ევროპა ცივი ომისთვის ემზადება?

ევროპა ცივი ომისთვის ემზადება?

გასული საუკუნის მეორე ნახევარში, ორ დაპირისპირებულ რეჟიმს შორის საბრძოლო მოქმედებების გაჩაღების შემთხვევაში, ევროპა მასშტაბური ბრძოლის ველად გადაიქცეოდა. წლების განმავლობაში ვაშინგტონი და მოსკოვი ევროპაში დიდი რაოდენობით შეიარაღებას უყრიდა თავს. განსაკუთრებული აქცენტი ტანკებზე კეთდებოდა.

1991 წელს სსრკ-ს დაშლით, ცივი ომი ისტორიის ნაწილი გახდა. თუმცა 23 წლის თავზე დასავლეთ ევროპის ქვეყნების პოლიგონებზე კვლავ სატანკო შენაერთების ძრავების გუგუნი ისმის. უკრაინაში მიმდინარე დაძაბული ვითარების ფონზე, NATO-ს წევრმა ქვეყნებმა სატანკო სწავლებების ჩატარებას მოუხშირეს. ანალიტიკოსთა აზრით, ევროპა ახალი ცივი ომის დაწყების საფრთხის წინაშე დგას.

რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ ღიად გამოხატული აგრესიის ფონზე, ავროპაში NATO-ს სამხედრო დაჯგუფების გაძლიერებაში ამერიკაც ჩაერთო. მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ საკუთარი კონტიგენტის გასაძლიერებლად პენტაგონი ევროპაში M1 Abrams-ის ტიპის 100 ტანკს გადაისვრის.

სამხედრო დაჯგუფების გაძლიერების პარალელურად, მოსკოვის აქტიური ქმედებების შემყურე ევროპულმა სახელმწიფოებმა ინტენსიური წვრთნები და სწავლებები დაიწყეს. მოცემულ შემთხვევაში გამოთქმა "სიფრთხილეს თავი არ სტკივა" სავსებით გამართლებულია. აღშფოთებულ ევროპას საკუთარი სამხედრო შესაძლებლობისა და პოტენციალის დემონსტრირებისთვის მხოლოდ სამხედრო სწავლებების ჩატარებაღა დარჩენია.

პოლონეთის თავდაცვის უწყების პრესსამსახურზე დაყრდნობით, სააგენტო Reuters-მა გაავრცელა ცნობა, რომ ერთობლივი მასშტაბური სწავლებების გამართვისთვის, საფრანგეთი პოლონეთში ჯავშანსატანკო ასეულს გააგზავნის. ინფორმაცია ვარშავაში საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის ჟან-ივა ლე დრიანის ვიზიტის შემდეგ გახდა ცნობილი. ფრანგი მინისტრის თქმით, "საფრანგეთს ევროპაში მშვიდობაზე ზრუნვის მუდმივი სურვილი აქვს და დღეს პოლონეთისთვის შესაბამისი გარანტიების აღდგენა გვსურს".

როგორც იტყვიან, "თუ გინდა მშვიდობა, ემზადე ომისთვის". უახლოეს მომავალში პოლონეთის პოლიგონებზე ფრანგული Leclerc-ის ტიპის ტანკების ეკიპაჟები საკუთარი კვალიფიკაციის ამაღლებას შეუდგებიან.

როგორც ჩანს, უკრაინაში მიმდინარე მოსკოვის აგრესული პოლიტიკა ყველაზე მეტად სწორედ ვარშავას აფიქრებს. მიმდინარე წლის ნოემბრის დასაწყისში პოლონეთმა აღმოსავლეთ საზღვრების გაძლიერება დაიწყო. ბელორუსის და ნაწილობრივ უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში, დამატებითი საჯარისო შენაერთები, მათ შორის ტანკები გადაისროლეს. ამ მიზანს გერმანიაში შეძენილი ტანკებიც ემსახურებიან. საკუთარი სატანკო პარკის მოდერნიზაციისთვის ვარშავამ ბერნილისგან Leopard-2A4 და Leopard-2A5-ის ტიპის 119 ტანკი შეიძინა.

პოლონეთის პოლიგონებზე გამართულ წვრთნებში ბრიტანელებიც მონაწილეობენ. ნოემბრის შუა რიცხვებში სწავლება Black Eagle 2014 დაიწყო. ბრიტანეთის მხრიდან მასში 1,300-ზე მეტი ჯარისკაცი და 100 ერთეულამდე ჯავშანტექნიკა (მათ შორის ტანკები) იღებდა მონაწილეობას. სწავლების მიზანი სხვადასხვა ქვეყნების მექანიზირებული და ქვეითი შენაერთების კოორდინირებული მოქმედების დახვეწა იყო. ასევე განიხილებოდა პირობითი მოწინააღმდეგის სატანკო შენაერთების შეტევის მოგერიების სცენარებიც.

საგულისხმოა, რომ გერმანიამ, რომელიც მოსკოვის აგრესიულ ქმედებებს საჯაროდ თითქმის არ აკრიტიკებს, ჯავშანტრანსპორტიორების დამატებითი რაოდენობის შეძენის გადაწყვეტილება მიიღო. საუბარია Boxer-ის ტიპის 131 ერთეულ ჯავშანტრანსპორტიორზე. ხელშეკრულების განხორციელებისთვის საჭირო ფინანსები (620 მილიონი ევრო), მომავალი 2015 წლის გერმანიის თავდაცვის უწყების ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა