბერს ფრანგულ გვიანაში მდებარე კოსმოდრომ კურუდან რუსულმა რაკეტამ "სოიუზმა" მორიგი სტარტი აიღო. მის ბორტზე კოსმოსური ობსერვატორია "გაია" იმყოფებოდა. ორბიტაზე გასვლის შემდეგ, "გაია" ეგზოპლანეტების, ბნელი მატერიის და რძიანი გზის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას შეუდგება. ეს უკანასკნელი გიგანტური ვარსკვლავური სისტემაა, რომელშიც ჩვენი მზის სისტემა, ასევე ყველა შეუიარაღებელი თვალით ხილული ვარსკვლავი, პლანეტა და ციური სხეული მდებარეობს. ყოველივე ამას "გაია" ზემძლავრი ტელესკოპის მეშვეობით განახორციელებს, რომლის პიქსელების ოდენობაც 1 მილიარდს აღემატება. ამის გამო ობსერვატორიას "მსოფლიოში ყველაზე დიდი ციფრული კამერა" შეარქვეს. მისიის ღირებულება დაახლოებით 1 მლრდ დოლარია.

მისიის შედეგად რძის გზაში არსებული დაახლოებით 1 მილიარდი ვარსკვლავის შესახებ ინფორმაციის მოპოვება იგეგმება. შეგროვებული ცნობებით კი მეცნიერები ჩვენი გალაქტიკის ყველაზე ზუსტი რუკის შედგენას შეეცდებიან. ამისთვის "გაია" ყველაზე ზუსტი მოწყობილობებით და ორი განსხვავებული სიმძლავრის ტელესკოპითაა აღჭურვილი.

მიღებულ ინფორმაციას და გადაღებულ ფოტომასალას ობსერვატორია დედამიწაზე ციფრული სახით გადმოსცემს. დღეში სპეციალისტები 50 გეგაბაიტამდე ინფორმაციის მიღებას გეგმავენ. მთლიანობაში კი "გაიას" ექსპლუატაციის 6 წლის განმავლობაში 5 პეტაბაიტზე (ამ სიდიდის უკეთ აღსათქმელად და ბაიტებში გადასაყვანად 1-იანს 15 ნული მიუწერეთ) მეტი ინფორმაციის მიღება იგეგმება.

მეცნიერთა თქმით, დღეისთვის კოსმოსში არსებული ობსერვატორიებიდან, ვარსკვლავების ადგილმდებარეობის, მათი მოძრაობის პარამეტრების და გეზის ყველაზე ზუსტი დადგენა (ეს ცნობები სპეციალისტებს ჩვენი გალაქტიკის ზომებისა და სტურუქტურის დაზუსტებაში დაეხმარება) სწორედ "გაიას" შეუძლია. ვარსკვლავებისა და ბნელი მატერიის შესწავლის გარდა, ობსერვატორიას ასტეროიდებზე დაკვირვებისთვის გამოიყენებენ.

დასახული ამოცანების შესრულებისთვის ობსერვატორიას დედამიწა-მზის სისტემაში ე.წ. ლაგრანჟეს მეორე წერტილში განათავსებენ. ჩვენი პლანეტიდან ის 1,5 მლნ კილომეტრითაა დაშორებული.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ lenta.ru-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა