"დარწმუნებული ვიყავი, რომ გაუჭირდებოდა... მან თანამდებობა უნდა დატოვოს" - რა ხდება სააკაშვილსა და კვიტაშვილს შორის

"დარწმუნებული ვიყავი, რომ გაუჭირდებოდა... მან თანამდებობა უნდა დატოვოს" - რა ხდება სააკაშვილსა და კვიტაშვილს შორის

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი გუშინდელ პრესკონფერენციაზე თანამდებობიდან მის შესაძლო გათავისუფლების საკითხს გამოეხმაურა.

"ლიგა.ნეტ"-ის ინფორმაციით, კვიტაშვილმა განაცხადა, რომ თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შემთხვევაში უკრაინაში დარჩენას არ აპირებს. მისვე თქმით, უკრაინის ჯანდაცვის სისტემა ნახევარი წელია რეფორმებს ეწინააღმდეგება.

"უკრაინაში რეფორმების გასატარებლად ჩამოვედი. ჩვენ დღეისთვის მზად ვართ ამის გასაკეთებლად. ყველაფერი მზად გვაქვს. შევცვალეთ შესყიდვების სისტემა. მივდივართ გამჭვირვალე, ნორმალური, ცივილური გზით. მესმის, რომ ბევრი ადამიანი, რომელიც ჯანდაცვის სისტემაში იყო ჩამჯდარი, შემოსავლებს კარგავს. ეს არის უკრაინის პირველი და უკანასკნელი შანსი, განახორციელოს ჯანდაცვის რეფორმა", - განაცხადა კვიტაშვილმა.

"პეტრო პოროშენკოს ბლოკს" უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის, ალექსანდრე კვიტაშვილის გადაყენება სურს. ამის შესახებ "უკრინფორმი" პარტიის წევრ დეპუტატ იგორ კონონეკოზე დაყრდნობით წერს.

ალექსანდრე კვიტაშვილის შესახებ კრიტიკული განცხადება გააკეთა დღეს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილის აზრით, უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა რეფორმირებისთვის საჭირო აქტიური და აგრესიული პოზიცია ვერ გამოავლინა და თანამდებობა უნდა დატოვოს.

სააგენტო "უკრინფორმის" ცნობით, ამის შესახებ სააკაშვილმა დონორების კონფერენციაზე განაცხადა. "ალექსანდრე კვიტაშვილი საქართველოში მუშაობდა სისტემაში, რომელიც ცენტრალიზებული იყო, სადაც იყო სწორი კოორდინაცია და ნათელი პოლიტიკური ნება. თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი, რომ მას გაუჭირდებოდა უკრაინულ სისტემაში ორიენტირება. მან ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტები შეიმუშავა, მაგრამ ისინი ასევე დარჩნენ საბჭოს კომიტეტებში. მე ვერ ვხედავ უახლოეს პერიოდში მათი მიღების შესაძლებლობას", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მაგალითად ოდესაში, მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ჯანდაცვის ძველი სისტემა ინგრევა, თუმცა ახლით მოსახლეობა კმაყოფილი არ არის, ხოლო საავადმყოფოებში მექრთამეობა ყვავის. სააკაშვილის თქმით, ზუსტად ამის შესახებ ჰქონდა საუბარი კვიტაშვილთან ბოლო შეხვედრაზეც.

"მე მისდამი ძალიან კარგი დამოკიდებულება მაქვს და ზუსტად ამის შესახებ ვეუბნებოდი პირადადაც. მოვიდა დრო გულწრფელად ვთქვათ: სისტემა ეწინააღმდეგება გარდაქმნას. საკმარისი არ არის მარტო პატიოსანი ადამიანი იყო, საჭიროა აგრესიულად მოქმედება. რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს ჯანდაცვის ძველი სისტემის გარდატეხა და ახლის შემოღება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

"ძალიან ბევრს ჭამდა" - რას ამბობს ბარაკ ობამა შვილის ბოიფრენდზე, რომელთან ერთადაც აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს კარანტინში ყოფნა მოუწია

"ჯო ბაიდენი - პუტინს: "შენ უსულო ხარ" - 2011 წლის შეხვედრის დეტალები, სადაც ბაიდენმა და პუტინმა საქართველოს და უკრაინის გამო იდავეს და დღევანდელობა

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საჯაროდ გაიკეთეს