იანოშ ჰერმანი - ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირს ავალდებულებს, საქართველოს დაეხმაროს, მათ შორის ფინანსურადაც

იანოშ ჰერმანი - ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირს ავალდებულებს, საქართველოს დაეხმაროს, მათ შორის ფინანსურადაც

საქართველოში ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის განცხადებით, ასოცირების ხელშეკრულება მხოლოდ საქართველოს ხელშეკრულება არ არის , იგი ევროკავშირს ავალდებულებს, საქართველოს დაეხმაროს, მათ შორის ფინანსურადაც. ამის შესახებ ელჩმა სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" აბრეშუმის გზის მე-10 საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე განაცხადა. იანოშ ჰერმანმა ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისივე თქმით, ასოცირების ხელშეკრულება ქმნის იმ საერთო დღის წესრიგს, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აქვს. ეს დღის წესრიგი არის საქართველოში რეფორმების განხორციელება, რათა ქვეყანა გაჰყვეს ევროპულ ორიენტაციას. ჰერმანმა დასძინა, რომ რა თქმა უნდა, რეფორმების განხორციელებას წლები დასჭირდება.

"ასოცირების ხელშეკრულება მხოლოდ საქართველოს ხელშეკრულება არ არის. იგი ევროკავშირს ავალდებულებს საქართველოს დაეხმაროს, მათ შორის ფინანსურადაც. უნდა მოხდეს რეფორმირება სოციალურ სფეროში, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით და სხვა", - აღნიშნა ჰერმანმა.

ევროკავშირის ელჩის თქმით, საქართველო გრანტების სახით ერთ მილიარდ დოლარს მიიღებს, წელს გრანტების მოცულობა 400 მილიონ ევრომდე გაიზრდება. ელჩმა დასძინა, რომ საქართველოს პროდუქცია უფრო მეტად იქნება წარმოდგენილი ევროკავშირის ბაზარზე. "ამ თვალსაზრისით საქართველოდან ექსპორტი უფრო გაიზარდა და ეს შეგვიძლია განვიხილოთ ასოცირების ხელშეკრულების შედეგად", - აღნიშნა ჰერმანმა.

მისივე განცხადებით, ევროკავშირი მუშაობს, როგორ განხორციელდეს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესი საქართველოში და ეს პროცესი კარგად მიმდინარეობს. როგორც ჰერმანმა განაცხადა, საქართველო ამ თვალსაზრისით ასრულებს თავის მოვალეობებს. ელჩმა აღნიშნა, რომ ხალხს სურს სწრაფად დაინახოს ამ პროცესის სარგებელი.

"ნებისმიერი ახალი გადაწყვეტილებისათვის ევროკავშირს სჭირდება დრო. არსებობს ვიზის ლიბერალიზაციის გეგმა. 28 ქვეყნის ხელმძღვანელობამ უნდა ჰკითხოს თავის ხალხს ვიზის ლიბერალიზაციის შესახებ, უნდა დაარწმუნონ საკუთარი ხალხი ამაში, ამისთვის კი დროა საჭირო", - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა.

კონფერენცია ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა გახსნა. შეხვედრის მონაწილეებს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ილიას ჩილოღლუ მიესალმა. კონფერენცია მიმდინარეობს თემაზე: "ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება, პერსპექტივები და გამოწვევები".

კონფერენციის ორგანოზატორია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, ნატო-სა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი და საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბი. აბრეშუმის გზის მე-10 საერთაშორისო კონფერენცია მიზნად ისახავს პოლიტიკოსების, გადაწყვეტილების მიმღები პირებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებისაგან ფორუმის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ინტენსიურ დიალოგს ევროიტეგრაციის საკითხებზე.

კონფერენცია ორდღიანია და შემდეგ სასესიო სხდომები შავი ზღვის უნივერსიტეტში გაიმართება. კონფერენციაში 10 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს. დღევანდელ კონფერენციაში ასევე მონაწილეობს საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორი მაკა იოსელიანი, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ელენე გოცაძე, ასევე მოწვეული არიან სტუმრები დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, პოლონეთის უნივერსიტეტებიდან.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა