პუტინის შურისძიება: მასშტაბური საჰაერო ოპერაცია სირიაზე ბომბდამშენებით, რომლითაც 2008-ში საქართველოსაც ბომბავდნენ

პუტინის შურისძიება: მასშტაბური საჰაერო ოპერაცია სირიაზე ბომბდამშენებით, რომლითაც 2008-ში საქართველოსაც ბომბავდნენ

საგამოძიებო სამსახურმა, მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს სინაის ნახევარკუნძულზე რუსული ავიალაინერის კატასტროფას ოფიციალურად ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.

17 ნოემბერს კრემლში გამართულ თათბირზე პრეზიდენტმა პუტინმა თავდაცვის უწყებასა და გენშტაბს, სირიაში სამხედრო ოპერაციის გააქტიურების გეგმების სასწრაფო შემუშავება დაავალა. პუტინის განმარტებით, მათი მოქალაქეების სიკვდილში დამნაშავე პირების დასჯისთვის, რუსული საბრძოლო ავიაციის მუშაობა უნდა გაძლიერდეს. "შურისძიება გარდაუვალია", - განაცხადა პუტინმა.

შედეგმაც არ დააყოვნა – სირიის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე საჰაერო იერიში რუსეთის სტრატეგიულმა ავიაციამ მიიტანა. აღსანიშნავია, რომ პრედიზენტ ასადის რეჟიმის მხარდასაჭერად მიმდინარე საჰაერო ოპერაციაში, ეს სტრატეგიული ავიაციის გამოყენების პირველი პრეცენდენტია.

მასშტაბურ საჰაერო ოპერაციაში 23 თვითმფრინავი მონაწილეობდა. მათ შორის 12 შორი მოქმედების ბომბდამშენი Ту-22М3 (ამ თვითმფრინავით რუსები 2008 წლის აგვისტოში ჩვენც გვბომბავდნენ. ქართველმა მეზენიტეებმა ერთი მათგანი ჩამოაგდეს), 6 ერთეული ზებგერითი სტრატეგიული Ту-160 და 5 ერთეული სტრატეგიული Ту-95МС.

სირიამდე რუსული ბომბდამშენები სავარაუდოდ, კასპიის ზღვაზე გადაფრენის შემდეგ, ჯერ ირანის, შემდეგ კი ერაყის საჰაერო სივრცეების გავლით ჩაფრინდნენ. დავალების შესრულების შემდეგ, ყველა თვითმფრინავი ბაზირების აეროდრომს დაუბრუნდა. შეიარაღების სახით ბომბები და ფრთოსანი რაკეტები (34 ერთეული) გამოიყენეს. მათ შორის უახლესი X-101-ები, რომლებიც შეიარაღებაში 2013 წელს მიიღეს.

საგულისხმოა, რომ მასშტაბურ ოპერაციაში რუსეთის წყალქვეშა ფლოტიც იყო ჩართული. ხმელთაშუა ზღვიდან წყალქვეშა ნავმა "რასტოვ ნა დონუ", რომელიც ჩვენი ჩრდილო მეზობლის შავი ზღვის ფლოტში ირიცხება, სირიის მიმართულებით 17 ერთეული "კალიბრის" ტიპის ფრთოსანი რაკეტა გაუშვა. არსებული ინფორმაციით, სამი მათგანი მიზნამდე მიფრენამდე ჩამოვარდა.

სტრატეგიული ავიაციის გამოყენება, სირიის საჰაერო ოპერაციაში ერთგვარი ახალი ეტაპია. წმინდა სამხედრო მიზნების გარდა, ამ ნაბიჯს პოლიტიკური მოტივიც აქვს. კრემლს უნდა მსოფლიოს დაანახოს, რომ საკუთარ მოქალაქეებს ნებისმიერ ფასად დაიცავს და უკან არაფერზე დაიხევს. გარკვეულ წილად სტრატეგიული ბომბდამშენების (მათი ბოლოდროინდელი აქტიურობა ამერიკასა და ევროპას მოსვენებას არ აძლევს) და ფრთოსანი რაკეტების გამოყენება ძალის დემონსტრაციის მკაფიო მაგალითია.

2015 წლის 30 სექტემბერს რუსეთის ფედერაციის საბჭოს მიერ მიღებული დადგენილება, რუსეთის პრეზიდენტს ფართო უფლებებს აძლევს. დოკუმენტის თანახმად, რომელიც არანაირ გეოგრაფიულ შეზღუდვებს არ შეიცავს, მთავრობა იტოვებს უფლებას, გამოიყენოს ძალა რუსეთის და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ მოწყობილ ტერორისტულ აქტებთან კავშირში მყოფ პირებთან მიმართებაში.

ტერორისტულ აქტებზე სახელმწიფოები მკაცრი მეთოდებით პასუხობენ. თანამედროვე ისტორიაში ტერაქტზე შურისძიების ყველაზე უნიკალური ოპერაცია ისრაელმა ჩაატარა. 1972 წლის სექტემბერს, პალესტინური დაჯგუფება "შავი სექტემბერის" წევრებმა მიუნხენში ებრაული ოლიმპიური ნაკრები მძევლად აიყვანა. გერმანული სპეცსამსახურების მიერ არასწორად დაგეგმილი გათავისუფლების ოპერაცია დიდი მსხვერპლით დასრულდა. ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა პრემიერ გოლდა მეიერის მეთაურობით, სპეცსამსახურებს "შავი სექტემბრის" ლიდერების მოძიება და ლიკვიდაცია დაავალა.

ოპერაცია სახელწოდებით "ღვთის რისხვა" აბსოლუტურად უკანონოდ მრავალი ქვეყნის ტერიტორიაზე (საფრანგეთი, საბერძნეთი, იტალია, ნორვეგია, ლიბანი, კვიპროსი) მიმდინარეობდა. მაგრამ ამ შემთხვევაში, ისრაელს კანონმდებლობა არ აფიქრებდა. მოსადი საკუთარ მისიას ასრულებდა. 1973 წლის ზაფხულისთვის 17 პიროვნებიდან აგენტებმა 13 მოკლეს. "შავი სექტემბრის" ლიდერი 1979 წელს ბიერუთში დანაღმული ავტომობილის აფეთქებით მოკლეს.

ნუკრი მგელაძე

AMBEBI.GE-ს სამხედრო მიმომხილველი

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა