ყირიმის შეერთება რუსებში სულ უფრო ნაკლებ სიხარულს იწვევს

ყირიმის შეერთება რუსებში სულ უფრო ნაკლებ სიხარულს იწვევს

რუსებმა დაიწყეს ყირიმის შეერთების შედეგებზე დაფიქრება. როგორც rbc.ru "ლევადა-ცენტრის" სოციოლოგიური კვლევის შედეგებზე დაყრდნობით წერს, მარტში ჩატარებულ გამოკითხვებთან შედარებით, შემცირებულია აღნიშნული მოვლენით გახარებული მოქალაქეების რიცხვი, შესაბამისად, უფრო ნაკლები ადამიანი ამართლებს ქვეყნის ხელისუფლების ქმედებებს, ყირიმის ნახევარკუნძულის მიერთებასთან დაკავშირებით. ასევე, შემცირებულია იმ ადამიანების რიცხვი, ვინც თანახმაა პირადი შემოსავლების შეკვეცაზე ახალი რეგიონის დაფინანსების გამო.

"ლევადა-ცენტრის" აგვისტოს გამოკითხვების შედეგად, რუსი მოსახლეობის რიცხვი, რომლებსაც ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში მოქცევა ახარებდათ, ოთხ თვეში 23%-დან 16% - მდე შემცირდა.

შემცირდა იმ გამოკითხული მოქალაქეების რიცხვიც, რომლებიც ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებას ამართლებდნენ - მარტში გადაწყვეტილებას გამოკითხულთა 47% ამართლებდა, ახალ გამოკითხვებში კი 40%. ყირიმის მიერთების საკითხზე უარყოფით ემოციებს გამოკითხულთა 9 % ინარჩუნებს.

მნიშვნელოვნად შემცირდა იმ ადამიანების რიცხვიც, რომლებიც მზად არიან შეამცირონ საკუთარი შემოსავლები, რათა ხელისუფლებამ შეძლოს შემოერთებული ყირიმის დაფინანსება. სოციოლოგებმა რესპონდენტებს განუმარტეს, რომ ყირიმის შემოერთება რუსეთისგან მნიშვნელოვანი თანხის დაბანდებას მოითხოვს, რაც თავის მხრივ გამოიწვევს ხელფასის და პენსიის ზრდის შეზღუდვას, სოციალური პროგრამების შემცირებას, ფასების ზრდას. მარტში მხოლოდ გამოკითხულთა 19% გადაჭრით ამბობდა უარს, გადაეხადათ ხელისუფლების ქმედებების გამო აღნიშნული საფასური. ახლა კი გამოკითხულთა 28% "საერთოდ არ არის ამისთვის მზად".

გამოკითხვა 22-25 აგვისტოს ჩატარდა. გამოკითხვაში მონაწილეობდა 1600 ადამიანი რუსეთის 46 რეგიონიდან და 134 დასახლებული პუნქტიდან. სტატისტიკურად, შედეგების ცდომილება არ აჭარბებს 3.4 %-ს.

მომზადებულია rbc.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა