დუბაის პრინცის საიდუმლოებით მოცული სიკვდილი და სკანდალური სიცოცხლე - თვითმხილველები ალაპარაკდნენ

დუბაის პრინცის საიდუმლოებით მოცული სიკვდილი და სკანდალური სიცოცხლე - თვითმხილველები ალაპარაკდნენ

ახლახან მსოფლიო ტრაგიკულმა ამბავმა მოიცვა: დუბაის მმართველის უფროსი ვაჟი, 34 წლის შეიხი რაშიდ იბნ მუჰამედ ალ-მაქთუმი გულის შეტევით გარდაიცვალა. თუმცა, ირანული საინფორმაციო სააგენტო "ფარსი" ინფორმირებული წყაროებისა და თვითმხილველების მონაყოლზე დაყრდნობით ამტკიცებს, შეიხი იემენის ტერიტორიაზე საბრძოლო შეტაკებისას დაიღუპა. სააგენტოს ცნობით, შეიხი რაშიდი და მისი რამდენიმე თანამებრძოლი შიიტური მოძრაობა "ანსარ ალაჰის" მომხრეებმა იემენის პროვინცია მარიბში მოკლეს (კადრები პრინცის დაკრძალვიდან)

იგივეს ამტკიცებენ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე თვითმხილველები. 13 სექტემბერს იემენის სამთავრობო ძალებმა პროვინცია მარიბში ფართომასშტაბური შეტევა დაიწყეს. სამხედრო ოპერაცია არაბული კოალიციის სახმელეთო ქვედანაყოფების მხარდაჭერით განხორციელდა, რომელთა ძალების იემენში აქტიურად გადასროლა ჰოუსიტების მიერ საფერის ავიაბაზის სარაკეტო დაბომბვის შემდეგ დაიწყო. შედეგად ათეულობით უცხოელი ჯარისკაცი დაიღუპა, აქედან ყველაზე დიდი დანაკარგი - 46 ჯარისკაცი გაერთიანებული საემიროებიდან. თავდასხმის შემდეგ საემირომ, საუდის არაბეთმა და ყატარმა იემენში ელიტური ქვედანაყოფების ათასობით მებრძოლი გააგზავნა. მარიბში შეტაკებები დღემდე გრძელდება.

რაშიდი - ამირისა და მთავარი უფროსი ცოლის, ჰინდ ბინტ მაქთუმის უფროსი ვაჟი ტრადიციული ფასეულობებით აღიზარდა.

დუბაიში შეიხ რაშიდის სახელობის ვაჟთა სკოლა დაამთავრა, შემდეგ კი მამამ ბრიტანეთში, სენდჰერსტის სამხედრო აკადემიაში გაამგზავრა სასწავლებლად, სადაც ტრადიციულად არაბი შეიხების შვილები სწავლობენ (სკოლა ყატარის ამჟამინდელმა ამირმა, ბაჰრეინის მეფემ და ბრუნეის და ომანის სულთნებმა დაამთავრეს).

რაშიდ იბნ მუჰამედი მამის მემკვიდრეობისთვის ემზადებოდა: ამირი სახელმწიფო საქმეების კურსში აყენებდა და სხვადასხვა ეკონომიკური პროექტების კონტროლს ანდობდა შვილს. მაგრამ 2008 წლის 1 თებერვალს უეცრად ყველაფერი შეიცვალა: მემკვიდრე პრინცად შეიხ მუჰამედის უმცროსი ვაჟი ჰამდანი გამოაცხადეს. უმცროსმა ძმამ მაქთუმმა დუბაის მმართველის მოადგილის პოსტი მიიღო. რაშიდი კი ტახტის მემკვიდრეობიდან ოფიციალურად მოიკვეთა, მეტიც, მისთვის საამიროს მმართველობაში ადგილიც კი არ მოიძებნა.

თუმცა ამ ნაბიჯს მოულოდნელი პირობითად შეიძლება ეწოდოს. დიპლომატებმა და ექსპერტმა-არაბისტებმა ამირის განკარგულებამდე დიდი ხნით ადრე შენიშნეს, რომ ჰამდანი მამის გვერდით კამერების წინაშე სულ უფრო ხშირად ჩნდებოდა და პრესაშიც ბევრი იწერებოდა მასზე.

თუ რატომ მოხდა ასე, ამას "ვიკილიქსში" დოკუმენტების პუბლიკაციისას აეხადა ფარდა. გამოქვეყნებულ დეპეშებს შორის არსებობს დუბაიში აშშ-ის გენერალური კონსულის დევიდ უილიამსის ტელეგრამა, სადაც ის მემკვიდრეობის ცვლილებებსა და წესებზე იტყობინება. წყაროების მიუთითებლად, უილიამსი წერდა, რომ რაშიდმა ამირის სასახლეში მოკლა ერთ-ერთი მუშაკი, რამაც შეიხის განრისხება გამოიწვია და მემკვიდრეობის ხაზს გადახედა.

მსოფლიო პიარ-კამპანიამ ნაყოფი გამოიღო - ახალი მემკვიდრე პრინცი მალევე გახდა პრესის რჩეული. დაივერი და პარაშუტისტი, შევარდენზე ნადირობის მოყვარული, სნოუბორდისტი და პოეტი, რომელიც ლექსებს ფაზას ფსევდონიმით აქვეყნებს. უბადლო მხედარი, ცხენოსნური ტურნირების არაერთგზის გამარჯვებული, ძვირფასი იახტებისა და ავტომობილების მფლობელი - ამ ფუფუნების დემონტრირებას ჰამდან იბნ მუჰამედი სოციალურ ქსელ "ინსტაგრამში" აქტიურად ახდენს. ჰამდანი ცნობილია როგორც მეცენატი და ფილანტროპი, რომელიც არ იშურებს შემოწირულობებს ავადმყოფი ბავშვებისთვის და შშმ პირებისთვის, აგრეთვე როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სასურველი სასიძო. აღფრთოვანებულმა თაყვანისმცემლებმა მას ალადინი შეარქვეს.

ძმის ფონზე რაშიდი მკრთალად გამოიყურებოდა, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ სხვაობას მათ კაპიტალში - რაშიდის 2 მილიარდ დოლარზე ნაკლები ჰამდანის 18 მილიარდის წინააღმდეგ. არც სოციალურ ქსელებში აქტიურობდა, ძმისგან განსხვავებით, მისი ფოტოები ინტერნეტქსელში იშვიათად ვრცელდება. თუმცა, რაშიდი პრესის უყურადღებობას არ განიცდიდა. 2005 წლიდან 5 წლის განმავლობაში რეგულარულად ხვდებოდა "20 ყველაზე სექსუალურ არაბ მამაკაცთა" სიაში, 2010 წელს ჟურნალმა "ესქუაირმა"  "სამეფო დინასტიების 20 გამორჩეულ წარმომადგენელთა შორის" დაასახელა. ერთი წლის შემდეგ კი ფორბსმა "ყველაზე სასურველ სამეფო პირად" დაასახელა.

ტახტის მემკვიდრის უფლების დაკარგვის შემდეგ რაშიდ იბნ მუჰამედმა სპორტს დაუთმო დიდი დრო. ალ-მაქთუმების მთელი ოჯახი ცხენებისადმი დიდი სიყვარულით გამოირჩევა. მას ეკუთვნოდა ცხენთა რბოლის კორპორაცია Zabeel Racing International და არაერთხელ გამხდარა რბოლათა გამარჯვებული როგორც დუბაიში, ასევე ქვეყნის გარეთ. სულ 428 მედლის მფლობელი გახდა. სპორტული მიღწევების მწვერვალად კი დოჰაში 2006 წელს აზიურ თამაშებზე 2 ოქროს მედალის მოპოვება გახდა. 2008-2010 წლებში კი საამიროს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გახლდათ, თუმცა პოსტი დატოვა, მიზეზად კი დროის უქონლობა დაასახელა.

არაბი შეიხები თავს არიდებენ ოჯახური სკანდალების საჯაროდ გამოტანას, მაგრამ როცა მათი ტრადიციული ღირებულებები ევროპულ რეალობას უპირისპირდება, ხდება ინფორმაციის გაჟონვა. ასე მოხდა რაშიდის შემთხვევაშიც.

2011 წელს ბრიტანულ სასამართლოს ამირის ბრიტანული სასახლის შავკანიანმა თანამშრომელმა ონალტუნჯი ფალეიემ მიმართა. ის ამტკიცებდა, რომ რასობრივი და რელიგიური დისკრიმინაციის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა: შეიხის ოჯახის წევრები მას მიმართავდნენ, როგორც "შავ მონას", და არაერთხელ შეურაცხყვეს მისი რელიგია - ქრისტიანობა (ფალეიე ანგლიკანელია), "სულელურ, მდაბალ და ამაზრზენ" მრწამსად მოიხსენიებდნენ და არწმუნებდნენ მიეღო ისლამი.

საქმის მოსმენისას კიდევ ერთი მოსამსახურე, სახელად ეჯიდ მოჰამედ ალი გამოიძახეს, რომელმაც განაცხადა, რომ შეიხ რაშიდი ნარკომანია და ახლახან გაიარა სარეაბილიტაციო კურსი.

თუმცა მსგავს სკანდალებს დუბაის სამეფო სასახლის რეპუტაციის შელახვა ნაკლებად შეუძლია, რადგან მმართველები მილიონობით დოლარებს არ იშურებენ მედიასაშუალებებსა და სოცქსელებში პიარისთვის. რაშიდის პირად ფეისბუქ-გვერდზე უამრავი გამოხმაურებაა, მათ შორის უღარიბესი ქვეყნების მაცხოვრებლებისგან, რომელთათვის დუბაის ამირის უფროსი ვაჟის სიკვდილი პირადი ტრაგედიის ტოლფასია.

დუდანა ზაქარაია

AMBEBI.GE

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა