"ეს მტრის შემაკავებელი ფაქტორი იქნება" - უკრაინა ბირთვული იარაღის წარმოებას განაახლებს

"ეს მტრის შემაკავებელი ფაქტორი იქნება" - უკრაინა ბირთვული იარაღის წარმოებას განაახლებს

"იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა, რუს ოკუპანტებთან ბრძოლისთვის, დასავლეთისგან სრულყოფილ მხარდაჭერას არ მიიღებს, ჩვენ იძულებულნი ვიქნებით ბირთვული იარაღის შექმნის საკითხს დავუბრუნდეთ", - ასეთი განცხადება უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ვალერი გელეტეიმ, NATO-ს სამიტიდან დაბრუნების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

"ამჟამად ქვეყანა მძიმე მდგომარეობაშია და მტერთან საბრძოლველად ჩვენ თანამედროვე შეიარაღება და აღჭურვილობა გვჭირდება. ბირთვული იარაღის არსებობა კი ჩვენი მტრისთვის დამაფიქრებელი და შემაკავებელი ფაქტორი იქნება",  - განმარტა მინისტრმა.

არც ისე დიდი ხნის წინ უკრაინას ატომური იარაღი მართლაც ჰქონდა. სსრკ-ს დაშლის მომენტისთვის, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ქცეული უკრაინა მსოფლიოში სიდიდით მესამე ბირთვული არსენალის მფლობელი იყო. ქვეყანაში არსებული ატომური იარაღის რაოდენობა ბრიტანეთის, საფრანგეთის და ჩინეთის - ერთად აღებულს აღემატებოდა.

უკრაინაში პირველი ბირთვული ქობინები 1960 წელს გამოჩნდა. 43-ე სარაკეტო არმიის შტაბი ქალაქ ვინიცაში განალაგეს. სარაკეტო დივიზიები კი მთელი უკრაინის ტერიტორიაზე გადაანაწილეს. NATO-სთან ომის შემთხვევაში, უკრაინა და აქ განლაგებული შენაერთები თავდაცვის პირველ ზღუდედ განიხილებოდნენ.

სსრკ-ს დაშლის მომენტისთვის დამოუკიდებელი უკრაინის ტერიტორიაზე 176 საკონტინენტთაშორისო რაკეტა და მათი 1240 ბირთვული ქობინი დარჩა. ამავდროულად, კიევს "მემკვიდრეობით" 19 ზებგერითი სტრატეგიული ბომბდამშენი Ту-160 და 25 ტურბოხრახნული Ту-95МС ერგო. უკრაინას ამ თვითმფრინავების მთავარი შეიარაღება - 1068 ცალი ბირთვული ქობინის მატარებელი ფრთოსანი რაკეტაც დარჩა.

მოსკოვი რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. სსრკ-ს დაშლით, ოდესღაც ერთიანი ქვეყნის ბირთვული არსენალის ლომის წილი საზღვარგარეთ იყო. უდიდესი ბირთვული მარაგის შენახვის თავი და ფინანსები კიევს არ ჰქონდა. უფულობის პირობებში ატომური იარაღის სათანადო ყურადღების გარეშე დარჩენის საშიშროება შეიქმნა.

დამოუკიდებლობის დეკლარაციის საფუძველზე, 1991 წლის 24 ოქტომბერს, უკრაინამ არაბირთვული სტატუსი მიიღო. ერთი წლის შემდეგ, 1992 წლის 23 მაისს, ლისაბონში უკრაინამ, ყაზახეთმა, ბელორუსმა, რუსეთმა და აშშ-მა მემორანდუმი გააფორმეს. მის საფუძველზე კიევი, ალმა-ატა და მინსკი საკუთარ ტერიტორიაზე არსებული ბირთვული შეიარაღების განადგურების ან მისი რუსეთისთვის გადაცემის ვალდებულებას იღებდნენ.

ბირთვულ იარაღზე უარის თქმის და ამავე ტიპის იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებასთან მიერთების სანაცვლოდ, დიდი ბრიტანეთი, აშშ და რუსეთი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების გარანტად გამოდიოდნენ. 1994 წლის 5 დეკემბერს, ბუდაპეშტში 6 პუნქტიანი ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ამიერიდან ლონდონი, ვაშინგტონი და მოსკოვი ვალდებულნი იყვნენ, პატივი ეცათ უკრაინის სუვერენიტეტისა და არსებული საზღვრებისადმი. ამავე დოკუმენტში გაწერილი იყო მხარეებზე დაკისრებული ვალდებულებები, რაც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას და ქვეყნის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობას გულისხმობდა. უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში, მხარეებს კიევის დახმარების ვალდებულებაც დაეკისრათ.

დღეს ფაქტობრივად, ბუდაპეშტის ხელშეკრულება აღარ არსებობს. უკრაინის გარდა, მის პუნქტებს არავინ იცავს. მოსკოვმა დოკუმენტის არსებობის მიუხედავად, უკრაინაში ჯარი შეიყვანა. დიდი ბრიტანეთი და აშშ კი კიევის უსაფრთხოების გარანტებად ყოფნას არ ჩქარობენ.

ერთადერთი ვარიანტი, რომელიც კიევს ბირთვული იარაღის მიღების სავარაუდო შესაძლებლობას აძლევს - ატომური ენერგეტიკაა. დღეს უკრაინის ტერიტორიაზე 4 მოქმედი ატომური ელექტროსადგურია. მაგრამ საეჭვოა, რომ უკრაინამ მათი გამოყენება საიარაღო ურანის ან პლუტონიუმის მისაღებად შეძლოს. შესაძლებლობის შემთხვევაშიც კი, ეს პროცესი დიდ დროს და სპეციალისტებთან ერთად ფინანსებს და სათანადო აღჭურვილობას საჭიროებს.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა