ჯო ბაიდენის ოჯახური ტრაგედია - "ძვლებში ვიგრძენი, რომ რაღაც მოხდა"

ჯო ბაიდენის ოჯახური ტრაგედია - "ძვლებში ვიგრძენი, რომ რაღაც მოხდა"

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ოჯახურ ტრაგედიებს კიდევ ერთი ტრაგედია შეემატა. რამდენიმე დღის წინ, 46 წლის ასაკში ტვინის ავთვისებიანი სიმსივნით ვიცე-პრეზიდენტის შვილი, ბო ბაიდენი გარდაიცვალა. თუმცა, ეს არ იყო პირველი ტრაგედია, რომელიც ბაიდენების ოჯახს ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში დაატყდა თავს.

1972 წელს დეკემბრეში ჯო ბაიდენმა, ერთი თვის შემდეგ, რაც ის სენატში აირჩიეს, ტელეფონით მიიღო შეტყობინება, რომ ავტოავარიის შედეგად მისი მეუღლე ნეილია და 13 თვის ქალიშვილი ნაომი დაიღუპნენ. ისინი საშობაო ნაძვის ხის საყიდლად მიდიოდნენ, როდესაც ტრაგედია დატრიალდა. ავარიის დროს ავტომობილში მისი 4 წლის ვაჟი - ბო და 3 წლის ჰანტერიც ისხდნენ, თუმცა, ისინი გადარჩნენ.

"ტელეფონის რეკვის დროს მივხვდი, ვიგრძენი ძვლებში, რომ რაღაც მოხდა", - ასე გაიხსენა ბაიდენმა რამდენიმე წლის წინ თავისი ოჯახური ტრაგედია.

ახალარჩეულ სენატორ ბაიდენს 1973 წლის დასაწყისში ფიცი უნდა დაედო. თუმცა, იმის გამო, რომ ავარიის შედეგად დაშავებული ორი შვილი საავადმყოფოში ჰყავდა, ბაიდენს ფიცის დადება თავისი შვილების პალატაში მოუწია.

"ფიცი უნდა დამედო ყველასთან ერთად 1973 წელს, თუმცა, ვერ შევძელი წასვლა. ამიტომაც სენატის თავმდჯომარე თავად მოვიდა ჩემთან საავადმყოფოში. ცერემონიალი ჩემი შვილების პალატაში ჩავატრეთ", - აღნიშნა ბაიდენმა.

ჯო ბაიდენმა დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ ცხოვრების დიდი ნაწილი სწორედ შვილებს მიუძღვნა. ბო ბაიდენიც, როდესაც გაიზარდა და დაოჯახდა, მამის მსაგვსად  დიდ დროს უთმობდა ოჯახს - მის მეუღლეს ჰალის და შვილებს ნატალისა და ჰანტერს. 2007 წლიდან ბო ბაიდენს დელავერის შტატის გენერალური პროკურორის პოსტი ეკავა მაშინ, როდესაც მამამისი იგივე შტატს სენატში წარმოადგენდა. ბოლო თვეების განმავლობაში კი ის იურიდიულ ფირმაში "Grant & Eisenhofer" მუშაობდა და 2016 წლის არჩევნებში დელავერის შტატის გუბერნატორის პოსტზე აპირებდა კენჭისყრას.

"რაც ბო ბაიდენმა თავის ცხოვრებაში მიაღწია, არაფრით უამაყია, არაფრით ყოფილა ბედნიერი და არაფრისთვის მიუძღვნია მთელი სიყვარული ისე, როგორც თავის ოჯახს მიუძღვნა",- აღნიშნა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ბო ბაიდენის გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ განცხადებაში.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 1942 წელს პენსილვანიაში დაიბადა. ათი წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი დელავერში გადავიდა საცხოვრებლად. ვიცე-პრეზიდენტის დედა ჟან ბაიდენი წარმოშობით ირლანდიელი იყო. იგი 2010 წლის იანვარში გარდაიცვალა. რაც შეეხება მამას, ჯოზეფ ბაიდენ უფროსს, იგი თავდაპირველად სხვადასხვა ბიზნესით იყო დაკავებული. ჯო ბაიდენ უფროსი 2002 წელს გარდაიცვალა.

ოჯახურმა ტრაგედიებმა ჯო ბაიდენს არა მხოლოდ უდიდესი ტკივილი მიაყენა, არამედ, მისი პოლიტიკური სულისკვეთების ფორმირებაზე მოახდინა გავლენა, - ასე აფასებენ ამერიკულ მედიაში ვიცე-პრეზიდენტის ოჯახური ტრაგედიების შედეგებს.

სომხური მედიის ინფორმაციით მთიან ყარაბაღში ორი ფრანგი ჟურნალისტი დაჭრეს

ცოლობაზე ხუთჯერ ნათქვამი უარი და ჯონ და ჯილ ბაიდენების რომანტიკული სიყვარულის ამბავი - ვინ არის ქალი, რომელიც შესაძლოა, აშშ-ის პირველი ლედი გახდეს

ომი ყარაბაღში და პუტინისა და მაკრონის სატელეფონო საუბარი - რაზე შეთანხმდნენ ლიდერები და რა ხდება ამ დროისთვის კონფლიქტის ზონაში