"დაგვიანებული ბავშვი აღმოვჩნდი, დედა 41 წლის იყო, როდესაც გავჩნდი" - პუტინის პირადი ისტორიები "რუსსკი პიონერის" სვეტში

"დაგვიანებული ბავშვი აღმოვჩნდი, დედა 41 წლის იყო, როდესაც გავჩნდი" - პუტინის პირადი ისტორიები "რუსსკი პიონერის" სვეტში

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჟურნალ "რუსსკი პიონერის" სვეტში თავისი მშობლების, ომის, ძმის და იმის შესახებ ყვება, თუ როგორ არ შეეძლოთ მის მშობლებს მტრის სიძულვილი.

"მამას არ უყვარდა ამ თემაზე საუბარი. როდესაც უფროსები ერთმანეთში საუბრობდნენ და რაიმეს იხსენებდნენ, მე უბრალოდ იქ ვიყავი. ომის შესახებ ინფორმაცია ასეთი საუბრების შედეგად გამიჩნდა. თუმცა ზოგჯერ პირდაპირ მეც მომმართავდნენ.

მამაჩემი მეზღვაური იყო. 1939 წელს გაიწვიეს. უკან დაბრუნებული ქარხანაში მუშაობდა და დედასთან პეტროდვორცში ცხოვრობდნენ. ომი რომ დაიწყო, ის სამსახურის გამო დაცული იყო გაწვევისგან. ამიტომ განცხადება გააკეთა პარტიაში გაწევრიანებისთვის და შემდეგ ფრონტზე გაწვევის მოთხოვნით. დივერსიულ ჯგუფში გაგზავნეს. ფრონტზე ვიღაცამ უღალატა მის რაზმს და ერთ-ერთ სოფელში ფაშისტებს შეატყობინა მათი ადგილსამყოფელი. მამაჩემი გადარჩა, რადგან ჭაობში ჩაძვრა და რამდენიმე საათი იქ გაატარა. ეს მისი მონაყოლიდან მახსოვს.

რამდენიმე წლის წინ სამინისტროს არქივიდან გამომიგზავნეს ამ რაზმის საქმე. რაზმის სია, გვარები, სახელები, მამის სახელები, მოკლე დახასიათებები. ყველაფერი ისე იყო, როგორც მამა მიყვებოდა. ამ 28 კაციდან უკან მხოლოდ 4 დაბრუნდა.

მამა მიყვებოდა, როგორ დაჭრეს ფრონტზე. მძიმე ჭრილობა ჰქონდა. მთელი ცხოვრება ფეხში ტყვიის ნამსხვრევებით იცხოვრა. მეორე ჯგუფის ინვალიდი იყო. როგორც ომის ინვალიდს, ბინა გადასცეს. ეს იყო ჩვენი პირველი განცალკევებული სახლი. ეს მოხდა არა ომის დასრულებისთანავე, არამედ იმ დროს, როცა მე უკვე"კაგებეში” ვმუშაობდი.

დედა მიყვებოდა, როგორ აკითხავდა მამას საავადმყოფოში, როდესაც დაჭრილი იყო. მათ პატარა ბავშვი ყავდათ, სამი წლის. მაშინ შიმშილი იყო, ბლოკადა... მამა თავის საავადმყოფოს საჭმელს აძლევდა. ჩუმად, ექიმებისგან ფარულად. დედა მალავდა, ჩუმად გამოჰქონდა საავადმყოფოდან და ბავშვს აჭმევდა. შემდეგ მამას შიმშილისგან გული წაუვიდა, ექიმები მიხვდნენ, რაშიც იყო საქმე და დედას აღარ უშვებდნენ მოსანახულებლად. შემდეგ ბავშვიც წაართვეს. ამას პატარა ბავშვების შიმშილისგან საშველად აკეთებდნენ. ბავშვთა სახლში წაიყვანეს, მშობლებისთვის არც უკითხავთ.

დედა ამბობდა, რომ ბავშვი დიფტერიით გარდაიცვალა და მშობლებს არც უთხრეს, სად დამარხეს. შარშან ჩემთვის უცნობმა ადამიანებმა საკუთარი ინიციატივით გადაქექეს არქივი და აღმოაჩინეს ჩემი ძმის საბუთები. და ის ნამდვილად ჩემი ძმის აღმოჩნდა. საბუთზე მითითებული იყო მისი საფლავის ადგილმდებარეობა.

ყველაფერი, რასაც მშობლები ომზე მიყვებოდნენ, სიმართლე იყო. არაფერი შეუცვლიათ, არცერთი სიტყვა. მამაჩემი 1998 წელს გარდაიცვალა, დედა 1999-ში. მამას დიდი ოჯახი ჰყავდა, ექვსი ძმა, მაგრამ ხუთი გარდაიცვალა. დედასაც გარდაეცვალა ახლობლები. მე კი დაგვიანებული ბავშვი აღმოვჩნდი, დედა 41 წლის იყო, როდესაც გავჩნდი.

არ არსებობს ოჯახი, სადაც არავინ მომკვდარა. რასაკვირველია, ყველა ოჯახშია ტრაგედია და სევდა. მაგრამ ჩემს მშობლებს მტრის მიმართ ზიზღი არ ჰქონიათ. დედა საერთოდ ძალიან ნაზი და კეთილი ადამიანი იყო. ასე მეუბნებოდა:"როგორ უნდა მქონდეს ამ ჯარისკაცების მიმართ სიძულვილი? ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან და ომში იღუპებიან”. ჩვენ საბჭოთა ფილმებზე და წიგნებზე ვიზრდებოდით და გვძულდა მტერი. მას კი ეს განცდა საერთოდ არ ჰქონია. მისი სიტყვები ძალიან კარგად მახსოვს:"ისინიც ჩვენნაირი მშრომელები არიან, უბრალოდ, მათ ფრონტზე უკრეს თავი”.

აი, ეს სიტყვები მასხოვს ბავშვობიდან მოყოლებული”, - წერს ვლადიმერ პუტინი.

წყარო|ruspioner.ru

ქართული თარგმანი| Ambebi.ge

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა