"ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა" - რუსების მიერ ჩამოგდებული ავიალაინერები

 "ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა" - რუსების მიერ ჩამოგდებული ავიალაინერები

2014 წლის 17 ივლისს, უკრაინის ცაში სამოქალაქო ავილაინერის ჩამოგდებას 298 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამბოხებულთა მიერ გაშვებული საზენიტო რაკეტით დაზიანებული თვითმფრინავი, უკრაინა-რუსეთის საზღვართან 50 კმ-ში ჩამოვარდა. ყოფილი სსრკ-ს ტერიტორიაზე მსგავსი ინცინდენტები ადრეც მომხდარა, როდესაც მოვლენები სამოქალაქო თვითმფრინავების ჩამოგდებით დასრულდა.

ცივი ომის პერიოდში აშშ-ის და სსრკ-ს შორის ფარული დაპირისპირება მიმდინარეობდა. სასარგებლო ინფორმაციის მოპოვებისთვის, მხარეების მიერ ერთმანეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევები ხშირი იყო.

1978 წლის 20 აპრილს, კოლსკის ნახევარკუნძულზე განთავსებულმა რადარებმა, სსრკ-ს მიმართულებით 10 კმ-ის სიმაღლეზე მფრენი საჰაერო სამიზნე დააფიქსირეს. ვითარების გასარკვევად ჰაერში ორი Су-15-ის ტიპის გამანადგურებელ-გზაგადამჭრელი აუშვეს. პილოტები გაკვირვებულნი დარჩნენ, როდესაც აღმოაჩინეს, რომ დამრღვევი სამოქალაქო ავიალაინერი Boing-707 იყო. ავიაკომპანია Korean Air Lines-ის თვითმფრინავი პარიზიდან სეულში მიფრინავდა.

საერთაშორისო ნორმებით, თვითმფრინავი, რომელიც ნავიგაციას კარგავს, ვალდებულია ავარიული სიხშირით სიგნალი SOS გადასცეს. საბჭოთა მხარის მტკიცებით, კორეული ლაინერიდან მსგავსი სიგნალი არ წამოსულა. ის საბჭოურ სამხედრო თვითმფრინავებთან არც ვიზუალურ კონტაქტს ამყარებდა. დადევნების პროცესში "ბოინგი" მოტრიალდა და გეზი ფინეთისკენ აიღო. საბჭოთა სამხედრო ხელმძღვანელები შეშინდნენ, რომ ეს სამოქალაქო ლაინერის ქვეშ შენიღბული მზვერავი იქნებოდა და თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება გასცეს (რაიონი, რომლის თავზეც თვითმფრინავმა გადაიფრინა, სამოქალაქო რეისებისთვის დახურული იყო).

Су-15-დან გაშვებულმა რაკეტამ ლაინერს ფრთის 3-4 სიგრძის ნაწილი მოგლიჯა და მანაც სწრაფად დაიწყო დაშვება. გართულებული პილოტირების მიუხედავად, მფრინავმა თვითმფრინავი გაყინული ტბის ზედაპირზე დასვა. კორეული ლაინერი სსრკ-ს საჰაერო სივრცეში თითქმის 1 სთ-ის განმავლობაში იმყოფებოდა. თავის საწყის გეზს ის დაახლოებით 800 კმ-ით იყო აცდენილი. ინცინდენტის შედეგად ბორტზე მყოფი 109 ადამიანიდან ორი დაიღუპა.

36 წლის გასვლის მიუხედავად, ინცინდენტი დღემდე ბურუსითაა მოცული და ბევრი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელი რჩება.

შესაძლოა, ეს უბრალო დამთხვევაა, თუმცა ამ ამბიდან 5 წლის შემდეგ, 1983 წლის 1-ელ სექტემბერს, ამავე ავიაკომპანიის Boing-747-მა სსრკ-ს საჰაერო სივრცე კამჩატკის თავზე დაარღვია. ამ შემთხვევაში ინცინდენტი გაცილებით ტრაგიკულად დასრულდა.

1983 წლის 30 აგვისტო, სამშაბათი დღე. რეისი KAL-007. ამ ნომრით კვირაში ხუთჯერ Korean Air Lines-ის თვითმფრინავები ანკორიჯის გავლით ნიუ-იორკიდან სეულში დაფრინავენ. იმ დღეს რეისს Boing-747 ასრულებდა. ნიუ-იორკიდან აფრენისას, მის ბორტზე 273 ადამიანი იმყოფებოდა. ანკორიჯში თვითმფრინავი ოთხმა მგზავრმა დატოვა. რობერტ სირსი, მეუღლესა და ორ შვილთან ერთად ნიუ-იორკში შვებულებაში იყო და ბილეთები მხოლოდ ანკორიჯამდე ჰქონდა. თვითმფრინავიდან გადმოსვლისას, ეს ოთხეული ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ისინი უკანასკნელნი არიან, ვინც ამ რეისიდან ცოცხალი დარჩება.

"ბოინგს" გამოცდილი პილოტი მართავს, თუმცა გეზს თვითმფრინავი პრაქტიკულად ანკორიჯიდან აფრენისთანავე ასცდა. იმ ღამით ალასკიდან კიდევ ერთი თვითმფრინავი - ამერიკული მზვერავი RC-135 აფრინდა. ის სსრკ-ს საჰაერო სივრცის მახლობლად დაფრინავდა და საბჭოური რაკეტების საცდელ გაშვებას ელოდა. გარკვეულ მომენტში მზვერავის და რეისის KAL-007 გეზები ერთამანეთს დაემთხვა. თუმცა სამხედრო თვითმფრინავი უკან მალევე მოტრიალდა. ლაინერმა კი პირდაპირ განაგრძო ფრენა. მალე მას კამჩატკაზე საბჭოური ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები აფიქსირებენ. სამხედრო აეროდრომიდან ჰაერში Су-15 ფრინდება. ინცინდენტის შემდგომ გამართულ პრეს-კონფრენეციაზე, მისი პილოტი გენადი ოსიპოვიჩი ირწმუნებოდა, ყველანაირად ცდილობდა კორეულ "ბოინგთან" კონტაქტის დამყარებას.

ამასობაში, პილოტმა მიწიდან სამიზნის განადგურების ბრძანება მიიღო. ოსიპოვიჩმა ლაინერს ორი რაკეტა ესროლა. მიზანს ერთი მათგანი მოხვდა.

"ბოინგი" ძლიერი დარტყმისგან შეირყა. აფეთქებამ მის ბორტში თითქმის ორი კვადრატული მეტრის ნახვრეტი გააკეთა. სალონის ჰერმეტიიზაცია დაირღვა. ტემპერატურა, რომელიც აქამდე პლუს 26 გრადუსი იყო, წამებში მინუს 45-მდე დავარდა. ეკიპაჟი ვერ ხვდება, რა მოხდა. თვთმფრინავი ვარდნას იწყებს. პილოტი კორეელ დისპეჩერებთან დაკავშირებას ცდილობს. ამ დროს ლაინერი სპირალისებრი ტრაექტორიით, სიჩქარით 520 კმ/სთ დაბლა ვარდება. "მოემზადეთ, მოემზადეთ"... - ეს ეკიპაჟის უკანასკნელი სიტყვებია, რომლებიც შავმა ყუთმა ჩაიწერა. ვარდნისას, მწყობრიდან გამოდის რადიომიმღები, ლაინერის ბორტზე ქვრება შუქი. ეკიპაჟის მეთაური განწირულ ლაინერზე სრულად კარგავს კონტროლს. თვითმფრინავი ზღვაში ჩავარდა. წყალთან ძლიერმა დაჯახებამ, გადარჩენის შანსი არავის დაუტოვა. რეისი KAL-007 დასრულა 1983 წლის 1-ელ სექტემბერის გამთენიისას, ნეიტრალურ წყლებში პატარა კუნძლთან, სახელად მონერონ. თვითმფრინავი დაახლოებით 12 წუთის განმავლობაში ვარდებოდა.

რამდენიმე საათში მომხდარის შესახებ მთელმა მსოფლიომ გაიგო. სსრკ-ს ქმედება მკაცრად დაიგმო. აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა, ლაინერის ჩამოგდება კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულად მოიხსენია.

ინცინდენტის შემდეგ, დიპლომატიური, პოლიტიკური და სამხედრო წარმომადგენლების მონაწილეობით გამართულ არაერთ პრესკონფერენციაზე, სსრკ თავის გამართლებას ცდილობდა.

1993 წლის იანვარში, რუსეთმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას, რეის KAL-007-ის შავი ყუთების ფირები გადასცა. ოფიციალური ვერსია, რომელიც ლაინერის გეზიდან გადახვევის კითხვას პასუხს გასცემდა, დღემდე არ არსებობს. სხვადასხვა მხარეები განსხვავებულ ვერსიებზე საუბრობენ.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

იხილეთ ასევე: ვინ შეიწირა მალაიზიური ავიალაინერი და მის ბორტზე მყოფი 295 ადამიანი

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა