(განახლებული) საფრანგეთის პრემიერმინისტრის მანუელ ვალსის განცხადებით, მიმდინარე ეტაპზე "Airbus A320"-ის კატასტროფის შესახებ არც ერთი ვერსიის გამორიცხვა არ შეიძლება. ამის შესახებ "ფრანს-პრესი" იუწყება.
პრემიერმინისტრის განცხადებით, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში გარდაცვლილთა ოჯახების წევრისთვის გახსნილია კრიზისული ცენტრი.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ "Lufthansa"-ს ტექნიკოსებმა ალპებში დღეს ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ტექნიკური შემოწმება კატასტროფამდე ერთი დღით ადრე - 23 მარტს განახორციელეს და ის გამართული იყო. "როიტერის" ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარია კომპანია "Germanwings"-ის განცხადებაში.
ასევე ვრცელდება საფრანგეთის სამოქალაქო ავიაციის მთავარი სამმართველოს განცხადება, რომლის თანახმადაც, კატასტროფამდე ლაინერიდან განგაშის არავითარი სიგნალი არ მიუღიათ. რაც შეეხება თავად კაპიტანს, მას "ჯერმანვინგსა" და "ლუფთჰანზაში" მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება ჰქონდა.
საფრანგეთში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ "ევრონიუსის" ცნობით, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, მანუელ ვალსმა განაცხადა. მისივე თქმით, კატასტროფის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. დაღუპულთა შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვია, ასევე 16 სკოლის მოსწავლე და ორი მასწავლებელი. თვითმფრინავის ბორტზე სულ 150 ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის გერმანელები, ესპანელები და თურქები იყვნენ.
განცხადება, რომ ავიაკატასტროფის შედეგად ვერც ერთი მგზავრი ვერ გადარჩებოდა, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანუსა ოლანდმაც გააკეთა.
"ჩვენ, რა თქმა უნდა, ჯერ არ ვიცით კატასტროფის მიზეზები. ვშიშობთ, რომ 142-დან 150-მდე ადამიანი დაიღუპა", - განაცხადა მანუელ ვალსმა. ავიაკომპანია "ჯერმანვინგის" თვითმფრინავი ცოტა ხნის წინ საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ბარსელონეტთან ჩამოვარდა. იგი რეისს ბარსელონადან გერმანიის ქალაქ დიუსელდორფის მიმართულებით ასრულებდა.