The Economist - ქართველმა პოლიტიკოსებმა მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ, რას უჭერენ მხარს და არა ის, რისი წინააღმდეგიც არიან

The Economist  - ქართველმა პოლიტიკოსებმა მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ, რას უჭერენ მხარს და არა ის, რისი წინააღმდეგიც არიან

საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ბრიტანული გამოცემა The Economist -ი სტატიას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ნოემბერი ქართული პოლიტიკისთვის საბედისწერო თვეა. ავტორი იხსენებს, რომ "ვარდების რევოლუცია" სწორედ 2003 წლის ნოემბერში მოხდა, 2007 წლის ნოემბერში კი პოლიციამ სასტიკად დაარბია დემონსტრანტები.

"შვიდი წლის მერე მთავრობაში კვლავ არეულობაა. 4 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გადააყენა. პარტია "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელმა კიდევ ორმა მინისტრმა - საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ და სახელმწიფო მინისტრმა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, ალექსი პეტრიაშვილმა თავად დატოვეს პოსტები პროტესტის ნიშნად. "ქართულ ოცნებაში" ეს პირველი პოლიტიკური კრიზისია, კოალიციის ხელისუფლებაში მოსვლიდან და შესაძლოა, შედეგები ჰქონდეს ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე და ამერიკასთან და ევროპასთან მჭიდრო კავშირების დამყარების ძალისხმევაზე", - ნათქვამია სტატიაში.

ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ირაკლი ალასანია ერთ-ერთი იყო იმ რამდენიმე ქართველ მინისტრს შორის, ვისაც უცხოურ სახელმწიფოებთან ურთიერთობების დამყარების მნიშვნელობა ესმოდა. ავტორისვე თქმით, ალასანიას თანამდებობიდან გადაყენება ახლა, როცა საქართველო ნატო-სთან მჭიდრო თანამშრომლობის მოლაპარაკებებშია, კონტრპროდუქტიულია. ალასანიას შემცვლელი მინდია ჯანელიძე კი უცნობი პოლიტიკური ფიგურაა."კოალიციაში არსებული დაპირისპირება მანამდე გახდა აშკარა. 2013 წლის იანვარში ბატონი ალასანია ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ვიცე-პრემიერის თანამდებობიდან პრეზიდენტობის ამბიციებისთვის გადააყენა. ფართოდ ვრცელდება ვარაუდები იმაზეც, რომ ივანიშვილი კვლავაც აგრძელებს მთავრობისთვის ბიძგის მიცემას", - წერს ავტორი.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში ირაკლი ღარიბაშვილს "პრემიეროვიჩი" დაარქვეს და ის უკვე კარგა ხანია იმყოფება სიტყვიერ დაპირისპირებაში ქვეყნის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან. სტატიის ავტორი ასევე წერს, რომ გაიზარდა დასავლეთის ქვეყნების გაღიზიანება საქართველოს მთავრობის მიმართ ქვეყნის შიგნით არსებული დაპირისპირების გამო. "თუმცა, მთავარი, საქართველოს პრობლემებს შორის რუსეთია. "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოსკოვთან ურთიერთობების გაუმჯობესების იმედით მოვიდა. ამან გარკვეული წარმატება მოიტანა, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ახლა რუსეთი საქართველოს მეოთხე ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია. მაგრამ უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის უკომპრომისო პოზიციასთან ერთად, ხაზი გაუსვა ამგვარი პოლიტიკის ლიმიტს. ოქტომბერში წარმოდგენილი იქნა მოსკოვის მიერ აფხაზეთისთვის შეთავაზებული ხელშეკრულების კანონპროექტი, რომლის თანახმად აფხაზეთი კიდევ უფრო დაუახლოვდება რუსეთს. საქართველოს რეაქცია კი ქაოტური იყო. ყოველთვის აშკარა იყო, რომ "ქართული ოცნება" რაღაც ეტაპზე დაიშლებოდა, მათი გაერთიანების მთავარი რესურსი კი წინა ხელისუფლების "ნაციონალური მოძრაობის" მთავრობის ოპონირება იყო. მაგრამ, დროთა განმავლობაში, ქართველმა პოლიტიკოსებმა უფრო მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ, რას უჭერენ მხარს და არა ის, თუ რისი წინააღმდეგი არიან", - ნათქვამია სტატიაში.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა