კაცი, რომელიც დღეში 30 მილიონს შოულობს

კაცი, რომელიც დღეში 30 მილიონს შოულობს

ბოლო 40 წელია მოკრძალებულ, ექვსი საძინებლისგან შემდგარ სახლში ცხოვრობს. არ ჰყავს მძღოლი და ყოველთვის თავად მართავს საჭეს. იშვიათად დადის პირად მცველებთან ერთად, უარს ამბობს მდიდრულ იახტებზე, თითქმის არასდროს იყენებს კომპიუტერს, პერსონალური ლეპტოპის ნაცვლად კი მნიშვნელოვან ჩანაწერებს ისევ ბლოკნოტში აკეთებს. ყველაზე მაღალი რანგის შეხვედრებზეც კი მაჯას უბრალო, ელექტრონული საათი უმშვენებს, რომელშიც კალკულატორია ჩამონტაჟებული. დღეში დაახლოებით 30 მილიონ დოლარს შოულობს, მომავალი 100 წლის განმავლობაში კი საკუთარ თავს შეუძლია წუთში 200 ათასის დახარჯვის უფლება მისცეს.

პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანი, მექსიკელი კარლოს სლიმი ამბობს, რომ ფულის შოვნა არასდროს ყოფილა მისთვის მთავარი მიზანი. უბრალოდ, უნდა, რომ კარგი ბიზნესმენი იყოს.

ჟურნალმა ”ფორბსმა” მექსიკელი ტელეკომუნიკაციების მაგნატის ქონება 79,6 მილიარდ დოლარად შეაფასა და ამ მაჩვენებლით, კარლოს სლიმმა პლანეტის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგებში კიდევ ერთხელ ჩამოიტოვა რეიტინგის ლიდერი ბილ გეიტსი.

”ფორბსის” მიერ დასახელებულ ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის მექსიკელი პირველად 2002 წელს აღმოჩნდა, რამდენიმე წელიწადში კი პლანეტის უმდიდრესი ადამიანების სამეულში მოხვდა უორენ ბაფეტისა და ბილ გეიტსის შემდეგ. 2010 წელს კი ის ლიდერობას არავის უთმობდა. ბილ გეიტსმა მექსიკელი მაგნატი უკან მხოლოდ ”ფორბსის” 2014 წლის რეიტინგში ჩამოიტოვა, თუმცა ისიც მხოლოდ სამი თვით, რადგან ივლისში კარლოს სლიმმა თავისი შემოსავლებით კვლავ გადაასწრო ამერიკელ მილიარდერს.

74 წლის კარლოს სლიმ ელუ მექსიკაში გადაბარგებული, ლიბანელი დევნილების მრავალშვილიანი ოჯახის მეოთხე შვილი იყო. მამამისმა - ჯულიან სლიმმა მექსიკას არმიაში გაწვევისგან თავდასაღწევად შეაფარა თავი. თუმცა, ახალგაზრდა ლიბანელს ახალ ქვეყანაში ფეხის მოკიდება არ გასჭირვებია. ოჯახის რჩენა უძრავი ქონების ვაჭრობით დაიწყო, მალე კი თავად იქცა წარმატებულ ბიზნესმენად.

პირველი ბიზნესგაკვეთილები პლანეტის ყველაზე მდიდარმა ადამიანმა ჯერ კიდევ ბავშვობაში, სწორედ მამისგან მიიღო. უკვე წარმატებულმა და გამდიდრებულმა ჯულიან სლიმმა შვილები საკუთარ ბიზნესში ადრეული ასაკიდანვე ჩართო, გაწეული საქმიანობის სანაცვლოდ ”ჯიბის ფულს” აძლევდა, თან ავალებდა, საკუთარი ხარჯი და შემოსავლები რვეულში ჩაენიშნათ. ყოველი დღის ბოლოს კი მამა-შვილები ერთად აანალიზებენ ხარჯებსა და შემოსავლებს. სწორედ ასე ისწავლა საკუთარი ფინანსების განკარგვა კარლოსმა. ამბობენ, და-ძმებს შორის კარლოსი ყველაზე ნიჭიერი, გონებაგამჭრიახი და მიზანსწრაფული იყო. გარდა ამისა, პატარა კარლოსი მათემატიკის განსაკუთრებული უნარებით გამოირჩეოდა. მათემატიკის მოყვარულმა და ნიჭიერმა კარლოსმა პირველი ბიზნეს-ინვესტიცია 12 წლის ასაკში გააკეთა და მექსიკის ეროვნული ბანკის აქციები შეძინა. 17 წლისას კი ანგარიშზე უკვე პირველი მილიონი ედო.

მიუხედავად თინეიჯერობის ასაკში გამდიდრებისა, სკოლის დამთავრების შემდეგ კარლოსმა მექსიკის ეროვნულ უნივერსიტეტში, საინჟინრო ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა, თუმცა ბირჟაზე ვაჭრობა არ შეუწყვეტია. უნივერსიტეტის ბოლო კურსზე სწავლის პარალელურად, მექსიკელმა მაგნატმა ფულის შოვნის კიდევ ერთ ხერხს მიაგნო - დაბალკურსელებს ალგებრასა და პროგრამირებაში ამეცადინებდა.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 25 წლის ინჟინერ-მშენებელის დიპლომის მქონე კარლოს სლიმმა სასმელების მწარმოებელი კომპანია შეიძინა და უძრავი ქონების კომპანია Inmobiliaria Carso დააფუძნა.

იხილეთ სტატია სრულად

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა