"ჩვენ ქართულ კოლონებს ვბობმავდით" - რუსი პილოტის აღიარება

"ჩვენ ქართულ კოლონებს ვბობმავდით" - რუსი პილოტის აღიარება

აფხაზეთის ომში მოსკოვის სამხედრო ჩარევის ფაქტი, სიახლეს ნამდვილად არავისთვის წარმოადგენს. თუმცა დღეს რუსი სამხედროები უკვე აღარ მალავენ, რომ აფხაზებს ღიად ეხმარებოდნენ. 2012 წელს რუსეთში, თადარიგში გასულმა სამხედრო პილოტმა ალექსანდრე კოშკინმა წიგნი "20 წელიწადი მსოფლიოში საუკეთესო მოიერიშეზე Су-25, 820 საბრძოლო გაფრენა" გამოსცა. ბიოგრაფიული შინაარსის ნაწარმოები, პილოტის სამხედრო კარიერაზე მოგვითხრობს. განსაკუთრებული ინტერესი, ნაშრომის მხოლოდ ერთმა ნაწილმა გამოიწვია - სადაც ის აფხაზეთის ომში საკუთარ მონაწილეობაზე ყვება. ჩვენ რამდენიმე ეპიზოდს გთავაზობთ.

როგორც კოშკინის მონაყოლიდან ირკვევა, აფხაზეთში გამზავრებამდე, მისი შენაერთი სომხეთში სწავლებებზე იყო გაგზავნილი. სავარაუდოდ, რუს პილოტებს მთაგორიან რელიეფში მოქმედებას ასწავლიდნენ. ლენინაკანიდან დაბრუნებულ პილოტს გენერალმა მიხაილოვმა ესკადრილიის მომზადება და საქართველოს, კონკრეტულად კი აფხაზეთის რუკების შესწავლა დაავალა. 1993 წლის იანვარში 8 ერთეული რუსული მოიერიშე, აფხაზეთში გუდაუთის სამხედრო აეროდრომზე დაეშვა. კოშკინის ჯგუფამდე, გუდაუთაში უკვე ორი თვის განმავლობაში, პოლკოვნიკ კოვალენკოს მეთურობით Су-25-ების მოსკოვის სამხედრო ოლქის ორი ესკადრილია ბაზირებდა.

კოშკინის შენაერთი საბრძოლო მოქმედებებში რამდენიმე დღეში ჩაება. "ჩემი პირველი სამიზნე მდინარე გუმისთის გადაღმა, დიდ ხეობაში მდებარეობდა. ქართველების საზენიტო საშუალებებისგან დასასხლტომად, ფრონტის ხაზს ფლანგიდან მოვუარეთ და სამიზნეს ზურგის მხრიდან შევუტიეთ. აქედან ქართველები არ გველოდნენ. ყველა თვითმფრინავმა სამიზნეზე იერიში 4-4-ჯერ მიიტანა. მათ შორის მეც. აეროდრომზე დაბრუნებულს პოლკოვნიკმა კოვალენკომ უცნაური კითხვა დამისვა. ფრონტის ხაზის გადაღმა რას დაფრინავ? ქართველები ჩამოგაგდებენ. ჩემი გაკვირვებული მზერის დანახვის შემდეგ, კოვალენკომ მათ მიერ შემუშავებული მეთოდი გამაცნო. 800 კმ/სთ-ის სიჩქარით ფრენისას, პილოტი მოიერიშეს ცხვირს ოდნავ მაღლა სწევდა და უმართავი რაკეტების ზალპს აკეთებდა. მაღალი სიჩქარე და აწეული ცხვირი, რაკეტების ფრენის მანძილს 5-დან 18-20 კმ-მდე ზრდიდა. რაკეტების დიდ განფანტვას და შესაბამისად, დაცემის ადგილში მშვიდობიან მოსახლეობაში დიდ მსხვერპლს არავინ უყურებდა".

აფხაზეთის თავზე კოშკინს ღამის ფრენებსაც ასრულებდა და სოხუმსაც ბომბავდა.

"აფხაზები ფრონტის გარღვევას გეგმავდნენ და შეტევის დაწყების წინ ჩვენი ავიაციით ქართველების პოზიციების დამუშავება გვთხოვეს. ფრენა ღამით უნდა შეგვესრულებინა. დასახულ მიზნებს შორის სოხუმიც მოხვდა, სადაც ქართველებს შტაბი ჰქონდათ. ავფრინდით. ღამით მოწინააღმდეგის აღმოჩენისთვის თან მანათობელი ბომბები გავიყოლეთ. ისინი საკმაოდ ეფექტრუნი არიან. ჯგუფში ყოველ ჩვენგანს საკუთარ სამიზნეზე უნდა ემუშავა. საჭირო წერტილში მანათობელი ბომბები ჩამოვაგდეთ. შემდეგ კი უკვე რიგ-რიგობით ქართველების პოზიციების დამუშავება ბომბებით, რაკეტებით, საბორტო ქვემეხებით დავიწყეთ".

"აფხაზეთში 10 თვის განმავლობაში მხოლოდ 20 საბრძოლო გაფრენა მქონდა. თუმცა მათ შორის წარმატებული ოპერაციებიც იყო. მაგალითად ქართველების სატანკო კოლონის განადგურება. ერთხელ სოხუმისკენ სატვირთო ავტომობილებით მიმავალი ქართველი ქვეითების კოლონა დავბომბეთ. აფხაზი მზვერავების ცნობით 200-მდე ქართველი დავაწვინეთ. ეფექტურად ვიმოქმედეთ კალასურის რაიონში, სადაც საწვავის და იარაღის საწყობი ავაფეთქეთ."

"მოერიშეები ქართველებსაც ჰყავდათ და ისინი მათ გამოყენებასაც ცდილობდნენ, მაგრამ ჩვენი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა ეფექტურად მოქმედებდა. ერთხელ საკუთარი თვალით ვნახე ღამით, ორი რაკეტით ჩამოგდებული ალმოდებული ქართული თვითმფრინავი მიწაზე როგორ ჩამოვარდა. გამთენიისას კიდევ ერთი ჩამოაგდეს. მფრინავმა კატაპულტირება მოასწრო. მაგრამ მიწაზე დაშვება არ დასცალდა - პარაშუტზე ჩამოკიდებული აფხაზებმა ჰაერშივე დაცხრილეს".

"აფხაზებს აქტიურად ვეხმარებოდით. ფრონტზე ყოველი შეტევის, წინ ქართული პოზიციების დასაბომბად დავფრინავდით. ერთ დღეს დაზვერვამ მოიტანა ცნობა, რომ ფოთიდან სოხუმის მიმართულებით ქართველების დიდი სამხედრო კოლონა მოძრაობდა. ვარაუდით ტანკებიც ჰყავდათ. აფხაზები შეშინდნენ და იმწამსვე დასახმარებლად მოგვმართეს. ფრონტის ხაზზე გადაფრენა სახიფათო იყო. იქ ქართული "შილკები" და საზენიტო კომპლექსები მოქმედებდნენ. ამიტომაც შეტევა ზღვიდან გადავწყვიტეთ. ამ ადგილას სამოქალაქო ლაინერების მარშრუტები გადიოდა და ოფიციალურად სამხედროებს იქ ფრენა ეკრძალებოდათ. მაგრამ ომი ომია. ავფრინდით და 8250 მ-ზე ავედით. ოთხი თვითმფრინავით ძალიან მჭიდროდ მივფრინავდით, რომ ქართულ რადარებზე ჩვენი ოთხეული ერთ წერტილად გამოჩენილიყო. ფოთთან დაშვება დავიწყეთ და ქალაქიდან 30 კმ-ის მოშორებით მოწინააღმდეგეს ზურგის მხრიდან შევუტიეთ. დავწვით ყველაფერი, რაც მოძრაობდა. მართალია კოლონაში ტანკები არ ყოფილა, მაგრამ ქართველებმა დიდი დანაკარგი განიცადეს. გავანადგურეთ სატვირთოები და მასში მსხდომი ქვეითები. ასევე 10 ერთეულამდე ჯავშანტექნიკა".

ამ ამბიდან 21 წლის შემდეგ, რუსეთი კიდევ ერთი მეზობელი სახელმწიფოს - უკრაინის შიდა საქმეებში ერევა და სეპარატისტებს ცოცხალი ძალით და იარაღით, მათ შორის ტანკებით და არტილერიით ამარაგებს. ამავდროულად უსაქმოდ არც უკრაინა-რუსეთის საზღვრის გასწვრივ მყოფი დანაყოფები არიან. რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები გავრცელდა, თუ როგორ ბომბავს რუსული არტილერია უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი სამთავრობო ჯარების პოზიციებს.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა