7 დაპატიმრებული ექს-პრეზიდენტი: გახდება თუ არა სააკაშვილი შემდეგი

7 დაპატიმრებული ექს-პრეზიდენტი: გახდება თუ არა სააკაშვილი შემდეგი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა. უწყების ინფორმაციით, საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას. ყოფილ პრეზიდენტს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მსოფლიო პოლიტიკისთვის, ყოფილი პრეზიდენტების დაკავება იშვიათი შემთხვევაა. თუმცა ასეთი შემთხვევები მაინც არსებობს. Ambebi.ge გთავაზობთ სტატიას, სახელწოდებით ექს-პრეზიდენტები, რომლებიც დააპატიმრეს.

1. ალბერტო ფუხიმორი

ალბერტო ფუხიმორი პერუს პრეზიდენტი იყო 1990-2000 წლებში. მის სახელს უკავშირდება მკაცრი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება. ის იბრძოდა ნაციონალიზაციის წინააღმდეგ, ორგანიზებას უწევდა საკონცენტრაციო ბანაკებს და ”სიკვდილის ესკადრონებს”.

2000 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს გამჟღავნდა ფუხიმორის მიერ კანდიდატების მოსყიდვის ფაქტები და პრეზიდენტის კავშირი კოლუმბიურ ნარკომაფიასთან. ამ სკანდალის აგორების შემდეგ სხვა უსიამოვნო ფაქტებიც გამჟღავნდა, მაგალითად, 1996-2000 წლებში ფუხიმორის მიერ, პერუს 200 000 მოქალაქის სტერილიზაციის შესახებ.

2000 წლის 13 ნოებერს ფუხიმორიმ ქვეყანა დატოვა. იაპონიაში ჩასულმა თავისი გადადგომის შესახებ განაცხადა. სპეციალურმა კონგრესმა მისი ეს ნებაყოფლობითი გადაყენება არ ცნო და ის თავად გაათავისუფლა თანამდებობიდან.

2006 წელს ფუხიმორი ჩილეში დააკავეს და შემდეგ მისი პერუში ექსტრადირება განხორციელდა. 2006 წლის 7 აპრილს მას 25 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს.

2. პერვეზ მუშარაფი

პაკისტანის პრეზიდენტი 2001-2008 წლებში. ის სამხედრო პირი იყო. მუშარაფი დასავლეთთან თანამშრომლობდა კიდეც ტერორიზმთან ბრძოლის საკითხში. ამის გამო მისი პოლიტიკური რეიტინგი დაეცა, თუმცა ქვეყანას მოეხსნა ამერიკული ეკონომიკური ბლოკადა, რაც დადებითად აისახა პაკისტანის ეკონომიკაზე.

ამასთან, ქვეყანაში ძლიერდებოდა რადიკალური ისლამური დაჯგუფებები. 2007 წელს მუშარაფმა საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, 2008 წლის 18 აგვისტოს პრეზიდენტი მუშარაფი სამთავრობო კოალიციის მხრიდან იმპიჩმენტის საშიშროების გამო გადადგა.

2013 წლამდე ის ლონდონში ცხოვრობდა. 2009 წლიდან მასზე პაკისტანში რამდენიმე საქმე იყო აღძრული სამშობლოს ღალატისა და ოპოზიციონერი ლიდერის, ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობის გამო. 2013 წელს პერვეზ მუშარაფი ქვეყანაში დაბრუნდა, რათა მონაწილეობა მიეღო არჩევნებში - ის დააპატიმრეს. ექს-პრეზიდენტები ყოველთვის  ვერ ინარჩუნებენ პრინციპს "თუ მიდიხარ - წადი", ეს ხშირად მათ ღუპავთ.

3. ნამბარინ ენხბაიარი

მონღოლეთის პრეზიდენტი 2005-2009 წლებში. ის იყო მონღოლეთის პირველი პრეზიდენტი, რომელიც საერთაშორისო შეხვედრებზე თარჯიმნის გარეშე ლაპარაკობდა - მაღალი კულტურის ადამიანი. პოლიტიკის გარდა ენხბაიარი დაკავებული იყო წიგნების თარგმნით. დამთავრებული ჰქონდა მოსკოვის გორკის სახელობის ლიტერატურული ინსტიტუტი.

მიუხედავად ამისა, მასაც მოუწია სასამართლოს წინაშე წარდგომა. 2012 წელს, როდესაც უკვე ექსპრეზიდენტი იყო, ის დააკავეს კორუფციის ბრალდებით. 2012 წლის 1 აგვისტოს ის კორუფციაში დამნაშავედ ცნეს და 4 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს.

4. მოშე კაცავი

ისრაელის ყოფილი პრეზიდენტი 2000-2007 წლებში. მან თავისუფლება ქალებთან დაკავშირებული სკანდალის გამო დაკარგა. 2010 წლის 10 დეკემბერს მოშე კაცავი თელ-ავივის სასამართლომ გაუპატიურების 2 შემთხვევაში და გარყვნილი ქმედების შემთხვევაში დამნაშავედ ცნო და 7 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.  ექს-პრეზიდენტმა ბრალდების არცერთი პუნქტი არ აღიარა.

5. სლობოდან მილოშევიჩი

იუგოსლავიის პრეზიდენტი 1997-2000 წლებში. მის მიმართ დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. თუმცა, როგორც არ უნდა იყოს, ის საკმაოდ უხერხული პოლიტიკოსი იყო.

1999 წლის თებერვალში  კოსოვოს კონფლიქტის დროს, მილოშევიჩი გაერომ და ნატომ ჟენევის კონვენციის დარღვევაში, გენოციდსა და სამხედრო დანაშაულის ჩადენაში დაადანაშაულა. იუგოსლავიაზე საჰაერო დაბომბვა განახორციელა ნატოს ავიაციამ. მილოშევიჩის ხელისუფლება ჩამოაგდეს და რევოლუციიდან ნახევარ წელიწადში ის დააკავეს კიდეც.

2006 წელს მილოშევიჩი ჰააგის სასამართლოში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზები ამ დრომდე საკამათოა. ოფიციალური დიაგნოზი მიოკარდიუმის ინფარქტია. მილოშევიჩის მომხრეებს მიაჩიათ, რომ ექს-პრეზიდენტი საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა.

6. ჟან-ბედელ ბოკასა

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი 1966-1976 წლებში. მან 1976 წელს საკუთარი თავი იმპერატორად გამოაცხადა.

ბოკასას მე-20 საუკუნის ყველაზე ექსცენტრიულ და არანორმალურ მმართველად მიიჩნევენ. თავის ხატად მან ნაპოლეონი აირჩია.

ბოკასა გაუგონარ ფუფუნებაში ცხოვრობდა იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის მოსახლეობა სიღატაკეში იყო. დიქტატორი ქვეყნის შიდა საქმეებს ყურადღებას არ აქცევდა და გადართული იყო საგარეო პოლიტიკაზე - ის აქტიურად ცდილობდა საფრანგეთის მხარდაჭერის მოპოვებას.  სხვაგვარად მოაზროვნეთათვის კი ქვეყანაში დაპატიმრება და წამება ჩვეულებრივი მოვლენა იყო. მას ბრალს სდებდნენ კანიბალიზმშიც.

1979 წელს მოსწავლეების ჩაცხრილვის და ლიბიასთან დაახლოების შემდეგ ბოკასამ დასავლეთის მხარდაჭერა დაკარგა და 1979 წლის 20 სექტემბერს უსისხლო გადატრიალების შედეგად მისი მმართველობა დაემხო.

ბოკასა ქვეყანაში ვეღარ დარჩებოდა და მის ყოფილ მოკავშირე, საფრანგეთში გაიქცა. 1986 წელს კი ის სამშობლოში იმ იმედით დაბრუნდა, რომ ეგონა საკუთარ რეჟიმს აღადგენდა, თუმცა ამაოდ. ის დააკავეს და სიკვდილი მიუსაჯეს. მოგვიანებით უმაღლესი სასჯელი 20 წლიანი პატიმრობით შეუცვალეს.

7. ჩარლზ ტეილორი

ლიბერიის პრეზიდენტი 1997-2003 წლებში. პრზიდენტად გახდომაში ტეილორს აშშ დაეხმარა და ეს დიდად არც დამალულა. 2011 წელს ამერიკულმა დაზვერვამ აღიარა, რომ ტეილორთან 30 წელი თანამშრომლობდა - 1980-იანი წლებიდან მოყოლებული. ის ხელისუფლებაში 1997 წლის ივლისში სისხლისმღვრელი ომის შემდეგ მოვიდა. ჩატარდა არჩევნები, სადაც მან ამომრჩევლების ხმების 75%-ზე მეტი მიიღო. მისი საარჩევნო კამპანიის სლოგანი იყო " ჩარლზ ტეილორმა მოკლა მამაჩემი, დედაჩემი, მაგრამ მაინც მე მას ვაძლევ ხმას".

2003 წლის ბოლოს ინტერპოლმა მასზე ძებნა გამოაცხადა. ტეილორის მიმართ წაყენებული ბრალდებები ერთიმეორეზე უარესი იყო. მისმა ხელქვეითებმა დაკითხვაზე აღიარეს, რომ ტეილორი თავის მებრძოლებს აძლევდა ბრძანებებს, რომ "ადამიანების დაშინების" მიზნით დაკავებულიყვნენ კანიბალიზმით. ასევე, ის დაკავშირებული იყო ალმასების მაქინაციებთან, სექსუალურ მონობასთან, მრავალრიცხოვან წამებასა და მკვლელობებთან.

2012 წლის 30 მაისს სასამართლომ ჩარლზ ტეილორს 50 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ის წაყენებულ 11-ვე ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს. დიქტატორი, რომელმაც "სისხლიანი ალმასებით" ნაომი კემპბელიც კი დაასაჩუქრა, გისოსებს მიღმა სამუდამოდ აღმოჩნდა.

მომზადებულია russian7.ru-ს მიხედვით

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა