ვინ და რა მიზნით აფინანსებს სირიელ ამბოხებულებს და "ისლამურ სახელმწიფოს"

ვინ და რა მიზნით აფინანსებს სირიელ ამბოხებულებს და "ისლამურ სახელმწიფოს"

ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფო" თანამედროვე მსოფლიოს უკურნებელ სენად იქცა. ორი წლის წინ ერაყში ისლამისტების წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო მოქმედებების მიუხედავად, ორგანიზაცია აგრძელებს ფუნქციონირებას. იზრდება მისი რიგები და დაკავებული ტერიტორიების ფართობი, გავლენა და ფინანსური მდგომარეობა. მისი შემოსავლის მთავარი წყაროები ნავთობი, ისტორიული არტეფაქტების კონტრაბანდა, რეკეტი და ადგილობრივი მოსახლეობიდან აღებული ხარკია.

1 - გარე მხარდაჭერა

ამჟამად სირიაში სამი ძირითადი დაპირისპირებული მხარეა. პირველი - პრეზიდენტ ასადის სამთავრობო არმიაა, მეორე - მათ წინააღმდეგ ამხედრებული სირიის თავისუფალი არმია, რომელიც 4 წლის განმავლობაში ასადის დამხობას ცდილობს და მესამე - "ისლამური სახელმწიფო". ის ასადს და მის წინააღმდეგ ამბოხებულებს მტრებად მიიჩნევს და ორივეს ებრძვის. სამივე რეჟიმს საკუთარი მოწინააღმდეგეები და მომხრეები ჰყავს. ეს უკანასკნელები კი თავიანთ პროტეჟეებს ღიად თუ ფარულად იარაღით და საბრძოლო მასალებით ამარაგებენ. აშშ, საუდის არაბეთი, საფრანგეთი, თურქეთი ასადის წინააღმდეგ ღიად გამოდიან და ამბოხებულებს დროდადრო სამხედრო-ტექნიკურ დახმარებას უწევენ.

2 - საბრძოლო-ტექნიკური დახმარება

უცნობი სპონსორებისგან სამხედრო დახმარებას ისლამისტებიც ღებულობენ. 2015 წლის ოქტომბერში მათ განკარგულებაში "ტოიოტას" 200 ახალთახალი პიკაპი აღმოჩნდა. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ანტიტერორისტულმა დეპარტამენტმა იაპონულ ავტომწარმოებელს ახსნა-განმარტება მოსთხოვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მანქანები ორი წლით ადრე თავად ამერიკელებმა სირიელი ოპოზიციონერებისთვის შეიძინეს. მაგრამ გაურკვეველ მიზეზთა გამო, ადრესატის ნაცვლად 200 ავტომობილი ისლამისტებმა მიიღეს.

შემოდგომის დასაწისში იყო შემთხვევები, როდესაც თვითმფრინავებიდან ამბოხებულებისთვის პარაშუტებით გადმოგდებული ტყვია-წამალი, მიზანმიმართულად თუ შემთხვევით ისლამისტების ხელში ჩავარდა.

3 - ნავთობით ვაჭრობა

"ისლამური სახელმწიფოს" შემოსავლის მთავარი წყარო "შავი ოქროა". ისლამისტები ერაყში - 6, სირიაში კი 9 ნავთობის მსხვილ საბადოს აკონტროლებენ. Financial Times-ის ცნობით, ნავთობით უკანონო ვაჭრობისგან დაჯგუფების საშუალო დღიური შემოსავალი 1,5 მლნ დოლარია. თვიური შემოსავალი კი ვაშინგტონის ანგარიშით 40-50 მლნ დოლარს აღწევს. ნავთობს ძალზე იაფად - ბარელს 10 დოლარად ყიდიან. აშშ-ის მიერ ავიადარტყმების დაწყებიდან წელიწადზე მეტი გავიდა (რამდენიმე თვის წინ მას რუსეთი შეუერთდა) მაგრამ "ისლამური სახელმწიფოს" ნავთობის გასაღების და შესაბამისად, ფინანსების მიღების მოცულობა არ შემცირებულა. ალბათ ამ გარემოებას დაინტერესებულ პირთა დიდი რაოდენობა განაპირობებს. ენერგორესურსები ძალზე მომგებიანი ბიზნესია. არაოფიციალურად "ისლამური ნავთობის" ყველაზე მსხვილი იმპორტიორი თურქეთია.

4 - ბანკების დაყაჩაღება და ხარკის აღება

დაკავებული ტერიტორიები იჩხრიკება და შემდგომ იძარცვება. განსაკუთრებული ყურადღება ბანკებს ეთმობა. მხოლოდ ერაყში, მოსულას ცენტრალური ბანკის ფილიალიდან, 2014 წლის ზაფხულში ტერორისტებმა 430 მლნ დოლარის ექვივალენტური ერაყული დინარი გაიტაცეს.

მოსახლეობაზე დაწესებული ხარკი შემოსავლის კიდევ ერთი წყაროა. ყველაზე დიდი გადასახადი მოსულაში დარჩენილ ქრისტიანებს დააკისრეს.

5 - ისტორიული არტეფაქტებით ვაჭრობა

ისტორიული ძვირფასეულობების და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურებით, ისლამისტები მათი გაძარცვის კვალის დაფარვას ცდილობენ. ახლოაღმოსავლური ისტორიული არტეფაქტებს მსოფლიო ბაზარზე დიდი ფასი ადევს და ისლამისტებმა ეს კარგად იციან. ევროპში იქიდან კი აშშ-ში, კონტრაბანდა თურქეთის, ლიბანის, საუდის არაბეთის, ყატარის გავლით ხვდება. დიდი მოთხოვნით არქეოლოგიური და ისტორიული მუზეუმებიდან მოპარული ნივთები სარგებლობენ.

6 - მძევლებით ვაჭრობა

ტყვედ აყვანილი ადამიანებით ვაჭრობა "ისლამურ სახელმწიფოში" ჩვეულ ბიზნესად იქცა. გერმანული გამოცემა DieZeit-ის ცნობით, 2014 წელს ტყვეებით ვაჭრობამ ისლამისტებს 25 მლნ დოლარი მოუტანა.

AMBEBI.GE-ს სამხედრო მიმომხილველი: ნუკრი მგელაძე

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა