5 ყველაზე საშიში და მისტიკური სახლი თბილისში

5 ყველაზე საშიში და მისტიკური სახლი თბილისში

თბილისში არაერთი ადამიანია, რომელიც ამტკიცებს, რომ სახლი, რომელშიც ცხოვრობს, მისტიკური და საშიშია. ჩვენ გადავწყვიტეთ, ამ სტატიაში თავი მოვუყაროთ თბილისში არსებულ 5 სახლს, სადაც სხვადასხვა უცნაურობა ხდება.

სახლი ქიაჩელის ქუჩაზე

თბილისში, ქიაჩელის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა უკვე წლებია ქალაქის მერიას N6-ში მდებარე სახლის დემონტაჟის მოთხოვნით მიმართავს. აღნიშნული სახლის მახლობლად ბარ-რესტორნებია განთავსებული, სახლს დიდი გალავანი აკრავს, დაკეტილია სახლის კარიც და ჭიშკარიც, თუმცა მის მეზობლად მცხოვრებნი აცხადებენ, რომ სახლში ხშირად შეუნიშნავთ უცნაური მოვლენები. ჩვენი რესპონდენტის, ნოე რამინაშვილის ბინას და მიტოვებულ შენობას ერთი ღობე ყოფს. როგორც ბატონი ნოე აცხადებს, ეს საუკუნის წინ აგებული სახლი აკადემიკოს ნიკო მუსხელიშვილს ეკუთვნოდა. შემდეგ კი ნუგზარ შევარდნაძემ შეიძინა, მაგრამ სახლში საცხოვრებლად შევარდნაძეების ოჯახი არ გადასულა. სწორედ ამ ქუჩაზე ცხოვრობდა ლავრენტი ბერია დედასთან და დასთან ერთად. რამდენიმე თვის წინ მის სიახლოვეს წითელი აგურით ნაშენი გვირაბი აღმოაჩინეს. ამბობენ, რომ ამ საიდუმლო გვირაბით ბერია სარგებლობდა. თუ ქიაჩელის ქუჩის მცხოვრებთ დავუჯერებთ, ისინი ხშირად გამხდარან უცნაური მოვლენების მომსწრენი, ადრე აქ თვით ბერიას მოჩვენებაც შეუნიშნავთ.. მოპირდაპირე სახლში მცხოვრების, ლეილა გორდეზიანის განცხადებით, მიტოვებული სახლიდან ღამის საათებში ვიღაც ხშირად ისვრის ქვებს, ზოგჯერ კი სახლში, სადაც ელექტროგაყვანილობის ხაზები არ არის სინათლე ირთვება.

ინგოროყვას 6

ინგოროყვას 6 ნომერში მდებარე სახლს "ეშმაკის სახლს" უწოდებენ. სახლი განსაკუთრებით საშიში შესახედავია მზის ჩასვლისას. გარე ფასადზე იდაყვებზე დაყრდნობილი რქიანი და წაწვეტებულყურებიანი ფიგურაა გამოქანდაკებული. სახლზე კიდევ რამდენიმე პატარა უცნაური არსების თავია გამოსახული. ზემოთ კი სხვენია, სადაც მრავალი წლის წინ სომეხ გოგონას თავი ჩამოუხრჩვია. სახლის სარდაფში, როგორც ამბობენ, ეშმაკის გამოსახულებაა და გზას აქედან საიდუმლო ოთახში გავყავართ. სახლის შესახებ ასეთი ლეგენდა არსებობს - ლეგენდის თანახმად, ეს სახლი მე-19 საუკუნეში სომეხმა ვაჭარმა შეიძინა, სახლში არის ბუხრის მსგავსი კუთხე, რომელზეც ბავშვის ფიგურაა გამოსახული. გავრცელებული ვერსიით, სწორედ ეს უნდა იყოს საიდუმლო გვირაბში ჩასასვლელი კარი. ვაჭარი გავრცელებული ინფორმაციით, სპირიტიზმით იყო დაინტერესებული, აქ ხშირად ტარდებოდა სატანური რიტუალები. ამბობენ, რომ სახლში დღემდე დაფრინავს ნივთები და ისმის უცნაური ხმები, რის გამოც აქ ცხოვრებას ყველა თავს არიდებს. ე.წ. ეშმაკის სახლი არქიტექტორმა ალექსანდრე შიმკევიჩმა 1888 წელს ააშენა. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ "ეშმაკის სახლში" მომხდარი მოვლენების მიხედვით გადაიღო სერიალი "სახლი ძველ უბანში" ავთო ვარსიმაშვილმა, რომელიც რეალურ მისტიკურ მოვლენებზე იყო დამყარებული.

მალაკნების სახლი გოგოლის ქუჩაზე

თბილისის ცენტრში მდებარე პატარა ქუჩაზე, რომელიც გოგოლის სახელს ატარებს, ცხოვრებას ბევრი ადამიანი არიდებს თავს. ბოლო წლების მანძილზე ეს პატარა ქუჩა და იტალიური სახლები პროსტიტუციის გამო გახდა აქტუალური. ღამით მაღაზიებს, სილამაზის სალონებს, სახლებს და თვით საპირფარეშოსაც კი მეძავები ბორდელებად იყენებენ, რომელსაც მეპატრონისგან ძალიან იაფად ქირაობენ. ჩვენი რესპოდენტის, ლია ჭყონია თქმით, გოგოლის ქუჩის მოსახლეობას დაწყნარებული ცხოვრება წარსულშიც არ ჰქონდა. ამბობენ, რომ სახლის კედლებში, რომლებიც ამ ქუჩაზე მალაკნებმა ააშენეს, ადამიანის ძვლებია ჩამარხული. სახლის ქვემოთ კი გადის გვირაბები, რომლებიც ორთაჭალის ციხეებს უერთდება. ადგილობრივების განცხადებით, სახლის ეზოში სარდაფთან ხშირად იდგა ქალის თეთრი მოჩვენება, რომელიც შრიალებდა. სახლში ხშირად ხედავდნენ ბეწვიან არსებებს. ამის გამო ხალხი იძულებული გახდა, ამ სახლიდან სხვაგან გადასულიყო საცხოვრებლად. ჩვენი რესპოდენტის განცხადებით, მას შემდეგ ამ სახლში ვინც გადავიდა საცხოვრებლად, ყველა მამაკაცი გარდაიცვალა. მისი ვარაუდით, სულები, რომლებიც აქ ბინადრობენ, ახალ მოსახლეობას ვერ ეჩვევიან.

ჯარისკაცის მოჩვენება მახათას მთაზე

მახათას მთაზე არის ერთი სახლი, სადაც ჯარისკაცის მოჩვენება ცხოვრობს. ოჯახის დიასახლისის განცხადებით, მოჩვენება, რომელიც მის სახლში ცხოვრობს, მისი ყოფილი მეუღლეა. მამაკაცი აფხაზეთის ომის მონაწილე იყო, რომელიც ავტოავარიაში რამდენიმე წლის წინ დაიღუპა. ნინო კიკვაძის განცხადებით, სახლში საღამოობით ხშირად ხედავს მისი ქმრის აჩრდილს, რომელიც ხანდახან შვილებსაც ეფერება და ზოგჯერ ტელევიზორსაც უყურებს. თუმცა როგორც მიხვდება აჩრდილი, რომ ის მეუღლემ შეამჩნია, უჩინარდება.

სახლი ნინოშვილის ქუჩაზე

ნინოშვილის 26 ნომერში მდებარე საცხოვრებელ სახლში ახლა სარელაქსაციო ცენტრია. ცენტრის დირექტორის განცხადებით, აქ ხშირად დარბის მოჩვენება კიბეზე, ზოგჯერ კი აბაზანაში წყალს უშვებს და კედლებს ასველებს. მოჩვენება ერთხელ კლიეტებმაც ნახეს, მაღალი, თეთრწვერა აჩრდილი მისაღები ოთახის კართან იდგა და ოთახში იმ დროს ძალიან აცივდა. ცენტრის უზბეკი თანამშრომელი, რომელიც ამ შენობის მეორე სართულზე ცხოვრობს, ერთხელ განსაკუთრებით შეშინდა. ღამით როცა სახლში იყო და მარტო ეძინა, მამაკაცის სიმღერამ გააღვიძა. საქართველოში სტუმრად ჩამოსულ მასაჟისტს ისე შეეშინდა, საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

ავსტრალიაში "ავტოსტოპით“ ჩასულ "ამერიკელ მტრედს“ კარანტინის წესების დარღვევის გამო "შეიპყრობენ" და მოკლავენ

ქართველი ძიუდოისტების წარმატება პრესტიჟულ ტურნირზე - კატარში საქართველოს ნაკრებმა 5 მედალი, მათ შორის 2 ოქრო მოიპოვა

"კოვიდი არ აქვს, თუმცა კოვიდიან პაციენტებთან ერთად წევს" - რა ინფორმაციას ავრცელებს მაკა რაზმაძე დავით სოკოლოვზე, რომელიც სიმსივნეს ებრძვის