ბერძენმა ხალხმა გადაწყვეტილება მიიღო: რეფერენდუმის შედეგები და ფინანსთა მინისტრის გარეშე დარჩენილი ქვეყანა

ბერძენმა ხალხმა გადაწყვეტილება მიიღო: რეფერენდუმის შედეგები და ფინანსთა მინისტრის გარეშე დარჩენილი ქვეყანა

საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, გუშინდელ რეფერენდუმში მონაწილეთა 61,3 პროცენტი წინააღმდეგია, საბერძნეთმა კრედიტორების მოთხოვნა შეასრულოს, 38,7 პროცენტი კი, ამ მოთხოვნების შესრულების მომხრეა.

ამასთან, როგორც უცხური მედია წერს, საბერძენთის შს სამინისტრომ ასეთი მონაცემები ყველა ბიულეტენის დათვლის საფუძველზე გამოაცხადა.

მას შემდეგ, რაც რეფერენდუმის შედეგების შესახებ გახდა ცნობილი, საბერძნეთის ფინანსთა მინისტრმა, იანის ვარუფაკისმა გადადგომის შესახებ განაცხადა. როგორც ბერძენი მაღალჩინოსანი საკუთარ ბლოგზე წერს, რეფერენდუმის შედეგების გამოცხადების შემდეგ მან გაიგო, რომ ევროჯგუფის ლიდერებს მოლაპარაკებებში მისი ჩართვა არ სურთ, რაც მისი თანამდებობიდან წასვლის მიზეზი გახდა.

გუშინ ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად, ბერძენმა ამომრჩეველმა მხარი არ დაუჭირა დახმარების სანაცვლოდ რეფორმების გატარების შესახებ ევროზონის ლიდერების წინადადებას.

როგორც საბერძნეთის მთავრობის წარმომადგენლებმა რეფერენდუმამდე განაცხადეს, ისინი ევროჯგუფის ლიდერებთან მოლაპარაკების განახლებას სწორედ საყოველთაო გამოკითხვის შემდეგ აპირებდნენ. თუმცა, თავად ევროზონის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ არანაირი მოლაპარაკებები არ შედგებოდა იმ შემთხვევაში, თუ რეფერენდუმზე ამომრჩეველი მხარს არ დაუჭერდა მათ შეთავაზებას. ამგვარად ჯერ უცნობია, განახლდება თუ არა მხარეებს შორის მოლაპარაკებები.

შეგახსენებთ, რომ ბერძენ ამომრჩეველს 5 ივლისის რეფერენდუმზე უნდა გადაეწყვიტა, დაუჭერდა თუ არა მხარს ქვეყანაში მკაცრი ეკონომიკური რეფორმების გატარებას, რასაც საერთაშორისო კრედიტორები ფინანსური დახმარების ნაცვლად ითხოვდნენ.

ევროზონის ლიდერების პოზიციაა, ათენმა გადასახადები გაზრდოს და სოციალურ პროგრამებზე სახელმწიფო ხარჯები შეამციროს, რასაც ქვეყნის მთავრობა ეწინააღმდეგება.

ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველი ევროზონის წინადადებას დათანხმდებოდა, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი თანამდებობის დატოვებით იმუქრებოდა. თავის მხრივ, ევროპელი ლიდერები აცხადებდნენ, რომ თუ 5 ივლისის რეფერენდუმზე ბერძენი ამომრჩეველი საერთაშორისო კრედიტორების წინადადებას მხარს არ დაუჭერს, მაშინ საბერძნეთს ევროზონის დატოვება მოუწევს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა