ჯარისკაცი ბავშვები - XXI საუკუნის ტრაგედია

ჯარისკაცი ბავშვები - XXI საუკუნის ტრაგედია

გაეროს ოფიციალური მონაცემებით, რომლებიც ალბათ, შორსაა სრულყოფისგან, ჩვენს პლანეტაზე მიმდინარე სამხედრო კონფლიქტებსა და გაუთავებელ სამოქალაქო ომებში, 400 ათასამდე ბავშვი მონაწილეობს.

ომის მონები - ასე ეძახიან სპეციალისტები ბავშვებს, რომლებსაც უფროსები სამხედრო ფორმის ჩაცმას და ხელში იარაღის აღებას აიძულებენ. ყველაზე ხშირად მსგავსი პრეცენდენტები მესამე მსოფლიოს ქვეყნებშია. პირველობა ამ საქმეში აფრიკას უჭირავს. შეიარაღებული სამხედრო დაპირისპირებები, რომლებსაც შავი კონტინენტის უმეტესი ნაწილი აქვთ მოცული, ახალ ცოცხალ ძალას საჭიროებენ. აფრიკის, ისევე როგორც აზიის ბევრ ქვეყანაში მცირეწლოვანი ბავშვებით ვაჭრობის და ღარიბი სოფლებიდან მოტაცების პრაქტიკა წლებია არსებობს.

მოტაცებულ ან ნაყიდ ბავშვებს სამხედრო ბანაკებში აგზავნიან და უმკაცრეს პირობებში წვრთნიან. ბავშვის ფსიქიკა გაუთავებელი უხეშ მოპყრობას, ყვირილს, ცემას, ვერ უძლებს და მწირეწლოვან ჯარისკაცს სისასტიკის და ადამიანის მოკვლის სურვილი ეუფლება.

აფრიკის მასშტაბით, მცირეწლოვანთა 10-15 % სხვადასხვა პარტიზანულ დაჯგუფებაში თუ სამთავრობო არმიაში მსახურობს. თავად სახელმწიფოები ამას კატეგორიულად ურყოფენ. ჯარისკაცი ბავშვების რიცხოვნობით აფრიკაში კონგო, სომალი, სიერა-ლეონე, ლიბერია ლიდერობენ.

ლიბერიის სამოქალაქო ომში 1 000-მდე ბავშვი მონაწილეობდა. დაახლოებით არასრულწლოვნების ანალოგიური რაოდენობა - სიერა-ლეონეს კონფლიქტში. სომალიში, სამთავრობო ჯარების ლომის წილი 18 წლამდე მოზარდებზე მოდის.

სამხედრო-საბრძოლო მიზნებით მცირეწლოვან ბავშვებს ძველ დროშიც იყენებდნენ. შუა საუკუნეებში, 14-15 წლის ბიჭები რაინდებს იარაღის და აღჭურვილობის ტარებაში ეხმარებოდნენ, ღამით საგუშაგოებზე იდგნენ და იარაღს წმენდნენ. მე-18 და მე-19 საუკუნეებში, პატარა ბიჭები, რომლებსაც „დენთის მაიმუნებს“ ეძახდნენ, სამხედრო გემებზე თოფებს ტენიდნენ.

პირველი მსოფლიო ომისას, ბრიტანელებმა არმიაში 18-19 წლის 250 ათასი მოზარდი ჩარიცხეს. არასრულწლოვნების მასშტაბური გამოყენება მეორე მსოფლიო ომში მოხდა. მცირეწლოვან ჯარისკაც ბიჭებს იაპონელები, ჩინელები, ბრიტანელები, ამერიკელები, რუსები იყენებდნენ. გერმანულ ვერმახტში სს-ის 1-ელ ბატალიონში, პირადი შემადგენლობის 65 % 18 წელზე უმცროსი იყო. სტალინგრადის შემდეგ, გარდაუვალი კატასტროფის თავიდან ასაცილებლად გერმანიის ხელისუფლებამ სახალხო ლაშქარი - ფოლქსშტურმი შექმნა. ჯარში 16-დან 60 წლამდე მოქალაქეებს იწვევდნენ. ახალგაზრდა ნაცისტების უმრავლესობა ბრძოლის ველზე დაეცა. ომის უკანასკნელ წლებში ჰიტლერის ბრძანებით ფრონტზე უკვე ბიჭუნებსაც აგზავნიდნენ. ყოველ მათგანს ჰიტლერიუგენდის სკოლა ჰქონდა გავლილი.

1977 წელს გამოსული ჟენევის კონვენცია, საბრძოლო მოქმედებებში 15 წლამდე მოზარდების მონაწილეობას კატეგორიულად კრძალავს. როგორც წესი, ამ კონვენციას ისევე როგორც 1995 წლის გაეროს რეზოლუციას, სამოქალაქო ომის ქარ-ცეცხლში გახვეულ ქვეყნებში ყურადღებას არ აქცევენ.

2008 წელს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ყველა სამხედრო შენაერთის პირადი შემადგენლობის ნახევარი არასრულწლოვანი იყო. უგანდაში, რადიკალური დაჯგუფება „ღვთის წინააღმდეგობის არმიის“ 70% 16-17 წლამდე ჯარისკაც ბავშვებზე მოდის. ბავშვებს ჩასაფრებებში, დივერსიული ოპერაციებისთვის და დაზვერვისთვის იყენებენ. ისინი ნაკლებ ეჭვს ბადებენ და მცირე სიმაღლის გამო უფრო ადვილად იმალებიან. მოზარდებისგან განსხვავებით, ბავშვების დამორჩილება გაცილებით ადვილია. პროცესის გამარტივებისთვის ხშირად ნარკოტიკებს და ალკოჰოლს მიმართავენ.

საბრძოლო მოქმედებების შემდეგ ჯარისკაც ბავშვებს საზოგადოებაში ადგილის პოვნა ძალიან უჭირთ. უმეტესობა ცხოვრებას ნარკომანიით, ლოთობით, ბანდიტიზმით ან ციხეში ასრულებს.

ნუკრი მგელაძე

AMBEBI.GE

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა