ეკონომიკური კრიზისი საბერძნეთში: რა ემუქრება ქვეყანას

ეკონომიკური კრიზისი საბერძნეთში: რა ემუქრება ქვეყანას

საბერძნეთში ბანკები მთელი კვირის განმავლობაში დაკეტილი იქნება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობამ "ბიბისის" ცნობით, მას შემდეგ მიიღო, რაც ევროპის ცენტრალურმა ბანკმა უარი თქვა ათენის დაფინანსების გახანგრძლივებაზე. ასევე მთელი კვირის მანძილზე შეზღუდული იქნება "ბანკომატებიდან" თანხის გატანა, მსურველს მაქსიმუმ 60 ევროს გატანის შესაძლებლობა ექნება დღის განმავლობაში.

საბერძნეთის მთავრობამ საერთაშორისო კრედიტორებს ხვალამდე 1.6 მილიარდი ევროს ოდენობის ვალი უნდა გადაუხადოს, სწორედ ხვალ არის ვალის გადახდის საბოლოო ვადა. თუმცა, მოახერხებს თუ არა ათენი ამას, ჯერ უცნობია.

ამ დრომდე ათენმა და საერთაშორისო კრედიტორებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, ალექსის ციპრასი უარს აცხადებს კრედიტორების მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, კერძოდ, გარკვეული რეფორმების გატარებაზე. მან აღნიშულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისთვის 5 ივლისს რეფერენდუმი დანიშნა. თუ საბერძნეთმა უახლოეს რამდენიმე დღეში აღნიშნული პრობლემა ვერ მოაგვარა, მას დეფოლტი ემუქრება, უფრო მეტიც, საუბარია საბერძნეთის ევროზონიდან გასვლაზეც.

საბერძნეთის მთავრობამ ათენში საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ერთი კვირით გადასახადი გააუქმა. "ბიბისის" ცნობით, ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრი ხრისტოს სპირტზისი აცხადებს, რომ მოქალაქეებს ტრამვაით, ავტობუსითა და მეტროთი უფასოდ მგზავრობის შესაძლებლობა მიეცემათ.

საუბარი იყო ელექტროენერგიის გადასახადის დროებით გაუქმებაზეც, თუმცა, აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობას ჯერ არ მიუღია. ტრანსპორტის მინისტრის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადასახადის დროებით გაუქმების გადაწყვეტილება ბანკების დახურვას და "ბანკომატებიდან" თანხის გატანაზე შეზღუდვების დაწესებას უკავშირდება.

ბანკების დახურვა მოსახლეობაში პანიკის გამო მნიშვნელოვანი ზარალის თავიდან აცილების მიზნით გადაწყდა. საბერძნეთის მთავრობა საერთაშორისო კრედიტორებთან შეთანხმების მიღწევას ვერ ახერხებს, რის გამოც, მოსალოდნელია დეფოლტი. მოსახლეობა შიშობს, რომ ისინი ფულის გარეშე დარჩებიან, ამიტომაც ბოლო პერიოდში მოქალაქეების დიდმა ნაწილმა ბანკებიდან დიდი რაოდენობის თანხა გაიტანა.

ევროკომისიის პრეზიდენტი, ჟან-კლოდ იუნკერი აცხადებს, რომ საბერძნეთის მთავრობამ მას უღალატა და მოლაპარაკებების პროცესში ეგოიზმი გამოავლინა. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება.

იუნკერის თქმით, მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ათენთან შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი ყოფილიყო, თუმცა, ბერძნულმა მხარემ წინადადებები არ მიიღო და შეთანხმების პროცესი მიზანმიმართულად გადადო.

ათენი საერთაშორისო კრედიტორებთან შეთანხმების მიღწევას ვერ ახერხებს, მას ფინანსური დახმარების ნაცვლად გარკვეული რეფორმების გატარებას სთხოვენ, რასაც საბერძნეთის მთავრობა არ თანხმდება. თუ ათენი რამდენიმე დღეში ვერ შეძლებს შეთანხმების მიღწევას, მას დეფოლტი ემუქრება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქვეყნის პრემიერმა, ალექსის ციპრასმა საბერძნეთში 5 ივლისს რეფერენდუმი დანიშნა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა