"ჩემი მეუღლე სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია აღარაა ცოცხალი" - ინტერნეტში პუტინის ყოფილი ცოლის სკანდალური ინტერვიუ ვრცელდება

"ჩემი მეუღლე სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია აღარაა ცოცხალი" - ინტერნეტში პუტინის ყოფილი ცოლის სკანდალური ინტერვიუ ვრცელდება

ინტერვიუ ლუდმილა პუტინასთან, სათაურით - "ჩემი მეუღლე სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია აღარაა ცოცხალი", რუსულ ინტერნეტპორტალებზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. სტატია ქართულ ინტერნეტაუდიტორიაშიც გავრცელდა.

რუსული საინფორმაციო პორტალები, რომლებიც აღნიშნულ ინტერვიუს ავრცელებენ, ირწმუნებიან, რომ ლუდმილა პუტინამ ამის შესახებ გერმანულ გამოცემა Die Welt-თან ისაუბრა, თუმცა აღნიშნულ საიტზე ინტერვიუს დედანი არ იძებნება.

"ჩემი მეუღლე სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია აღარაა ცოცხალი. მინდა ეს საჯაროდ განვაცხადო, რადგან ვეღარ ვუყურებ, რაც მისი სახელით ხდება. ისინი საშინელი ადამიანები არიან და არაფრის წინაშე არ დაიხევენ უკან. მეშინია, რომ ახლა მე და ჩემს შვილებსაც მოგვკლავენ ისე, როგორც ის მოკლეს.

ჩვენს ოჯახს იდეალურს ვერ უწოდებდი. როდესაც მე ვთხოვდებოდი, დაზვერვის ოფიცერზე ვიყავი შეყვარებული, მაგრამ რეალობა სულ სხვაგვარი აღმოჩნდა. პუტინი სასტიკი ტირანი გამოდგა. ის არასდროს არ ითვალისწინებდა ჩემს აზრს, ჩემს არსებობასაც კი არ იმჩნევდა.

მე მას, უბრალოდ გამოსაჩენად ვჭირდებოდი, როგორც მისი შვილების დედა. მცემდა, დამცინოდა, მასთან ცხოვრება ჩემთვის წამება იყო. ვცდილობდი მებრძოლა, არაერთხელ მინდოდა განქორწინება. მაგრამ ამ ადამიანისთვის არ არსებობდა არაფერი წმინდა. ჩემს გასაჩუმებლად მან ფსიქიატრიულ კლინიკაში დამაწვინა. იზოლატორში დიდი ხნით ვიყავი ჩაკეტილი. ახალგაზრდა, საკუთარ თავში დარწმუნებული ქალისგან მხოლოდ აჩრდილი დარჩა, ყველაფერზე თანახმა ვიყავი, ოღონდ თავის დაღწევა შემძლებოდა.

მაგრამ ის, რაც მისი სიკვდილის შემდეგ მოხდა, საერთოდ არანაირ ჩარჩოებში არ ჯდება. მას რთული პერიოდი ჰქონდა, მე რა თქმა უნდა, არაფერს მიყვებოდა, უფრო ჩაკეტილი გახდა, სიკვდილამდე ერთი თვით ადრე, ბავშვები სადღაც წაიყვანა, ისე, რომ ჩემთვის არაფერი უკითხავს.

მერე საერთოდ გაქრა, ღამე ჩვენს სახლში ვიღაც ადამიანები მოვიდნენ, ზოგიერთი მათგანი ნანახი მყავდა, სხვებს პირველად ვხედავდი. სახლში ყველაფერი გადაატრიალეს, ყველა ქაღალდი და საბუთი შეამოწმეს. მითხრეს: "თუ სიცოცხლე გინდა - გაჩუმდი".

რამდენიმე დღის შემდეგ, მისი პირველი ორეული გამოჩნდა. როგორც მერე შევიტყვე, პუტინის მკვლელობა დიდი ხნის წინ დაიგეგმა. ის თავიდან მაშინ მოიცილეს, როდესაც დუბლიორი სრულ მზადყოფნაში იყო. ორეულს ჩემთვისაც ეძებდნენ. განქორწინება ჩემთვის გამოსავალი აღმოჩნდა. ახლა მე საზღვარგარეთ ვცხოვრობ, ყველაფერი კარგად მაქვს, მაგრამ გული მტკივა, როცა ვხედავ, რა ხდება რუსეთში.

ხალხო გონს მოეგეთ! მათხოვრებივით ცხოვრობთ, თქვენ გძარცვავენ და გატყუებენ. თუკი გააგრძელებთ იმის იგნორირებას, რაც ირგვლივ ხდება - ვერ იცოცხლებთ", - ნათქვამია ინტერვიუში.