მსოფლიოს 4 ყველაზე დაცული ობიექტი

მსოფლიოს 4 ყველაზე დაცული ობიექტი

ადამიანებთან ერთად დაცვას ცალკეული სპეციალური ობიექტებიც საჭიროებენ. დღეს, დაცვის დანამშროლების ხილვა თითქმის ნებისმიერ მსხვილ საჯარო თუ კერძო დაწესებულებაში შეიძლება. ასეთ ობიექტებზე ისინი წესრიგს ადევნებენ თვალყურს. თუმცა მსოფლიოში არსებობს ობიექტები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში, წელიწადში 365 დღე დაცვისა და უშიშროების სამსახურების განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშაა. რიგითი მოქალაქეებისთვის ასეთი ობიექტები დახურულია. აქ მოხვედრა მხოლოდ უმაღლესი რანგის პირებს, სპეციალური საშვებით შეუძლიათ. ambebi.ge მსოფლიოში ყველაზე დაცულ 4 ობიექტს გაგაცნობთ.

Area 51

აშშ-ში, ნევადას შტატში მდებარე - "ზონა 51" მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და ამავდროულად ერთ-ერთი ყველაზე დახურული სამხედრო ობიექტია. მის გარშემო ბევრი ლეგენდა დადის. ამ ადგილის აქტიური ათვისება სამხედროებმა მეორე მსოფლიო ომის დროს დაიწყეს. საიდუმლო აეროდრომზე ახალ სამხედრო თვითმფრინავებს ცდიდნენ. მომდევნო წლებში ამერიკაში შექმნილი ყველა გასაიდუმლოებული სამხედრო საფრენი აპარატი სწორედ აქ იცდებოდა.

"ზონა 51" და მისი შემოგარენი საჰაერო სივრცე ფრენებისთვის დახურულია. გარშემო ტერიტორია რეგულარულად კონტროლდება. პერიმეტრზე ვიდეოკამერები და მოძრაობის სენსორებია დამონტაჟებული. ჰაერიდან პერიმეტრს უპილოტოები აკონტროლებენ.

უსაფრთხოების ასეთმა მკაცრმა ზომებმა, არაერთი მითის თუ ლეგენდის წარმოქმნას შეუწყო ხელი. არსებობს ვარაუდი, რომ სწორედ აქ ინახება 1947 წელს როზულეში მომხდარი ავიაკატასტროფის ფრაგმენტები და მასალები. შეთქმულების თეორიის მიმდევართა მტკიცებით, ასტრონავტების მთვარეზე სეირნობის ვიდეო და ფოტო კადრები სწორედ ამ ბაზაზეა გადაღებული.

ფოტ ნოქსი

დაცვის მიზნით, ამერიკელებმა ქვეყნის ოქროს მარაგი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე განათავსეს. 1936 წელს, კენტუკის შტატში მდებარე სამხედრო ბაზა ფორტ-ნოქსის ტერიტორიაზე, მთავრობამ ოქროს მარაგის საცავი ააშენა. დღეს აქ ოქროს ზოდებით 4176 ტონა ოქრო ინახება.

საცავის შენობას დაცვის რამდენიმე ზღუდე აქვს. გარე პერიმეტრს ოთხი მეტალის ღობე იცავს (ოთხივეში დენი გადის). მათ შორის არსებულ სივრცეს შეირაღებული ჯარისკაცები აკონტროლებენ. შენობის კედლები უმაღლესი ხარისხის გრანიტისგანაა აგებული. მათი სისქე 120 სანტიმეტრია. შენობის შიგნით ასობით ვიდეოკამერა და დეტექტორია განთავსებული. უშუალოდ საცავს 22 ტონიანი კარები კეტავს. მისი გაღებისთვის სპეციალური კოდია საჭირო, რომელიც თანამშრომლების შორის არის გადანაწილებული. ყველა მათგანმა კოდის მხოლოდ საკუთარი ნაწილი იცის. მთავარი დამცავი ძალა საცავის შენობის გარეთ მდებარეობს - ფორტ ნოქსის სამხედრო ქალაქში 30,000 ჯარისკაცია განლაგებული.

ხორბლის გიგანტური საცავი

მისი მშენებლობა 2008 წელს დასრულდა და რამდენიმე კვირაში საზოგადოებისთვის ის დახურული ობიექტი გახდა. ნორვეგიაში, შპიცბერგენის არქიპელაგზე ჩრდილო პოლუსიდან 1000 კმ-ში აშენებული უნიკალური ნაგებობა, ხორბლის გიგანტური საცავია. მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეგროვებული მარცვეულობა აქ ასობით წლის განმავლობაში იქნება დაცული. კლდეში გამოკვეთილ საცავში, დედამიწაზე გავრცელებულ 100,000,000-მდე მცენარის მარცვლები და თესლები ინახება.

მცენარეული კულტურები აქ -18 გრადუს ცელსიუსის ტემპერატურაზე ინახება. ისინი სპეციალურ ვაკუუმურ კონტეინერებსა და თუნუქის ჰერმეტულ ყუთებშია მოთავსებული. ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში, მუდმივი გამყინვარების წყალობით, საცავში ტემპერატურა -3,5 გრადუს ცელსიუსზე მაღლა არ ავა.

უნიკალური ნაგებობა, რომლის მშენებლობაც 9,6 მილიონი დოლარი დაჯდა, მომავალ თაობებს მარცვლეულ კულტურებს გლობალური კატაკლიზმების შემთხვევაშიც შეუნახავს.

ვატიკანის საიდუმლო არქივი

მსოფლიოს ყველაზე დაცულ ობიექტთა ნუსხაში ვატიკანში მდებარე რომის პაპის საიდუმლო არქივიც შედის. დაწესებულებას 24 სთ-ის განმავლობაში შვეიცარიის გვარდია დარაჯობს. აქ დაცული უძველესი დოკუმენტები VIII საუკუნით თარიღდება. ზოგიერთი შეფასებით, საიდუმლო საცავში არსებულ დოკუმენტთა რაოდენობა 1 მილიონს აღემატება. სტელაჟების საერთო სიგრძე 84 კმ-ს აღწევს.

არქივი 1610 წელს პაპმა პავლე V დააარსა. არქივში შესვლა მხოლოდ პირთა შეზღუდულ რაოდენობას შეუძლია. რომის პაპისა და კათოლოკური ეკლესიის უმაღლესი რანგის წარმომადგენელთა გარდა, არქივში მოხვედრა მხოლოდ ისტორიკოსებს და თეოლოგებს შეუძლიათ. ნებართვის შემთხვევაში, პირებს თან მხოლოდ ქაღალდისა და საწერი კალმის შეტანის უფლება აქვთ. არქივის შიგნით პირს მუდამ შვეიცარიული გვარდიის ორი წარმომადგენელი და მღვდელი დაყვება.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა