კუბის პრეზიდენტმა აშშ-ის პრეზიდენტს სავაჭრო ემბარგოს გაუქმებისკენ მოუწოდა

კუბის პრეზიდენტმა აშშ-ის პრეზიდენტს სავაჭრო ემბარგოს გაუქმებისკენ მოუწოდა

კუბის პრეზიდენტმა რაულ კასტრომ აშშ-ის პრეზიდენტს სავაჭრო ემბარგოს გაუქმებისკენ მოუწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ "ბიბისი" ავრცელებს. კუბის პრეზიდენტის განცხადებით, 50-წლიანმა ემბარგომ უდიდესი ადამიანური და ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია. როგორც გუშინ მოსახლეობისთვის მიმართვაში კუბის პრეზიდენტმა განაცხადა, თანამედროვე სამყაროში დიალოგი და თანამშრომლობა უკეთესია, ვიდრე კონფრონტაცია.

"მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ არჩევის პირველივე დღიდან არაერთხელ ვიმეორებდი, რომ მზად ვართ, აშშ-ის ხელისუფლებასთან დიალოგისთვის. ეს დიალოგი სუვერენულ თანასწორობასა და ჩვენი ხალხის თვითგამოხატვის ნებაზე უნდა იყოს დაფუძნებული", - განაცხადა კუბის ლიდერმა.

თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტმა ოფიციალურად გაკეთებულ განცხადებაში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გამოყო. მისი განცხადებით, აშშ-ი კუბაში საელჩოს გახსნის, აშშ ასევე მოლაპარაკებებს წარმართავს კუბასთან ისეთი პრობლემატური საკითხების გადაჭრაზე, როგორიც არის მიგრაციის, ნარკოვაჭრობის, გარემოს დაცვისა და ადამიანებით ვაჭრობის შესახებ. ობამას განცხადებით, აშშ-ის მოქალქეებს კუბაში თავისუფლად მოგზაურობა შეეძლებათ, თუმცა ამ აკრძალვის გაუქმება საბოლოოდ კონგრესს შეუძლია; გაფართოვდება ქვეყნებს შორის ვაჭრობა, ამერიკულ ბანკებს კუბაში საკუთარი ოფისების გახსნა შეეძლებათ.

გუშინვე კუბაში გაათავისუფლეს აშშ-ის მოქალაქე ალან გროსი, რომელიც 2009 წლიდან მოყოლებული სასჯელს იხდიდა ჰავანას ციხეში ჯაშუშობის ბრალდებით. საპასუხოდ, ფლორიდაში ასევე გაათავისუფლეს იმავე ბრალდებით დაპატიმრებული სამი კუბელი. აშშ-სა და კუბას შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის შესახებ ოფიციალური განცხადება გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა გააკეთა. ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1961 წლიდან არის შეწყვეტილი.

"ბიბისის" ცნობით, გუშინვე ბარაკ ობამასა და რაულ კასტროს შორის სატელეფონო საუბარი თითქმის ერთ საათს გაგრძელდა, რაც 1959 წლის კუბის რევოლუციის შემდეგ პირველი სატელეფონო საუბარია ორი ქვეყნის პრეზიდენტების დონეზე.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა